საქმე ¹ბს-460-455(კ-12) 11 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ჯ. ს-ის სარჩელისა გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - გ. ბ-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ჯ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არქივის მონაცემებში ხარვეზის გამოსწორება /იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით ჯ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ახალციხის რაიონულ სასამართლოს /იხ. ს.ფ. 32-34; ტ.1/.
შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარემ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ 57-63; ტ.1/.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელმ დააზუსტა როგორც სარჩელი ასევე მოპასუხეთა წრე და მოითხოვა საქმეში მოპასუხედ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის ჩაბმა, ამავე სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და საქმეში მოპასუხედ ჩაება ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური /იხ. ს.ფ. 73-76; ტ.1/.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ჯ. ს-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და შეწყდა საქმის წარმოება /იხ. ს.ფ. 85-91; ტ.1/.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დასაშვებად ცნობა /იხ. ს.ფ. 94-95; ტ.1/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ჯ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 111-114; ტ.1/.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ბ-ე /იხ. ს.ფ. 133; ტ.1/.
შესაგებლით გ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 147-154; ტ.1/.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით /იხ. ს.ფ. 199-208; ტ.1/.
მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 212-220; ტ.1/.
სააპელაციო შესაგებლით გ. ბ-ემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო /იხ. ს.ფ. 17-23; ტ.1/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ჯ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 37-47; ტ.2/.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 53-59; 75-81; 95-102; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ. ს.ფ. 103-104; ტ.2/.
კასატორმა ჯ. ს-ემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვით განხილვა და ამასთან, მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 109-113; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით დაადგინა, რომ ჯ. ს-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვით დანიშვნის თაობაზე განხილულ იქნეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში /იხ. ს.ფ. 120-121; ტ.2/.
წერილობითი მოსაზრებით მესამე პირმა გ. ბ-ემ მოითხოვა ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს /იხ. ს.ფ. 126; ტ.2 /.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ჯ. ს-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
რაც შეეხება ჯ. ს-ის შუამდგომლობას მისი საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით, მისი დასწრებით განხილვის თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საკასაციო სასამართლოს მიერ არ მოხდება მისი არსებითად განხილვა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ჯ. ს-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. არ დაკმაყოფილდეს ჯ. ს-ის შუამდგომლობა მისი საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვით, მისი დასწრებით განხილვის თაობაზე;
3. კასატორს - ჯ. ს-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 4 ივნისის სალარო შემოსავლის ორდენით №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე