1455აპ ქ. თბილისი
27ოქტომბერი,2008წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),
მიხეილ გოგიშვილი, როზა ნადირიანი
სხდომის მდივნის _ გ. შალამბერიძის,
პროკურორ _ ქ. ჩ-ის,
ადვოკატ – რ. ხ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განაჩენზე, რომლითაც დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დ. გ. , _ დაბადებული ქ. თბილისში, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით, 2 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად.
განაჩენის მიხედვით, დ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
დ. გ. წლების მანძილზე მუშაობდა საბჭოთა კავშირის ჯარების ამიერკავკასიის შტაბში ზემდეგად, ხოლო 1992 წლიდან _ ამიერკავკასიის რუსეთის საჯარისო ფორმირებების საჯარისო შტაბში ზემდეგად _ შტაბის უფროსის ადიუტანტად. იქ მუშაობისას მან გაიცნო და დაუახლოვდა იმავე შტაბში მომუშავე პოლკოვნიკ ი. ზ-ს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას ახალი პასპორტისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში, რადგან ი. ზ. იყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელი საქართველოში. 2002 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 07.00 საათზე, დ. გ-მა თავისი კუთვნილი ავტომანქანა „ფიატ-კრომათი», რომელსაც ეკეთა რუსეთის ჯარების ძველი სამხედრო ნომრები .. .. .., მიაკითხა ი. ზ-ს ბინაში, საიდანაც იგი ჯერ მიიყვანა ი. ზ-ის სიდედრის ბინაში, სადაც მას ელოდებოდა მეუღლე ნ. ზ. , ხოლო შემდეგ, დაახლოებით 07.30 საათზე _ დ. გ-ის ავტომანქანით გააგრძელეს გზა. გამომშვიდობებისას ი. ზ-მა მეუღლეს უთხრა, რომ „პრაპორშჩიკი» მას სამსახურში მიიყვანდა. გზაში მათ მანქანაში ჩაუჯდა დაუდგენელი პირი. ავტომანქანაში საუბრისას იმით განაწყენებულმა დ. გ-მ, რომ ი. ზ-მ არ გაუკეთა რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტი, რომლის მეშვეობითაც მას დაენიშნებოდა მაღალი პენსია, ი. ზ-ს დაუწყო კამათი, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ჩხუბისას დ. გ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანება, რის გამოც მან, შურისძიების ნიადაგზე, განიზრახა ი. ზ-ის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დ. გ-მ თავისივე ავტომანქანაში ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით ი. ზ-ს მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დ. გ-მ დაუდგენელ პირთან ერთად ი. ზ-ის გვამი წაიღო საბურთალოზე, ჯიქიას ქუჩის გავლით, სატყეო დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურად გაშენებულ ტყეში, მაღლობზე, უკაცრიელ ადგილზე, სადაც მას გახადეს ტანსაცმელი და დამარხეს.
დ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-მ რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში და მოითხოვა განაჩენის, როგორც აშკარად უკანონოს, გაუქმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის განაჩენით ადვოკატ რ. ხ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, ვინაიდან 2005 წლის 14 ივლისს იწურებოდა დ. გ-ის სასამართლოში პატიმრობის ვადა, მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.
საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ის ადვოკატმა რ. ხ-მ. მან აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმე განხილულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით და ითხოვა გასააცივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილს განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განაჩენი დ. გ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ხ-მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება, რასაც დაეთანხმა დ. გ-ც, ხოლო პროკურორმა და დაზარალებულის წარმომადგენლებმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დ. გ-ის მიმართ, რომლითაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, დარჩა უცვლელად.
დ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის განაჩენის საფუძველზე დაკავების მომენტიდან. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ 2004 წლის 6 ივლისის კანონიერ ძალაში შესული წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი 2 წელი და 6 თვე დ. გ-ს მოხდილი ჰქონდა სრულად და შესაბამისად წინასწარი პატიმრობის დანარჩენი ვადა 5 თვე და 6 დღე მას ჩაეთვალა განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა აღნიშნა, რომ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ნორმები; სსსკ-ის მე-18 მუხილს მოთხოვნები საქმის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ; სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლომ არ აღმოფხვრა მტკიცებულებათა შორის არსებული წინააღმდეგობა; არ დაკითხა პირები, რომელთა ჩვენებასაც მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებულის უდანაშაულობის დასადგენად, განაჩენის დადგენისას ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დ. გ-ის მიმართ მსჯავრდება დანაშაულში, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ძირითადად ემყარება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ნ. ზ-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად 2002 წლის 27 ივლისს იგი იმყოფებოდა დედის ბინაში, სადაც დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე მას მიაკითხა სამსახურში მიმავალმა მეუღლემ და უთხრა, რომ «პროპორშიკი» წაიყვანდა სამსახურში. წასვლისას მან მეუღლეს თვალი გააყოლა და დაინახა მძღოლი. შემდგომში როდესაც ტელევიზორში აჩვენეს ეჭვმიტანილი, მასში ამოიცნო ავტომანქანის საჭესთან მჯდომი მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა დ. გ. ; მოწმეების გ. ა-ისა და ზ. მ-ს ჩვენებებით, რომლის თანახმადაც ისინი 2002 წლის 27 ივლისს იმყოფებოდნენ სასეირნოდ სატყეო დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურად გაშენებულ ტყის მასივში დაახლებით 9 საათიდან 9 საათსა და 30 წუთამდე დროის მონაკვეთში, სადაც შენიშნეს ავტომანქანა რუსული სანომრე ნიშნებით, რომლის გვერდზეც იდო სამხედრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე გაიგეს სიტყვები «მეშოკი, ის მეშოკიო». რამოდენიმე დღეში ტელევიზიიდან შეიტყვეს რუსი ოფიცრის დაკარგვის ამბავი, რის შემდეგაც გაახსენდათ ტყეში ნანახი ფაქტი და რის შესახებაც უამბეს ნაცნობს, რუსეთის სამხედრო შტაბში მომუშავე ლ. ნ-ს; მოწმე ლ. ნ-ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა გ. ა-სა და ზ. მ-ს ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხის გათხრის შედეგად ამოღებული მამაკაცის გვამი აღმოჩნდა ი. ზ-ის; სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დ. გ-ის კუთვნილი ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის მარჯვენა უკანა კუთხეში ამოღებული იქნა ადამიანის სისხლის კვალი რომელიც მიეკუთვნებოდა მეორე ჯგუფს. დადგენილია, რომ გარდაცვლილ ზ-ს ჰქონდა მე-2 ჯგუფის სისხლი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: «სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად».
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოკითხვის ოქმის შესაბამისად, ნ. ხ-მ განმარტა, რომ დამსწრის სახით მონაწილეობდა ადვოკატ რ. ხ-ს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში, რომლის შედეგად გაირკვა, რომ ქ. თბილისში, ქ-ის ქ. ¹67ა-ში მდებარე, ნ. ზ-ს დედის ბინიდან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ავტომანქანამდე, რომელშიც მძღოლის სავარძელზე იჯდა ვ. ბ. , 80 მეტრია. ავტომანქანას მძღოლის მხარეს სანახევროდ ჩაწეული ჰქონდა მინა. ნ. ზ-ს დედის საცხოვრებელი ბინის ფანჯრების ქვეშ დადგა ექსპერიმენტის მონაწილე მ. მ. , რომელმაც განმარტა, რომ ბუნდოვნად ხედავდა ავტომანქანაში მყოფი მძღოლის თავის მხოლოდ ზედა ნაწილს, სხვა ვერაფერი დაინახა. .პალატას მიაჩნია, რომ მთლიანად გაზიარებულიც რომ იქნას დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ნ. ზ-ს მიცემული ჩვენება, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს დ. გ-ის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნული თავისთავად ვერ დაადასტურებს დ. გ-ის მიერ ი. ზ-ის მოკვლის ფაქტს, ამასთან საქმეში არსებობს არაერთი პირის, კერძოდ: ნ. მ-ის, პოლკოვნიკ ს. ზ-ის, პოლკოვნიკ პ. პ-ის, პოლკოვნიკ ე. ბ-ის და სხვათა განმარტებით, ი. ზ. 2002 წლის 27 ივლისს იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის საჯარისო ფორმირებების შტაბში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ: ,,მოწმეების _ გ. ა-ის, ზ. მ-სა და გ. ნ-ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან ისინი აბსოლუტურად დაუინტერესებელი მოწმეები არიან. რაც შეეხება მოწმეების _ ზ-ის, ბ-ის, პ-ის და სხვათა ჩვენებებს, პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები კეთილსინდისიერად ცდებიან". საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეებს – გ. ა-ს და ზ. მ-ს დ. გ. უშუალოდ არ უნახავს შემთხვევის ადგილზე. მოწმეების ჩვენებების თანახმად მათ დაინახეს მხოლოდ ავტომანქანა და გაიგონეს ლაპარაკი. ამდენად, პალატა თვლის, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებას იმისა, რომ ი. ზ. მოკლულია უშუალოდ დ. გ-ის მიერ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2005 წლის 7 აპრილის დასკვნის შესაბამისად, დ. გ-ის სხეულზე არსებული დაზიანებების, მათი ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით, განვითარება საქმის გარემოებებში მითითებულ ვითარებაში, შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ი. ზ-ის სხეულზე არსებული დაზიანებების განვითარება საქმის გარემოებებში მითითებულ ვითარებაში. დ. გ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები, 50-ზე მეტი სისხლნაჟღენთის სახით, მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნით. მათი ხანდაზმულობა 2002 წლის 11 აგვისტოსათვის განისაზღვრება არა უმეტეს 3-4 დღით. ექსპერტმა გ. მ-მ არ უარყო, რომ ი. ზ-ის გვამზე არსებული ზოგიერთი დაზიანება შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ავტომანქანაში. ექსპერტმა ბ. მ-მ ასევე დაადასტურა რომ დ. გ-ს ავტომანქანაში შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები წელს ზევით, მაგრამ ავტომანქანაში ჩხუბისას დაზიანებების მიღება წვივებზე, უკანა მხარეს, იყო შეუძლებელი. სააპელაციო პალატამ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ზ-თან ჩხუბისას დ. გ-მა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე გ. წ-ის განმარტებით, ავტომანქანის სადგომზე მიყვანისას დ. გ. არ იყო ნაცემი და მას რაიმე დაზიანება გ-ის სხეულზე არ შეუმჩნევია. აღნიშნული დაადასტურა მოწმე ჯ. დ-მაც.
ალტერნატიული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით სასამართლოს განაჩენით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებათა განხორციელებას დასჭირდებოდა დაახლოებით ორჯერ მეტი დრო, ანუ დაახლოებით 6 საათი და 26,5 წუთი ვიდრე ეს საქმის მასალებით არის დადგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან უტყუარად არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებანი. პალატის აზრით ეჭვს იწვევს სასამართლოს მიერ სარწმუნოდ მიჩნეული დანაშაულის ჩადენის მოტივიც.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო იმავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად «ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.»
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განაჩენი და დ. გ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
დ. გ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
დ. გ-ს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.