Facebook Twitter

¹ბს-1769-1737 (კს-11) 18 აპრილი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ბ-ას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.11 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ბ-ამ 11.02.10 წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ სენაკის რაიონის გამგეობის მიმართ. 29.03.10 წ, ი. ბ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ მოპასუხედ მიუთითა _ სენაკის რაიონის საკრებულო, ხოლო სარჩელით სენაკის რაიონის გამგეობის 17.11.98 წ. დადგენილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 14.01.94 წ. ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, ასევე, მოსარჩელის ქ. სენაკის მე-... საშუალო სკოლის დირექტორის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ან სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის საკრებულოსათვის დავალება მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 22.04.10 წ. გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საკრებულოს დაევალა ი. ბ-ას სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.07.10 წ. გადაწყვეტილებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი. ბ-ამ სენაკის რაიონული სასამართლოს 22.12.06. წ. გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შემდგომ სისხლის სამართლის კოდექსის 228.1. მუხლით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში, 2007-2008 წლებში არაერთხელ მიმართა სენაკის რაიონულ გამგეობას, მუნიციპალიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაქმების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. მან სენაკის რაიონული სასამართლოს 22.12.06. წ. გადაწყვეტილების გამოტანიდან სამ წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, 11.02.10 წ. მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ი. ბ-ამ გაასაჩივა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.03.11 წ. განჩინებით ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.07.10 წ. გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილი იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ი. ბ-ას მიერ წარმოდგენილი არ იყო დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ი. ბ-ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წელს აღძრული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.12.08 წ. განჩინებით არ იქნა მიღებული წარმოებაში. ამის შემდეგომ, 11.02.10 წ. სენაკის რაიონული სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენა სხვა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ განხორციელდა სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლით გათვალისწინებული ექვსი თვის ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ბ-ამ გაუშვა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

19.07.11 წ. ი. ბ-ამ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.10 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 29.07.11 წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ი. ბ-ამ წარადგინა განცხადება, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.10 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სენაკის რაიონული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

i. ბ-ამ აღნიშნა, რომ 2011 წ. ივლისის მეორე ნახევარში თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიერ ადმინისტრაციულ კოლეგიაში შეტანილი სარჩელისა და თანდართული მასალების ქსეროასლების მიღების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი სარჩელი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით ადმინისტრაციული კოლეგიის 12.10.09 წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გაშვებული არ ჰქონდა მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.07.10 წ. გადაწყვეტილებით არაჯეროვნად იქნა დადგენილი.

ქუთაისის სააპელაციო პალატის 13.10.11 წ. განჩინებით ი. ბ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.10 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ ი. ბ-ას განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.10.09 წ. საოქმო განჩინება მისთვის 13.03.11 წ. გახდა ცნობილი. განმცხადებელმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით წარმოადგინა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით ი. ბ-ამ გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 06.07.10 წ. გადაწყვეტილებით არასწორად მიიჩნია მისი სარჩელი ხანდაზმულად. ასევე არასწორად მიაჩნია დაუშვებლობის გამო მისი განცხადების განუხილველად დატოვება და აღნიშნა, რომ 11.07.06 წ. განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გააუქმა ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენი და მის მიმართ შეწყვიტა დევნის საქმე. სენაკის რაიონული სასამართლოს 22.12.06 წ. გადაწყვეტილებით აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. 2007-2008 წლებში აწარმოებდა მიმოწერას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, რათა მათგან დასაქმებაზე უარის თქმის გამო შესაძლებლობა ჰქონოდა მიემართა სასამართლოსთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომაზე 08.07.09 წ. ი. ბ-ამ გამოიხმო სარჩელი, რომლითაც დაყენებული ჰქონდა მისი სამუშაოზე აღდგენის საკითხი და სარჩელი დარჩა განუხილველი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას არ გაუშვია სისხლის სამართლის კოდექსის 228.1 მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან 08.07.09 წ. განუხილველად დატოვებული სარჩელი მას წარდგენილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ე.ი. 2009 წლის 22 დეკემბრამდე. ი. ბ-ა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.07.10 წ. და 29.07.11 წ. განჩინებების ბათილად ცნობას და ი. ბ-ას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ან ქ. სენაკის მე-... საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.11 წ. განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.11 წ. განჩინების გაუქმების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. დანარჩენ ნაწილში კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ი. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს, განცხადების დაშვების ამა თუ იმ პირობის არარსებობა წარმოადგენს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ი. ბ-ას მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.09 წ. საოქმო განჩინება მას 2011 წლის 13 მარტს ჩაბარდა. კერძო საჩივარი აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მოსაზრებას არ ემყარება. შესაბამისად, მართებულია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 12.10.09 წ. საოქმო განჩინების გაცნობიდან უნდა მომხდარიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.11 წ. განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებანი მისი გაუქმების საფუძველს არ ქმნის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.11 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე