Facebook Twitter

საქმე ¹ბს-549-540(კ-12) 25 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, (გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ და მესამე პირის თ. ი-ის მონაწილეობით)

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ჭ-მა და ლ. ყ-მა სარჩელი აღძრეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ და მესამე პირის თ. ი-ის მონაწილეობით და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხე ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 52-58; ტ.1).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ. ჭ-ის და ლ. ყ-ის სარჩელზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 74-77; ტ.2).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელს უარი ეთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეში მოპასუხედ ჩაბმის თაობაზე (იხ. ს.ფ. 102-106; ტ.2)

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 143-152; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ჭ-მა და ლ. ყ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეში მოპასუხედ ჩაბმა (იხ. ს.ფ 156-167; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 31-48; ტ.2)

მითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ჭ-მა და ლ. ყ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 57-64; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის განჩინებით გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ნ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. ნ-ეს დაუბრუნდეს გ. ჭ-ისა და ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 26 ივლისს საგადასახადო დავალებით №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე