№ბს-706-691(2კს-12) 13 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრების ავტორები _ 1. მ. ზ-ი;
2. რ. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველო
მესამე პირი – ვ. ბ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 11 აპრილს მ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს მიმართ.
M მოსარჩელემ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს 2012 წლის 19 თებერვლის №217598 გაფრთხილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 12 მარტის №182 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ზ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ზ-ი და ვ. ბ-ი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ზ-მა და რ. ზ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებებით აპელანტებს - მ. ზ-ს და რ. ზ-ს დაევალათ განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 150-150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2012 წლის 3 სექტემბერს მ. ზ-მა და რ. ზ-მა განცხადებებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლებმაც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვეს; წინააღმდეგ შემთხვევაში აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოსგან ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი დროის მიცემა ითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრისა და 5 სექტემბრის განჩინებებით მ. ზ-ს და რ. ზ-ს 3 დღით გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული საპროცესო ვადა.
2012 წლის 10 სექტემბერს მ. ზ-მა და რ. ზ-მა კვლავ განცხადებებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვეს და სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს მათ მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის წევრის - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ე. გ-ის შუამდგომლობა წარუდგინეს, რომლითაც დეპუტატმა სასამართლოს წინაშე, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების განთავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა. დეპუტატის განმარტებით, მ. ზ-ი და რ. ზ-ი პენსიონრები, უმუშევრები და ეკონომიურად გაჭირვებულები არიან, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამასთან, აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ბრეთის ტერიტორიული ორგანოს (სადაც მ. ზ-ი და რ. ზ-ი ამჟამად ცხოვრობენ) რწმუნებულის - თ. ა-ის შუამდგომლობა, სადაც რწუმებული აღნიშნავს, რომ მ. ზ-ი და რ. ზ-ი პენსიონრები და ავადმყოფები არიან და განიცდიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, რის გამოც რწმუნებულმა სასამართლოს წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების განთავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა. ასევე, მ. ზ-მა და რ. ზ-მა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები და ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ბრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - თ. ა-ის ცნობები იმის თაობაზე, რომ აპელანტები არიან პენსიონრები და განიცდიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას. ამასთან, მ. ზ-მა სააპელაციო სასამართლოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი წარუდგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებებით სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განუხილველი დარჩა მ. ზ-ისა და რ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ზ-ისა და რ. ზ-ის მიერ არ იქნა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მათ მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებებზე მ. ზ-მა და რ. ზ-მა წარადგინეს კერძო საჩივრები, რომლითაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ სასამართლოს წარუდგინეს მათი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრის - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ე. გ-ის შუამდგომლობა, ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ბრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - თ. ა-ის შუამდგომლობა და ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები და ცნობები იმის თაობაზე, რომ ისინი პენსიონრები და ეკონომიურად გაჭირვებულები არიან; ხოლო მოსამართლემ მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი და უტყუარი და არ ქმნიდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე აპელანტების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებას ითხოვენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ისა და რ. ზ-ის კერძო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ზ-ისა და რ. ზ-ის კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველი დარჩა მ. ზ-ისა და რ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9_მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან; ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვას.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით.
ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარე მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ზ-ი და რ. ზ-ი კერძო საჩივრებით ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებას ითხოვენ და საფუძვლად მიუთითებენ მათ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს მათი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კერძო საჩივრების ავტორების რეალური მდგომარეობის გათვალისწინებას. შესაბამისად, იმის დადგენას, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ანიჭებს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილებას მ. ზ-ი და რ. ზ-ი გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრის - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ე. გ-ის შუამდგომლობაზე, რომლითაც დეპუტატმა სასამართლოს წინაშე, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების განთავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა. დეპუტატის განმარტებით, მ. ზ-ი და რ. ზ-ი პენსიონრები, უმუშევრები და ეკონომიურად გაჭირვებულები არიან, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ (ტ. I; ს.ფ. 27).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ბრეთის ტერიტორიული ორგანოს (სადაც მ. ზ-ი და რ. ზ-ი ამჟამად ცხოვრობენ) რწმუნებულის - თ. ა-ის შუამდგომლობაზე, სადაც რწუმებული აღნიშნავს, რომ მ. ზ-ი და რ. ზ-ი პენსიონრები და ავადმყოფები არიან და განიცდიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, რის გამოც რწმუნებულმა სასამართლოს წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების განთავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა (ტ. I; ს.ფ. 26).
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია სამედიცინო ცნობები მ. ზ-ისა და რ. ზ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ზ-ისა და რ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით დატოვა განუხილველად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი და ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ბრეთის ტერიტორული ორგანოს რწმუნებული მ. ზ-ისა და რ. ზ-ის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ისინი დახმარებას საჭიროებდნენ, სააპელაციო სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია აპელანტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ისე დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივრები, რომ არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე მ. ზ-ისა და რ. ზ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია მ. ზ-ისა და რ. ზ-ის რეალური მდგომარეობა და არ დაუდგენია მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ანიჭებს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილებას მ. ზ-ი და რ. ზ-ი გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. სააპელაციო სასამართლო სადავო საკითხს ფორმალურად მიუდგა და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა წარდგენილი მათ მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ზ-ისა და რ. ზ-ის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და მოცემული საქმე მ. ზ-ისა და რ. ზ-ის სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რ. ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებები და მოცემული საქმე მ. ზ-ისა და რ. ზ-ის სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. მ. ზ-ის მიერ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. რ. ზ-ის მიერ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე