საქმე ¹ბს-284-280(კ-12) 8 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ჩ-ის სარჩელისა გამო გ. ჯ-ის, ქუთაისის არქიტექტურის სამსახურისა და ი.ს. ,,...” მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქუთაისის არქიტექტურის სამსახურისა და გ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის არქიტექტურის მიერ გაცემული პროექტის უკანონოდ ცნობა (იხ. ტ.1; ს.ფ. 2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება კ. ჩ-ის სარჩელზე (იხ. ტ.1; ს.ფ. 26).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 4 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება კ. ჩ-ის სარჩელზე (იხ. ტ.1; ს.ფ. 30). ამავე სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის განჩინებით კვლავ შეჩერდა საქმის წარმოება კ. ჩ-ის სარჩელზე კ. ჩ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ტ.1; ს.ფ. 36).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და კ. ჩ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ლ. ჩ-ე (იხ. ტ.1; ს.ფ. 42).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 16 იანვრის განჩინებით ლ. ჩ-ის სარჩელი გ. ჯ-ისა და ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. ტ.2; ს.ფ. 53).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჩ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ტტ.1; ს.ფ. 55).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 13 თებერვლის განჩინებით ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 16 იანვრის განჩინება (იხ.ტ.1; ს.ფ. 58).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 22 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ლ. ჩ-ის სარჩელისა გამო გ. ჯ-ისა და ქუთაისის არქიტექტურის მიმართ უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ტ.1; ს.ფ. 64).
2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ლ. ჩ-ის სარჩელზე (იხ. ტ.1; ს.ფ. 74).
2007 წლის 22 მარტს ლ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: გ. ჯ-ის, ქუთაისის არქიტექტურისა და ი.ს. “...” მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ტ.2; ს.ფ. 1-3).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ლ. ჩ-ის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ტ.2; ს.ფ. 24).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჩ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ტ.2; ს.ფ. 26-29).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკამყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინება და ლ. ჩ-ის სარჩელი დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (იხ. ტ.2; ს.ფ. 57-60).
2011 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები ¹3/36-11წ. და ¹3/203-07 წ. ლ. ჩ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: გ. ჯ-ის და ქუთაისის არქიტექტურის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად (იხ. ტ.1; ს.ფ. 271).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის გაერთიანებული სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 306-312).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 320-337).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ტ.3; ს.ფ. 45-52).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ.3; ს.ფ. 60-75).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინებით ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.3; ს.ფ. 78-79).
ქ. ქუთაისის მერიამ მოსაზრებით მოითხოვა ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.3; ს.ფ. 86-87).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. ჩ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე