საქმე ¹ბს-476-470(კ-12) 11 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ა-ის სარჩელისა გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ა-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 9 სექტემბრის №03-02/70 დადგენილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №01-19/337 ბრძანების ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 1-9/.
შესაგებლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 35-42/.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ი /იხ. ს.ფ. 58-60/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 134-139/.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 145-153/.
მოწინააღმდეგე მხარემ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 189-195/.
სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე მესამე პირმა ნ. მ-მაც /იხ. ს.ფ. 200-210).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა, ნ. ა-ისათვის მის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მხოლოდ 100 ლარის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ა-ისათვის ნ. მ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის ანაზღაურების დაკისრება /იხ. ს.ფ. 216-215/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი და ნ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 291-299/.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ 308-314; 334-335/.
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ. ს.ფ. 339-340/.
საკასაციო შესაგებლით მესამე პირმა ნ. მ-მა მოითხოვა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს /იხ. ს.ფ. 346-353/.
ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც და მიუთითა, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან წარმოებულ სამშენებლო ობიექტებზე გამოვლენილ იქნა არსებითი ხასიათის სამშენებლო სამართალდარღვევა, რასაც ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ ნ. ა-ემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა ქ. ქობულეთში, ... გამზ. №...-ში მდებარე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების თაობაზე, რაზედაც ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა სამართალდამრღვევის მიერ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 354-355/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ნ. ა-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება კასატორს ნ. ა-ეს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ა-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 30 %-ის - 45 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ. ა-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 45 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინა ერთიანი ანგარიშის ¹200122900; სახაზინო კოდი _ 300773150, ბანკის კოდი _ თღEშGE22.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე