საქმე #ბს-619-607(კ-12) 30 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვიტოს განჩინებაზე (სასამართლო სხდომის ოქმი) (ადმინისტრაციული საქმე დ. თ-ას სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დ. თ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დ. თ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ოქტომბრის თვის ხელზე მისაღები ხელფასის - 185,62 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელს გამოსასვლელი დახმარების - 321, 5 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 30-38; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 43-53).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინებით (სასამართლო სხდომის ოქმი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 65-69).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 73-81).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 86-87).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-587-556(კ-08) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო გ.ქ-ის მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე