Facebook Twitter

საქმე ¹ბს-1226-1212(კ-11) 16 მაისი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.11წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ემ 14.01.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.10.10წ. ¹000176 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 09.12.10წ. ¹4552 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მისი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს იმავე სამართალდარღვევისათვის უკვე დაჯარიმებული ჰყავდა მოქალაქე ლ. კ-ე. აღნიშნული დადგენილება სადავოდ იყო გამხდარი ლ. კ-ის მიერ, რის გამოც შეჩერებული იყო მისი მოქმედება. შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის ორი პიროვნება არ უნდა დაეჯარიმებინა. ამასთან, ქ. თბილისში, ... ქ. ¹35-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო და რეგისტრირებული იყო ლ. კ-ეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.11წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მშენებლობა განხორციელდა მ. კ-ის მიერ. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹35-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს. სასამართლომ განმარტა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევებში და კანონით შეზღუდულ დროში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს სამსახურისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, ის ვალდებული იყო დაეწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნული არ იყო დამოკიდებული ქ. თბილისის მერიის 27.07.10წ. განკარგულების გასაჩივრებასა თუ მისი მოქმედების შეჩერებაზე. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. ¹57 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ მ. კ-ეს არ გააჩნდა სამშენებლო სამუშაოებისათვის შესაბამისი ნებართვა. შესაბამისად, ვინაიდან, მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მიწერილობით განსაზღვრული მოთხოვნები, ზედამხედველობის სამსახური კანონის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო დაეჯარიმებინა სამართალდამრღვევი. ამდენად, სადავო აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.11წ. განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის 09.12.10წ. და 27.07.10წ. განკარგულებებით დადასტურებული იყო, რომ მ. კ-ემ ადმინისტრაციული წარმოებისას აღიარა, რომ სამართალდარღვევა ჩადენილი იყო არა ლ. კ-ის, არამედ მის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები და კანონიერად მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის განცხადებით მშენებლობა განახორციელა აწ გარდაცვლილმა ვ. კ-ემ. მშენებლობის დასრულების დროისათვის მ. კ-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. ქ. თბილისში, ... ქ. ¹35-ში მდებარე უძრავი ქონების წილი მან მემკვიდრეობით მიიღო ბაბუისგან, ხოლო ლ. კ-ემ მემკვიდრეობით მიიღო ვ. კ-ის კუთვნილი წილი, აღნიშნული ქონების 1/3 ნაწილი. შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს ლ. კ-ის მიერ მიღებული სამკვიდროს უფლებრივ პასივს. კასატორის განმარტებით მას არ უღიარებია მის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი. მშენებლობა ნაწარმოები იყო ვ. კ-ის მიერ და მან მხოლოდ მცირე მოპირკეთებითი სახის სამუშაოები ჩაატარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. კ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 11.08.10წ. შედგენილ იქნა მითითება ¹000176, რომლითაც მ. კ-ეს მიეცა წინადადება 10 დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით მოეხდინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ განეხორციელებინა ობიექტის დემონტაჟი. ასევე დადგენილია, რომ 07.09.10წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა მითითების შესრულების შემოწმება, რა დროსაც გაირკვა, რომ მ. კ-ის მიერ არ შესრულდა 11.08.10წ. მითითების მოთხოვნები, რაზედაც შედგა შემოწმების აქტი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20.10.10წ. გამოიცა დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის მ. კ-ის დაჯარიმებისა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹35-ში უნებართვოდ აშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. კ-ე არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით – ქ. თბილისის მერიის 27.07.10წ. ¹3381 (ტ. I, ს.ფ. 140-143) და 09.12.10წ. ¹4554 (ტ. I, ს.ფ. 15-16) განკარგულებებით დასტურდება, რომ კასატორმა ადმინისტრაციული წარმოებისას აღიარა, რომ სამართალდარღვევა ჩადენილი იყო არა ლ. კ-ის, არამედ მის მიერ. ამასთან, საჯარო რეესტრის 29.12.10წ. ამონაწერით დასტურდება, რომ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ქ. თბილისში, ... ¹35-ის 1/3 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს მ. კ-ე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებების არარსებობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს.

ადგილი არ აქვს ერთი და იგივე სამართალდარღვევისთვის ორჯერ დაჯარიმების შემთხვევას, ზედამხედველობის სამსახურის 20.10.10წ. ¹000176 დადგენილება, რომლითაც დაჯარიმდა ლ. კ-ე, მისი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის 27.07.10წ. ¹3381 განკარგულებით გაუქმდა და ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას ლ. კ-ის დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაუქმებული იყო, ხელახალი წარმოების ჩატარების დავალების ნაწილში მერიის ¹3381 აქტის შემდგომი გასაჩივრება სასამართლოში არ აჩერებს ახალი წარმოების ჩატარების შედეგად მ. კ-ის მიმართ გამოყენებული სანქციის არამართლზომიერებას, ვინაიდან მერიის 27.07.10წ. ¹3381 განკარგულებით დადგენილი შედეგი არ შეცვლილა, ახალი წარმოების შედეგად მიღებული აქტით პასუხისმგებლობა დაეკისრა არა ლ. კ-ეს, არამედ სხვა პირს – მ. კ-ეს, რომელმაც აღიარა უნებართვო მშენებლობის წარმოება. ამასთანავე მერიის 27.07.10წ. ¹3381 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელის დაუშვებლობის გამო. შესაბამისად არ დასტურდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში წარმოების უკანონობა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. მ. კ-ეს არ გააჩნდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ნებართვა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მიწერილობით განსაზღვრული მოთხოვნები, ამდენად არსებობდა სამართალდამრღვევის დაჯარიმების საფუძველი.

ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც მ. კ-ე უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შემდგომი რედაქციის 221 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას ქ. თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობისა ან/და რეკონსტრუქციისათვის 8000 ლარის ოდენობით. ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20.10.10წ. დადგენილებით შეფარდებული სანქცია – 10 000 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 8000 ლარით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.11წ. განჩინება მ. კ-ისთვის დაკისრებული საჯარიმო თანხის 10000 ლარის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.10.10წ. ¹000176 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10000 ლარი შემცირდეს 8000 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი;

4.მ. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე