Facebook Twitter

#ბს-685-671(კს-12) 25 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ კ.შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 27 თებერვალს კ.შ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №1 განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება საკრებულოს ყველა წევრისათვის ამომარჩევლებთან შეხვედრისათვის ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების თაობაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით კ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ.შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ივნისის განჩინებით კ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

2012 წლის 20 ივნისს კ.შ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით კ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ივნისის განჩინების ასლი კ.შ-ეს ჩაბარდა პირადად 2012 წლის 13 ივნისს. მითითებული განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 5 დღე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარე ვალდებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარედგინა სასამართლოში 2012 წლის 18 ივნისის ჩათვლით, რაც მხარის მიერ არ განხორციელებულა. აპელანტის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2012 წლის 19 ივნისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ.შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2012 წლის 18 ივნისს ბანკ ... რიგების გამო 16:25 საათზე. დღის მეორე ნახევარში კი ზესტაფონის საფოსტო განყოფილების მხრიდან მომსახურებაზე ეთქვა უარი, რის შემდეგაც გადაწყვიტა ხელით წაეღო გზავნილი სააპელაციო სასამართლოში და დაეტოვებინა მანდატურის სამსახურისათვის კანცელარიისათვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლოს მანდატურის გზავნილის დატოვებაზე უარის გამო დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რომელმაც ურჩია გზავნილი გაეგზავნა სადღეღამისო ფოსტით, რის შემდეგაც მიაკითხა ქუთაისის ფოსტის ცენტრალურ ოფისს, სადაც განუცხადეს რომ სადღეღამისო მომსახურების სერვისი გაუქმებულია და დახურული იყო 18 ივნისის მომსახურების კომპიუტერული პროგრამა.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ხარვეზის ვადა დაუდგინდა ბაჟის გადასახდელად, (რაც სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში შესრულებული აქვს), და არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარსადგენად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ხარვეზი შევსებულად უნდა ჩაეთვალა და არსებითად განეხილა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ.შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 08.06.2012წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება 13.06.2012წ. ჩაჰბარდა აპელანტს პირადად. ხარვეზის შევსების 5-დღიანი საპროცესო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად 18.06.2012წ. ამოიწურა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში წარადგინა საფოსტო განყოფილების მეშვეობით 19.06.12წ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოს, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მას განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (რაც შესრულებული აქვს ვადაში) და არა აღნიშნული ქვითრის სასამართლოში წარსადგენად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინება შეიცავს მითითებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილელობაზე და ასევე შეიცავს დათქმას გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის ვალდებულებაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მხარეს ხარვეზის განჩინებით სრულყოფილად განემარტა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების შესახებ, აღნიშნული კანონიერად გახდა მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მხარის მიერ ხარვეზის შესავსებად შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზი გახდა დღის მეორე ნახევარში ზესტაფონის საფოსტო განყოფილების მხრიდან უარი მომსახურებაზე და ქუთაისის ცენტრალურ ფოსტაში სადღეღამისო მომსახურების სერვისის გაუქმება, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 ივნისიდან და ამოიწურა 2012 წლის 18 ივნისს. შესაბამისად, 18 ივნისამდე აპელანტს არ მიუმართავს საპროცესო მოქმედების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებებისათვის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც არ იყო დაკავშირებული დროის დიდ მონაკვეთთან და მისი შესრულება შესაძლებელი იყო 2012 წლის 18 ივნისამდე, მით უფრო, რომ კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შეუვსებლობას უკავშირებს დროის ფაქტორს და არა გადახდის შეუძლებლობას ფინანსური მდგომარეობის გამო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი ვერ ასაბუთებს აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ.შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ.შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე