Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-864-846(კს-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.

2010 წლის 17 მარტს ა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. მარნეულში, ... ქ. №1-ში მდებარე 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2011 წლის 1 ივნისს ა. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2011 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე (დასაშვებობის სტადიიდან) განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის და 2012 წლის 3 იანვრის განჩინებები.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-ის განცხადება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინება.

2012 წლის 10 აგვისტოს ა. გ-მა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2012 წლის 22 აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ა. გ-ის განცხადება მიმართვით გადააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განსჯადობის წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ა. გ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1. დაზუსტებული განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მიუთითებდა რომელი სასამართლოს რომელი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ითხოვდა, ასევე, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა როდის გახდა მისთვის ცნობილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების შესახებ, ასევე, მიუთითებდა რა ფარგლებში ითხოვდა იგი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; 2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 50 ლარის ოდენობით.

2012 წლის 17 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ა. გ-მა, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 თებერვლის №ბს 98-98(უს-12) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად ა. გ-მა სააპელაციო სასამართლოს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარუდგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულად მიიჩნია; ა. გ-ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა 5 დღით, რათა დაეზუსტებინა თუ რომელი განჩინების გაუქმებას ითხოვდა იგი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. გ-ის კერძო საჩივარი შეტანილია ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულად მიიჩნია; ა. გ-ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა 5 დღით, რათა დაეზუსტებინა თუ რომელი განჩინების გაუქმებას ითხოვდა იგი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე დაუშვებელია კერძო საჩივრის წარდგენა, ვინაიდან, აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 17 ოქტომბერს ა. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინების შესაბამისად დააზუსტა მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც ა. გ-ის განცხადება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. გ-მა რეალურად გამოასწორა გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი (17.10.2012 წლის განცხადება; ს.ფ. 101).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ა. გ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე