Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-835-819(კ-12) 3 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, მხარეებს განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. @¹32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა).

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. შ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების ასლი მ. შ-ს 2012 წლის 16 ოქტომბერს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ვარკეთილი ..., მე-... მ/რ, კორპ. ..., ბ. 8) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატის (ოჯახის წევრს) დედას _ ტ. შ-ს (ს.ფ. 172). საკასაციო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ მ. შ-მა საკასაციო საჩივარი 2012 წლის 8 ნოემბერს შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2012 წლის 7 ნოემბერს (რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი) ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. შ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რის გამოც მ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. შ-ს 2012 წლის 6 ნოემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. მ. შ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 6 ნოემბრის #401 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე