Facebook Twitter

საქმე ¹ბს-519-510(კ-12) 25 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებაზე, (ა. ა-ის სარჩელისა გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამეგობისა და ო. ა-ის მიმართ)

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ა-ემ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამეგობისა და ო. ა-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-9).

ო. ა-ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 26-32; 36-44).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ო. ა-ის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, მიღება-ჩაბარების აქტის არარა აქტად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი, რომლითაც ოზურგეთის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) დარეგისტრირდა ო. ა-ის საკუთრებაში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №986, გაცემული ო. ა-ის სახელზე, დამოწმებული მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის დ. ვ-ის ხელმოწერით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის, კერძოდ, ო. ა-ის სახელზე ოზურგეთის რაიონის საოფ. ... მდებარე 178 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 124-128).

მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილბით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 132-141).

ო. ა-ემ სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 157-164).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 195-201).

მითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის, რომლითაც ო. ა-ის სახელზე დარეგისტრირდა ოზურგეთის რ/ნ-ის სოფ. ... საცხოვრებელი სახლის 178 კვ.მ. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 210-217; 232-242).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. ა-ის წარმომადგენლის ემზარ ურუშაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 245-246 ).

საკასაციო შესაგებლით ო. ა-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 251-258 ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ა. ა-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ა. ა-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს - ა. ა-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. უ-ის მიერ 2012 წლის 10 ივლისის საგადახდო დავალებით №245795783 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე