Facebook Twitter

¹ბს-498-492(კს-12) 24 დეკემბერი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. კ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირების _ ქ. თბილისის საკრებულოს, ა. კ-ის, ძველი თბილისის რაიონის გამგეობისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2008 წლის 30 მაისის ¹¹23 ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების 30-ე საკითხის, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 20 ივნისს გაცემული ¹¹712 საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 10 ივლისის ¹¹882008208109-03 და 2008 წლის 18 ნოემბრის ¹¹882008334960-03 გადაწყვეტილებების და მათ საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერებისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 ნოემბრის ¹¹1022-01-114 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 30 მაისის ¹¹23 ოქმის 30-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება 164 კვ.მ ფართის ნაწილში, რაც სახელმწიფო საკუთრებაშია აღრიცხული და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 30 მაისის ¹23 ოქმის 30-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება 164 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში ძალაში შესვლის დღიდან, მისი თანამდევი შედეგებით, ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 164 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 20 ივნისის ¹¹712 საკუთრების უფლების მოწმობა; ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 10.11.2008 წლის ¹1022-01-114 დადგენილება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.07.2008წ. გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

ა. კ-მა 2012 წლის 12 იანვარს, 15 მარტს და 17 აპრილს განცხადებებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა და ა. კ-ს მის საკუთრებაში არსებული 643 კვ.მ. ფართიდან ჩამოეჭრა 164 კვ.მ. ფართი და გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის საკუთრებად. განმცხადებლის მითითითებით იგი მიმართავდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის მიერ წარდგენილი კორექტირებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე ითხოვდა დარჩენილ 479 კვ.მ. ფართზე ამონაწერის განახლებას. საჯარო რეესტრმა განუმარტა, რომ მისი საკუთრების უფლება გაუქმებული იყო სასამართლოს ¹3ბ/192-10 გადაწყვეტილებით. აღნიშნული ტერიტორია ფაქტობრივად გამიჯნულია, მაგრამ საჯარო რეესტრს სჭირდება განმარტება, რომ 643 კვ.მ ფართიდან 479 კვ.მ. არის ა. კ-ის საკუთრება. განმცხადებელის მითითებით თავდაცვის სამინისტროსთვისაც გასაგებია სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საჯარო რეესტრს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სჭირდება განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. კ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად იგი არ საჭიროებდა დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მასში არ არის დაშვებული რაიმე უზუსტობა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-მა, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის მისი 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის განმარტების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და იძლევა სხვადასხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. კერძოდ, ამ ნაწილში მითითებულია შემდეგი: “ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან (თავდაცვის საინისტროს 164 კვ.მ მეტრი მიწის ფართობის ნაწილში) ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 20 ივნისის ¹712 საკუთრების უფლების მოწმობა; ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 10.11.2008 წლის ¹1022-01-114 დადგენილება, საჯარო რეესტრის ეროვნუ;ო სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹882008208109-03 (10.07.2008) გადაწყვეტილება და მის საფუძველ;ზე განხორციელებული ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ¹882008334960-03 (18.11.2008) გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი”. ზემოაღნიშნული განჩინების ნაწილი კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არის ბუნდოვანი, რითაც ა. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გაუქმდა მთლიანად და არა 164 კვ.მ ფართის ნაწილში. მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმა რეესტრში რეგისტრირებული ა. კ-ის საკუთრების უფლება მთლიანად, მან მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ ფართზე ამონაწერის მომზადება, რაზეც, საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ უნდა წარედგინა ახალი შესწორებული საკუთრების მოწმობა და კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რომელიც უნდა მიეღო ქ. თბილისის საკრებულოდან. ქ. თბილისის საკრებულოდან მისი არა ერთი მიმართვის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღო. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი გახდა იმის საფუძველი, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მისი უფლება გაუქმდა მთლიანად და არა უკანონოდ ცნობილ ნაწილში, რითაც ზიანი მიადგა მის კანონიერ ინტერესებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. კ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ა. კ-ისათვის ქ. თბილისში, ... (ყოფ. ...) ქ. ¹18-ში არსებული 643 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 164 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 20 ივნისის ¹712 საკუთრების უფლების მოწმობა; ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 10.11.2008წ. ¹1022-01-114 დადგენილება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.07.2008წ. გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ა. კ-ის საკუთრებაში დარჩენილ 479 კვ.მ. ფართთან მიმართებაში ბუნდოვანია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მხოლოდ ნაწილობრივ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიკუთვნებულ 164 კვ.მ ფართზე და არ არის მითითება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების იმ ნაწილზე, რომლითაც ა. კ-ის საკუთრებაში დარჩა - 479 კვ.მ მიწის ფართი. აღნიშნული გარემოების აღუნიშნავად სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცემამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ბუნდოვანი გახადა გადაწყვეტილება, რაც დასტურდება ა. კ-ის განცხადებაში მითითებული იმ გარემოებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს 12.03.10წ. ¹3ბ/192-10 გადაწყვეტილების საფუძველზე უარი უთხრა მის საკუთრებაში არსებულ 479 კვ.მ ფართზე ამონაწერის განახლებაზე. სააპელაციო სასამართლომ მისი 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების განმარტებაზე ა. კ-ის განცხადება არ დააკმაყოფილა ისე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ შეაფასა სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამონაწერის განახლებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და სახეზეა აღნიშნული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. კ-ის განცხადებების ხელახლა განხილვისას უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები _ შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, იმსჯელოს ა. კ-ის განცხადებებში მითითებულ გარემოებებზე, მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული შესაბამისობით, სრულყოფილად გაარკვიოს განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოცემულ საქმეზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ა. კ-ის განცხადებები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება და ა. კ-ის განცხადებების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე