საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-748-732(კ-12) 14 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. კ-ისა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 29 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ვ. კ-ისა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, არ არსებობდა კასატორისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული განჩინებით კასატორებს ვ. კ-ესა და ზ. კ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... (ყოფილი .../...) ქ. №29) 2012 წლის 6 ნოემბერს ჩაჰბარდა პირადად ვ. კ-ეს, magram zemoaRniSnul ganCinebaSi miTiTebul vadaSi kasatorებs xarvezi ar gamousworebiaთ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2012 წლის 7 ნოემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2012 წლის 11 ნოემბრის ოცდაოთხ საათზე.
საკასაციო სასამართლო კასატორებს ვ. კ-ესა და ზ. კ-ეს განუმარტავს, რომ ვინაიდან, მათ ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2012 წლის 11 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, ხარვეზის გამოსწორების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2012 წლის 12 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის ვ. კ-ისა და ზ. კ-ის მიერ არ არის ხარვეზი შევსებული და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავთ მათ სასამართლოსათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. კ-ისა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ვ. კ-ისა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე