Facebook Twitter

ბს-757-741(კს-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. დ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. დ-მა 2011 წლის 1 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 აგვისტოს განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. დ-ის სარჩელზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების, კონკურსში გამარჯვებულად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2012 წლს 23 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მ. დ-მა შეიტანა განცხადება, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. დ-ის განცხადება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

სააპელაციო პალატამ განმცხადებელს განუმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინების კანონიერება არაერთხელ (კერძო საჩივრისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძველზე) იყო მსჯელობის საგანი, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე აღარ იმსჯელებდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და საქმეზე მიღებული ყველა უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება. განახლდეს საქმის წარმოება და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. დ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩირის ავტორს განუმარტავს, რომ კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხლვის გარეშე (სსსკ-ის 419.2) და ისევე როგორც სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მ. დ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ, ვინაიდან კერძო საჩივარი სასმართლომ არ განიხილა ზეპირი მოსმენით და მხარე არ მიიწვია მის განხილვაში ეს შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე-423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. დ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე