Facebook Twitter

¹ბს-1662-1634(კ-11) 27 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვ. კ-ი

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე: ვ. კ-ი

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.

სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 8000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 2400 ლარისა და ზიანის სახით _ 14505.3 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2006 წლის 1 ივლისს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ივნისის ¹2546 ბრძანებით მოპასუხე ვ. კ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2008 წლის 23 ივნისიდან.

კონტრაქტის საფუძველზე ფაქტობრივად ნამსახურევი ვადა შეადგენს 1 წელს, 11 თვესა და 23 დღეს, დარჩენილი 2 წელს და 9 დღე რის გამოც მოპასუხეზე ვრცელდება კონტრაქტის 7.3 ,,ა” ქვეპუნქტი და 7.4 პუნქტი.

კონტრაქტის 8.2, 8.3 პუნქტების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, მომზადების რა დონისთვისაც მას ჰქონდა მიღწეული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას.

სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, 251-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 394.1, 407, 417-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 1-9).

მოპასუხის შესაგებელი: მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. საქმეში წარმოდგენილია განცხადება რომლის მიხედვით მოპასუხე ითხოვს ადმინისტრაციული სარჩელის განხილვას მისი დასწრების გარეშე. (იხ. ს.ფ. 70).

საქმის გარემოებები: 2006 წლის 1 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. კ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვ. კ-ი 2008 წლის 5 დეკემბერს გასამართლებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის I პუნქტის საფუძველზე ვ. კ-ს გაუნახევრდა სასჯელი და მოსახდელი დარჩა 2 წელი და 6 თვე.

სამხედრო ნაწილის მუდვივმოქმედი სამანდატო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ვ. კ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის ¹2546 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით - 8000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 2400 ლარისა და ზიანის - 719.55 ლარის ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:

ვ. კ-ი ხელფასის სახით თვეში ღებულობდა 447 ლარს, დათხოვნის მომენტისათვის მოსარჩელე ხელფასის სახით ღებულობდა 1068.70.

ვ. კ-ის სწავლებაზე დახარჯული თანხა შეადგენს 719.55 ლარს.

ვ. კ-მა ფაქტობრივად იმსახურა 1 წელი, 11 თვე და 23 დღე. კონტრაქტის მიხედვით სამსახურის დარჩენილი ვადაა 2 წელი და 9 დღე.

სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადაო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება.

მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს შეფასებით,

კონტრაჰენტის მხრიდან მოხდა კონტრაქტის პირობების დარღვევა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

სასამართლომ იხელმძრვანელა საქართველოს კანონით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხე მხარეზე ჯარიმის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტისა და 7.4 მუხლიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში ჯარიმა წარმოადგენს ამ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას.

ხელშეკრულების დადების მომენტიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი იღებდა ამ შესრულებას და საპასუხოდ გასცემდა შრომის ანაზღაურებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეები არ შეთანხმებულან გადახდილი ხელფასის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურების, ანუ ხელფასის უკან დაბრუნების ვალდებულებაზე, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რაც არ ყოფილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. სარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელფასის უკან დაბრუნება სწორედ იმ მოტივით, რომ ხელფასი არ წარმოადგენს არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეულ ზიანს და არც სამხედრო მოსამსახურის სწავლაზე გაწეულ ხარჯს.

სასამართლომ ჩათვალა რომ მხარე ითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ უკვე გადახდილი ხელფასის თანხის უკან დაბრუნებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივად 719.55 ლარის ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი, საქმეში წარმოდგენილი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯული თანხების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სწავლებაზე დახარჯა – 719,55 ლარი, შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მხოლოდ ამ ნაწილშია საფუძვლიანი (იხ. ს.ფ. 80-90).

აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე: ვ. კ-ი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის სახით - 13785,78 ლარის (მათ შორის კვებაზე დახარჯული 38,94 ლარის) ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში მოყვანილი გარემოებები. თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა 8.2, 8.3 მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის.

სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი.

სამართლებრივი : კანონისმიერი მტკიცებულებები თავისი შინაარსით უტოლდებიან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ხოლო თვით სამინისტრო განთავისუფლებულია ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულ იყო გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი. (იხ. ს.ფ. 98-108)

მოწინააღმდეგის შეპასუხება:

მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებები და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. (იხ. ს.ფ. 131-137).

კასატორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე: ვ. კ-ი

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის თანხიდან მოპასუხისათვის კვებაზე დახარჯული თანხის – 38,94 ლარის დაკისრებაზე უარის Yთქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური:

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო უთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის პირობების დარღვევიდან წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობასაც იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ხელშეკრულების 8.3 პუნქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისგან არ ითხოვს მასზე გადახდილ ხელფასს, არამედ ეს თანხა არის მოპასუხეზე კვების სახით დახარჯული თანხა, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებით – საფინანსო ცნობით (იხ. ს.ფ. 147-153).

მოწინააღმდეგის შეპასუხება: მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (დივენგერტული კასაცია).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის კვების კომპენსაციის 38,94 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხე ვ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის სახით 38,94 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ივნისის ¹2546 ბრძანებით ვ. კ-ი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ, მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად, მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (38,94 ლარი), საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხიდან 38,94 ლარი წარმოადგენდა კვებაზე დახარჯულ თანხას (იხ. ს.ფ. 15). შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის სახით _ 38,94 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის სახით _ 38,94 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/