Facebook Twitter

საქმე ¹ბს-1672-1644(2კ-11) 7 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. კ-ისა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. დ-ის სარჩელისა გამო ქ. ქუთაისის მერიისა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მესამე პირის – რ. კ-ის მონაწილეობით).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 9 სექტემბერს ლ. დ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ქ. ქუთაისის მერიის, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის – რ. კ-ის მონაწილეობით და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის დავალდებულება სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილი წესით აღსრულების შესახებ (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-12).

სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 33-39).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ლ. დ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261.3 მუხლის შესაბამისად, დარჩა განუხილველად (იხ. ტ.1; ს.ფ. 48-49).

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. დ-ემ (იხ. ტ.1; ს.ფ. 53-54).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ლ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.1; ს.ფ. 68-71).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 110-111).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 115-123).

ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ რ. კ-მა (იხ. ტ.1; ს.ფ. 137-143).

სააპელაციო საჩივარი ასევე არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ქ. ქუთაისის მერიამ და მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 149-156).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. დ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება მხარეთა მორიგების გამო წარმოების შეწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ და განახლდა სააღსრულებო წარმოება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. ტ.1; ს.ფ. 186-192).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და რ. კ-მა.

ქ. ქუთაისის მერიამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 199-206).

რ. კ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ტ.1; ს.ფ. 208-214).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.1; ს.ფ. 311-322).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მერიას დაევალა იმერეთის სააღსრულებო ბიუროში დააბრუნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე 3/ბ-91) 2006 წლის 14 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება დადგენილი წესით (იხ. ტ.2; ს.ფ. 63-69).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და რ. კ-მა.

ქ. ქუთაისის მერია საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (იხ. ტ.2; ს.ფ. 76-83)

მეორე კასატორი რ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (იხ. ტ.2; ს.ფ. 85-92).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის, ხოლო 26 დეკემბრის განჩინებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2; ს.ფ. 96-97; 126-127).

რ. კ-ის წარმომადგენელმა მოსაზრებით მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 124)

ლ. დ-ის წარმომადგენელმა მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა რ. კ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 131-133).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორება ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ რ. კ-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ბ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;

2. კასატორს _ რ. კ-ის დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ბ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე