Facebook Twitter

¹ბს-1756-1724(კ-11) 27 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ რ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ჯ. მ-ი

მოპასუხე: რ. ა-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.

სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 27774.03 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 8332.21 ლარისა და ზიანის სახით _ 6629.87 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოპასუხე 2006 წლის 31 აგვისტოს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მოდავე მხარეებს შორის 2006 წლის 25 ნოემბერს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მოპასუხე რ. ა-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

კონტრაქტის 8.2, 8.3 პუნქტების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, მომზადების რა დონისთვისაც მას ჰქონდა მიღწეული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას.

სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, 251-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 394.1, 407-ე 417-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 1-10).

მოპასუხის შესაგებელი :

ფაქტობრივი: მოპასუხე რ. ა-ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: მოპასუხის მითითებით, მას კონტრაქტი არ დაურღვევია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ რ. ა-ემ განცხადებით მიმართა კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე.

მოპასუხის მოსაზრებით გაუგებარია ჯარიმის გამოთვლის წესი, ვინაიდან, მოსარჩელე უთითებს კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო ჯარიმის თანხას ითხოვს ყველა ქვეპუნქტიდან გამომდინარე. აგრეთვე, აღნიშნული თანხა წარმოადგენს ხელფასად გაცემულ თანხას. (იხ. ს.ფ. 36-44)

საქმის გარემოებები:

მოპასუხე 2006 წლის 31 აგვისტოს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

მოდავე მხარეებს შორის 2006 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის ბრძანებით, რ. ა-ე დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2008 წლის 4 მაისიდან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე რ. ა-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით _ 27774.03 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 8332.21 ლარისა და ზიანის სახით კვებაზე დახარჯული თანხის _ 1090.77 ლარის ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მხარეები ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობებზე, ასევე გაითვალისწინეს ხელშეკრულების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციები.

სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობას.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება.

მოპასუხემ სადავო გახადა ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი.

მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს შეფასებით, კონტრაჰენტის მხრიდან მოხდა კონტრაქტის პირობების დარღვევა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპქროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” და ,,ზ” ქვეპუნქტით, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 65-ე მუხლით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და 12-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე მუხლის I ნაწილით, 417-ე მუხლებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I პუნქტით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი მიყენებული ზიანი წარმოადგენს რ. ა-ის მოქმედების უშუალო შედეგს, რაც მისთვის წინასწარ იყო სავარაუდო, კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, არამედ შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაკისრებას, რაც შეადგენს ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-ს, რის გამოც არსებობს მასზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – შესაბამისად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება ზიანის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხისაგან ხელფასის ანაზღაურებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა (იხ. ს.ფ. 61-66).

აპელანტი: რ. ა-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ჯ. მ-ი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი :

აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ რ. ა-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან ბრძანებით, რომელიც გამოიცა მას შემდეგ რაც რ. ა-ე ფაქტობრივად გაუშვეს სამსახურიდან.

გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას, ვინაიდან მითითებული 6629.87 ლარი არ წარმოადგენს კვებაზე და სწავლებაზე დახარჯულ თანხას, მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნული თანხა წარმოადგენს ზიანის საკომპენსაციო თანხას.

აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია ჯარიმის თანხის გამოთვლის წესი, თუ საიდან არის გამოანგარიშებული და რომელი შეთანხმებიდან გამომდინარეობს იგი, როცა თავადვე უთითებს კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო ჯარიმის თანხას ითხოვს ყველა ქვეპუნქტიდან გამომდინარე.

სამართლებრივი :

რ. ა-ეს სამწლიანი სავალდებულო სამხედრო ვადა უმთავრდებოდა 2007 წლის 31 აგვისტოს, ხოლო იგი დაითხოვეს 2008 წლის 4 მაისიდან, ანუ ერთწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლიდან 8 თვისა და 4 დღის შემდეგ, შესაბამისად უდავოა ამ შემთხვევაში კონტრაქტის 7.3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოქმედება.

თუ ვიანგარიშებთ საკონტრაქტო სარგოს მიხედვით 7000 ლარი არის თანხა, რომელიც შეიძლება საშუალოდ დაკისრებოდა სამხედრო მოსამსახურეს წელიწადნახევრამდე პერიოდში და არა იმაზე მეტი, ვიდრე სასამართლოს მიერ იქნა დაკისრებული. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ შეაფასა აღნიშნული საკითხებზე (იხ. ს.ფ. 69-77; 113-123).

აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ჯ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე: რ. ა-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში მოყვანილი გარემოებები. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის.

სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი.

სამართლებრივი :

კანონისმიერი მტკიცებულებები თავისი შინაარსით უტოლდებიან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ხოლო თვით სამინისტრო განთავისუფლებულია ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 80-90).

მოწინააღმდეგის შეპასუხება:

მოწინააღმდეგე მხარემ შეპასუხებით სააპელაციო საჩივარი არ ცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები და მიიჩნია, რომ არ არსებობს მოცემული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. დამატებითი მოტივაცია სასამართლოს არ წარმოუდგენია. (იხ. ს.ფ. 143-148)

კასატორი: რ. ა-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

მატერიალური:

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის პოზიციაზე, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. გაუგებარია ჯარიმის თანხის გამოთვლის წესი, თუ საიდან არის გამოანგარიშებული და რომელი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, როცა თავადვე უთითებს კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო ჯარიმის თანხას ითხოვს ყველა ქვეპუნქტიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოცემულ პოზიციასთან დაკავშირებით და სამართლებრივი შეფასება არ მიუცია გარემოებებისათვის.

კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აპელანტის ნაცვლად გადაწყვეტილების 4.7 მუხლსა და შემაჯამებელ სასამართლო დასკვნაში სრულიად გაუგებარი პირის სახელი და გვარია მითითებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქმეში არსებული მასალები არ იქნა გულდასმით გამოკვლეული. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და ის ფაქტი, რომ აპელანტს ერთ-ერთ სახდელად კვებაზე დახარჯული თანხაც დაეკისრა სასამართლომ ასევე არ შეაფასა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მოითოხვა რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის რ. ა-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394-ე “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.

საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ¹ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის განჩინებით ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით მინიჭებული კომპეტენციის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ:

სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.“

სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უკრიტიკოდ გაიზიარა და არც დაასაბუთა მათი უტყუარობა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საქმე არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რაც არ იძლევა სამართლებრივი შეფასებების გაკეთებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის იმ ძირითად სამართლებრივ საფუძველზე, რომელზედაც უთითებდა აპელანტი. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა რ. ა-ისათვის ჯარიმის ოდენობის დაკისრების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 25 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ა-ეს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ.12-17, 18).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის ¹2858 ბრძანების საფუძველზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 4 მაისიდან რ. ა-ე დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 19).

2006 წლის 25 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ა-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე” მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით შეწყვეტს კონტრაქტს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი, ,,სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს: ა) ხელშეკრულების 3.2 მუხლში მითითებული ვადის დასრულებიდან ვადიანი სამხედრო სამსახურის ამ სამხედრო პირისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით მისთვის გადახდილი თანხები და მის სწავლებაზე გაწეული ხარჯი 5000 ლარის ოდენობით; ბ) ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვიდან წელიწადნახევრამდე პერიოდის განმავლობაში კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მისთვის კონტრაქტის მე-4 მუხლით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე გადახდილი თანხები და მომდევნო ვადის სრული ხელფასის სახით, საშუალოდ 7000 ლარის ოდენობით. ხოლო ხელშეკრულების 7.4 პუნქტით აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 12-17). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ როგორ უნდა გამოანგარიშებულიყო რ. ა-ეზე დასაკისრებელი ჯარიმის თანხა და ჯარიმის თანხაში უნდა შესულიყო თუ არა რ. ა-ისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხაც.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამრთლოებმა ისე დააკისრეს რ. ა-ეს კვების კომპენსაციის 1090,77 ლარის ანაზღაურება, რომ არ გამოუკვლევიათ სარჩელში მითითებული კვების თანხა დახარჯული იყო თუ არა რ. ა-ეზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის 2008 წლის 5 მაისის ¹565 ცნობით დასტურდება, რომ ... ქვეითი ბრიგადის მე-... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (ს/ნ ...) სამხედრო კაპრალ - რ. ა-ეს შრომის ანაზღაურებით ხელფასის სახით 2006 წლის 25 ნოემბრიდან 2008 წლის 3 მაისის ჩათვლით მიღებული აქვს 5539 ლარი, აღნიშნულ ცნობაში კვების კომპენსაციის თანხის თაობაზე მითითებული არ არის (იხ. ს.ფ. 29), რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას, სადაც კვებაზე გაწეული თანხის სახით მითითებულია – 1090,77 ლარი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ გაანგარიშებაზე მითითებულია ვინმე ვ. ზ-ი (იხ. ს.ფ. 29). საქმეში კი, სხვა სახის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურზე, კვების სახით გადახდილი თანხა შეადგენს – 1090,77 ლარს არ მოიპოვება, ამასთან, საქმეში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 25 მარტის წერილში აღნიშნულია, რომ მოსამსახურის ხელფასი არ ითვალისწინებს სხვა სახის დანამატებს, ასევე არ აქვთ ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ კვებაზე გაწეული თანხის ოდენობაზეც, ხოლო რაც შეეხება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხას, დათხოვნის შესაბამის პერიოდში შეადგენდა 59 ლარს, იმ შემთხვევაში თუ არ იმყოფებოდა საქვაბე კმაყოფაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ თავად გამოიკვლიოს ჯარიმის თანხის ოდენობა, კერძოდ ის თუ რ. ა-ეს უნდა დეკისროს მხოლოდ 2006 წლის 25 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. ა-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 ,,ბ” პუნქტში მითითებული 7000 ლარი თუ მასთან ერთად რ. ა-ისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხაც, ასევე ის გარემოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების კომპენსაციის სახით მოთხოვნილი 1090,77 ლარი არის თუ არა რ. ა-ეზე დახარჯული კვების კომპენსაციის თანხა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს რ. ა-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის თანახმად სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/