Facebook Twitter

¹ბს-330-326(2კ-12) 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 25 მაისს ი. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან (აუქციონში გამარჯვების შედეგად) 2007 წლის 9 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მერიისაგან შეიძინა 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი ზონის ფუნქციით, მდებარე – ქ. თბილისი, დასახლება ..., ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე. 2008 წლის 5 სექტემბერს ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ¹7667 დადგენილებით მიწის ნაკვეთს ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მიენიჭა ... ქ. ¹1.

მოსარჩელის მითითებით, მან კანონით დადგენილი წესით აღნიშნულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 600 კვ.მ. აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო დარჩენილი 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართი გამიჯნა, რომელსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი ¹... და 2008 წლის 6 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა გ. ზ-ზე, კ. კ-ესა და მ. ჯ-აზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გ. ზ-მა დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რაზეც მოსარჩელე თანახმა იყო. მოგვიანებით მოსარჩელემ და ორხევის მოსახლეობამ გაიგეს, რომ გ. ზ-ი საკულტო ნაგებობას აშენებდა.

მოსარჩელის მითითებით, შენობა შენდება ყოველგვარი სამშენებლო ნორმების დაცვის გარეშე. სახლმა მთლიანად ჩახერგა მისი სახლის მარცხენა მხარე და იგი იძულებულია უყუროს მხოლოდ აღნიშნული შენობის ფანჯრებს. მოსარჩელე ფაქტიურად ვერ სარგებლობს აივნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო შენობა შენდება საცხოვრებელ ზონაში (საჯარო რეესტრის ამონაწერი), მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების იგნორირებით.

მოსარჩელის განმატრებით, როდესაც მან მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მოპასუხემ ... ქ. ¹1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ ზონა 5-ად მოიხსენია, რაც მის მიერ ვერ დადასტურდა.

აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ თბილისის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 15 აპრილის ¹1320 განკარგულებით.

ამდენად, მოსარჩელემ “მოქალაქე ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე” ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 15 აპრილის ¹1320 განკარგულებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 2 აპრილის ¹01/394 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ჯ-ა, კ. კ-ე და გ. ზ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 10 თებერვალს გაცემული სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 2 აპრილის ¹01/394 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 15 აპრილის ¹1320 განკარგულება და ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხის მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს. კასატორები საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სადავო შემთხვევაში სწორედ ინდივიდუალურად მოხდა ქ. თბილისში, ... დასახლება, ... ქ. ¹1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ზონა 2-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 5-ად, თუმცა კასატორებს არ წარმოუდგენიათ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომლითაც ზონირების ცვლილება ინდივიდუალურად განხორციელდა. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ვერ ასაბუთებენ სადავო მშენებლობის ნებართვის გაცემა განხორციელდა თუ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის ¹1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული “დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებით” გათვალისწინებული სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით. საკასაციო სასამართლო კასატორებს მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ყურადღება უნდა დაეთმოს დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესის დაცვას, ვინაიდან, მშენებლობის ნებართვამ არ უნდა შელახოს სხვისი უფლებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე