საქმე #ბს-665-651(2კ-12) 30 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინების თაობაზე (ადმინისტრაციული საქმე ქ. ლ-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ა. ლ-ის მონაწილეობით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. ლ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-16; ტ.1).
მოპასუხეებმა ქ. თბილისის მერიამ და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 131-138; 155-162; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ლ-ი (იხ. ს.ფ. 242-243; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის №3099 განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ძალაში შესვლის დღიდან; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის №001350 დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დაგენილ ვადაში (იხ. ს.ფ. 281-290; ტ.).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 298-306; 308-318; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლებით მესამე პირმა - ა. ლ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 16-23; ტ.2).
ქ. ლ-ემ სააპელაციო შესაგებლებით სააპელაციო საჩივრები არ ცნო (იხ. ს.ფ. 25-34; 35-44; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით მესამე პირის ა. ლ-ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებისა და სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2012 წლის 24 იანვრის დასკვნის საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 64-62; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 68-81; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 88-95; 96-106; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებებით ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. 116-117; 118-119; ტ.2).
ქ. ლ-ემ საკასაციო შესაგებლებით მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 124-132; 133-141; ტ.2 ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ უნებართვოდ ნაწარმოებ სამუშაოებიდან და მის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის ოქმების თაობაზე წარმოშობილ დავებზე არაერთგზის არის გამოყენებული ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-126-125(კ-12) რ.მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ), საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია მითითებული გადაწყვეტილებაში და სადავო საკითხზე ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში განმარტებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე მართებულობის სამართლებრივი შეფასებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე