¹№ბს-806-790 (უს-12) 6 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. კ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2012 წლის 14 ივნისს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე: ქ. ქუთაისი, ... მე-2 შესახ. №6, ბინა №56) ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №7087 ბრძანების და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 1 ივნისის №9139 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ი. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანს იმ საფრთხის თავიდან აცილება წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით შეიძლება შექმნილიყო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაედო პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებაზე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ, განიხილავდა სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის მიხედვით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში, ამ ქონების რეალიზაციისათვის საჭირო იყო სასამართლოს წინაშე უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა. შუამდგომლობა განიხილებოდა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ითხოვდა საგადასახადო ორგანო ბრძანების გამოცემას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების მესაკუთრის ინტერესების დაცვა უნდა განხორციელებულიყო სწორედ ამ სასამართლო პროცესზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა საგადასახადო ორგანო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადავო ქონებაზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, ასევე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ამჟამად ქონების იძულებითი რეალიზაციის მიზნით დანიშნული იყო აუქციონი, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო იძულებითი აუქციონის შეჩერება, ხოლო რაც შეეხებოდა ქონების რეალიზაციის შეჩერებას, მესაკუთრეს მისი ინტერესები უნდა დაეცვა სასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და არა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა განიხილებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2012 წლის 21 აგვისტოს ი. კ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, ცალსახად არსებობდა მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის საშიშროება, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით განუხილველი დარჩა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ი. კ-ის განცხადება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის 14 ივნისს ი. კ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ი. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში არის შესული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება იყო მის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადების იდენტური, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი. კ-ემ. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადება იყო საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადების იდენტური, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებითად იყო შეცვლილი საქმის გარემოებები. კერძოდ, 2012 წლის 30 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, ამდენად, ამ ეტაპზე ცალსახად არსებობდა მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის საშიშროება, რაც მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება იყო მის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადების იდენტური, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ინსტიტუტს, რომლის გამოყენებაც სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში იძლევა სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის გარანტიას. სარჩელის უზრუნველყოფა ეს არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 14 ივნისს ი. კ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული. აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ი. კ-ემ კვლავ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი. კ-ის ხსენებული განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს ი. კ-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, იმისათვის, რომ არსებობდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული – სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, სავალდებულოა სახეზე იყოს ორი პირობა – განცხადება წარდგენილი უნდა იყოს დავის იმავე საგანზე და მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს იმავე საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი. კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენის ეტაპზე, არსებითად შეცვლილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2012 წლის 30 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება ი. კ-ის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების (მდებარე: ქ. ქუთაისი, ... მე-2 შესახ. №6, ბინა №56) ღია აუქციონის გზით რეალიზაციის თაობაზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებითად შეიცვალა ფაქტობრივი გარემოება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მოთხოვნის საფუძველი, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. კ-ე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოსგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია დაეხმაროს მოსარჩელეს მისი მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში, რათა მის მიერ საკანონმდებლო ნორმების არ ცოდნამ არ გამოიწვიოს მისთვის უარყოფითი შედეგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და მოცემული საქმე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი. კ-ის განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს და 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებები და მოცემული საქმე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი. კ-ის განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე