Facebook Twitter

#ბს-639-627(კს-12) 4 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს ,,…“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული

სააგენტო;

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 30 დეკემბერს შპს ,,…“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოითხოვოს და მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება შპს ,,…“ საკუთრებაში ქ. თბილისში, … ქ. 70-ში მდებარე მიწის ნაკვეთის 13 310 კვ.მ. ე.წ. წითელი ხაზების დადგენით რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,…“,რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა სარჩელში მითჲთებულ ორივე მისამართზე: 1. ქ. თბილისი, … ქ. 70 და 2. ქ. თბილისი, … 3, კორპ. 25, ბინა 55. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა შპს ,,…“ დირექტორის გ. ქ-ის მეუღლეს 2012 წლის 28 მაისს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 29 მაისს. შესაბამისად, მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2012 წლის 11 ივნისის ჩათვლით, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2012 წლის 22 ივნისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,…“ წარმომადგენელმა ბ.დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგზავნა საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2012 წლის 8 ივნისს მისამართზე: ქ. თბილისი, … მე-12 კმ. №6, მაგრამ შეცდომით მითითებული მოსამართლის გვარის გამო (კ-ძის ნაცვლად მითითებული იყო ჭ-ძე) გზავნილი უკან დაუბრუნდა 2012 წლის 22 ივნისს, რის შემდეგაც მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა მოხდა გზავნილის დაბრუნებისთანავე 2012 წლის 22 ივნისს. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს ერთვის საფოსტო ქვითრები და საქართველოს ფოსტის 2012 წლის 10 აგვისტოს წერილი №15/6/2-4269.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,…“ წარმომადგენლის – ბ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ასლი შპს ,,…“ დირექტორის მეუღლეს - გ. ქ-ს ჩაბარდა 2012 წლის 28 მაისს (იხ. ს.ფ. 332). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2012 წლის 22 ივნისს (იხ. ს.ფ. 333-352;), რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2012 წლის 11 ივნისს, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,…“ წარმომადგენლის – ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ეწურებოდა 2012 წლის 11 ივნისს. მან სააპელაციო საჩივარი გააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 8 ივნისს გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცვით, მაგრამ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის გვარის შეცდომით მითითების გამო გზავნილი უკან დაუბრუნდა 2012 წლის 22 ივნისს, რის შემდეგაც მოხდა იმავე დღეს სააპელაციო საჩივრის შეტანა სასამართლოში. აღნიშნულის დასადასტურებლადაც, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შპს ,,…“ ქვითრები ¹000010 და 000020, ასევე შპს ,,ს…” წერილი №15/6/2-4269 იმის თაობაზე, რომ გ. ქ-ის სახელზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაბრუნებული გზავნილი №RL0000014385 ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა ბ. დ-ემ 2012 წლის 22 ივნისს (იხ. ს.ფ. 379-სა და ს.ფ. 380-ს შორის ჩაკერებული გადაუნომრავი ქვითრები და ს.ფ. 380-381 ).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს ,,…“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან წარმოდგენილი საფოსტო ქვითრებით და შპს ,,ს…“ წერილით ცალსახად არ დასტურდება, რომ შპს ,,…“ მიერ ნამდვილად სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი ფოსტაში 2012 წლის 8 ივნისს, ვინაიდან შპს ,,ს…” ქვითრები არ შეიცავს არც გამგზავნის მონაცემებს და არც რა ტიპის გზავნილი იქნა გაგზავნილი იმ პირის მიერ. აღნიშნული ვერც საკასაციო სასამართლოს მიერ შპს ,,ს…” თანამშრომლის - მ. ჯ-თან 2012 წლის 3 დეკემბერს შემდგარი საუბრიდან გაირკვა (იხ. ს.ფ. 409).

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ 2012 წლის 8 ივნისს შპს ,,ს…” მეშვეობით შპს ,,…“ მიერ გაიგზავნა სააპელაციო საჩივარი და ასევე გამოკვლეული უნდა იქნას თუ რა საფუძვლით დაუბრუნდა აღნიშნული გზავნილი მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან, როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა შპს ,,…“ მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,…“ წარმომადგენლის ბ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,…“ წარმომადგენლის ბ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე