ბს-226-224 (კს-12) 24 ივნისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ი;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
დავის საგანი –საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 18 ოქტომბერს გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის ა. მ-ის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ა. მ-ის მიწის მიღება-ჩაბარების ¹910 აქტის სიყალბის დადგენას, აღნიშნული აქტის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის_0,12 ჰა-ის შესახებ სიყალბის დადგენას; თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2010 წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, დადგენილ იქნა აღნიშნული აქტის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის_0,12 ჰა-ის შესახებ სიყალბე, დადგენილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ¹910 მიღება-ჩაბარების აქტი დათარიღებულია 1995 წლით. აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი მოპასუხეს რეალურად გადაეცა 1998-2000 წლებში.
2009 წლის 04 დეკემბრის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დადგენილი იქნა 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, მაგრამ შეწყდა წინასწარი გამოძიება და არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
2009 წლის 04 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ა. მ-ის უფლება 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში არსებულ 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ა. მ-ის სახელზე საკომლო წიგნში შესრულებულ ჩანაწერს 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ საფუძვლად დაედო 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და მასში არსებული ჩანაწერი 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობა (მხარეთა განმარტებით, ცნობაზე არსებული თარიღი “2009” წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და მითითებული უნდა იყოს “2010”) გაცემული იქნა ¹6 საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.
დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული ცნობა საფუძვლად დაედო ა. მ-ის უფლების რეგისტრაციას იმავე მიწის ნაკვეთზე 2010 წლის 25 თებერვალს თელავის სარეგისტრაციო სამსახურში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია კანონდარღვევით და დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული მისი სიყალბე. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 04 დეკემბრის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, დადგენილი იქნა 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, მაგრამ შეწყდა წინასწარი გამოძიება და არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლო სხდომაზე მხარეების (მათ შორის მოპასუხისა და მესამე პირის) განმარტებებით დადგინდა, რომ 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახული 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი ა. მ-მა რეალურად მიიღო 1998-2000 წლებში, მაგრამ იგი გაიცა 1995 წლით დათარიღებული აქტით. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის ახსნა-განმარტებით სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობა (მხარეთა განმარტებით, ცნობის თარიღად მითითებული უნდა იყოს “2010”) გაცემული იქნა ¹6 საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის საფუძველზე. ¹6 საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი კი შესრულებული იქნა 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობა არ გაიცემოდა, ორგანოს რწმუნებულისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თაობაზე გამოძიების მიერ მიღებული დადგენილების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მხარეთათვის დავის საგანს არ წარმოადგენდა და უდაოდ იქნა დადგენილი, რომ 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობა საფუძვლად დაედო ა. მ-ის უფლების რეგისტრაციას იმავე მიწის ნაკვეთზე, 2010 წლის 25 თებერვალს თელავის სარეგისტრაციო სამსახურში. ასევე დადგენილი იქნა, რომ სადაო 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა პრივატიზაციით მიღებულ მიწის ნაკვეთს, არამედ იგი მიღებული იქნა ფიზიკური პირისაგან, რომელსაც ა. მ-მა სანაცვლოდ სხვა ადგილას უყიდა მიწის ნაკვეთი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ სადაო მიწის ნაკვეთი 0,12 ჰა ა. მ-ის სახელზე თელავის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული იქნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო ¹6 საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი. საკომლო ჩანაწერი კი შესრულებული იქნა 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელზეც 2009 წლის 04 დეკემბრის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დადგენილი იქნა სიყალბე, მაგრამ შეწყდა წინასწარი გამოძიება და არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. 2009 წლის 04 სექტემბრის დადგენილება დაედო საფუძველად თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებას ა. მ-ის უფლების გაუქმების შესახებ 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში არსებულ 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობა (მხარეთა განმარტებით, ცნობაზე არსებული თარიღი “2009” წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და მითითებული უნდა იყოს “2010”) გაცემული იქნა ¹6 საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული ცნობა საფუძვლად დაედო ა. მ-ის უფლების რეგისტრაციას იმავე მიწის ნაკვეთზე, 2010 წლის 25 თებერვალს თელავის სარეგისტრაციო სამსახურში. სასამართლომ არ გაიზიარა ა. მ-ის პოზიცია, რომ მისი უფლების რეგისტრაციის საფუძველი - 2009 წლის 14 იანვრით დათარიღებული ¹13 ცნობა, რომელიც მისივე თხოვნით გასცა ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა საკომლო წიგნების ჩანაწერების საფუძველზე - შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, 2009 წლის 12 დეკემბრის განცხადების მიღების ბარათი, 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ¹882009420358-03) და მხარეთა განმარტებებით სარჩელის საფუძვლიანობა დადასტურებულია.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება იმგვარად, რომ დადგენილ იქნა 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, გაუქმდა აღნიშნული აქტის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერი 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის აღრიცხვის თაოაბზე, გაუქმდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობა; დანარჩენ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება; დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. მ-ის სარჩელი მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, თელავის რაიონის სოფ. ... 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, ამ აქტის საფუძველზე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენის (ყალბად აღიარების) შესახებ და შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს თელავის რაიონის სოფ. ... 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, ამ აქტის საფუძველზე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენა (ყალბად აღიარება). ეს მოთხოვნა აქვს გ. მ-ს დაყენებული თავის სარჩელში. ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. მ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენს არა ზემოაღნიშნული დოკუმენტების ბათილად ცნობა, არამედ მათი ყალბად აღიარება, მათი სიყალბის დადგენა და ამ ეტაპზე არ აპირებენ მოთხოვნის შეცვლას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272–ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. იმავე კოდექსის 273–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ. მ-ი სასამართლოში ერთხელ უკვე ითხოვდა საკომლო წიგნის ჩანაწერის სიყალბის აღიარებას, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლობის გამო შეწყდა წარმოება გ. მ-ის სარჩელზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ საკომლო წიგნის ჩანაწერის სიყალბის აღიარების შესახებ. მიუხედვადა ამისა, გ. მ-მა ისევ მიმართა სასამართლოს და ითხოვს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, ამ აქტის საფუძველზე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენა (ყალბად აღიარება). ამდენად, გ. მ-ი ხელახლა ითხოვს საკომლო წიგნის ჩანაწერის სიყალბის აღიარებას, მაშინ, როდესაც ამ ნაწილში მის სარჩელზე წარმოება ერთხელ უკვე შეწყდა და მას აღარ ჰქონდა უფლება იმავე მოთხოვნით მიემართა სასამართლოში იმავე მხარის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262–ე მუხლის მე–2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. იმავე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25–ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს დოკუმენტები წარმოადგენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს თუ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დოკუმენტის სიყალბის დადგენა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. შესაბამისად, არ არსებობს დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ სარჩელის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25–ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღიარებითი სარჩელის აღძვრას დოკუმენტების სიყალბის (არც ადმინისტრაციული აქტის და არც ადმინისტრაციული ხელშეკრულების) დადგენის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დოკუმენტების სიყალბის დადგენა შეიძლება წარმოადგენდეს სისხლის ან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, მაგრამ იგი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180–ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ანალოგიური შინაარსის ნორმას დოკუმენტების სიყალბის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. მ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენს არა ზემოაღნიშნული დოკუმენტების ბათილად ცნობა, არამედ მათი ყალბად აღიარება, მათი სიყალბის დადგენა და ამ ეტაპზე არ აპირებენ მოთხოვნის შეცვლას. სააპელაციო პალატამ ასევე დამატებით აღნიშნა, რომ თელავის რაიონის სოფ. ... 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ისედაც ყალბად არის ცნობილი თელავის რაიონის პროკურატურის 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით. შესაბამისად, მოცემული დავა რომც იყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი, მიღება–ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მაინც არის შესაწყვეტი დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან მიღება–ჩაბარების აქტი უკვე აღიარებულია ყალბად სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დადგენილებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თელავის რაიონის სოფ. ... 1995 წლის ¹910 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, ამ აქტის საფუძველზე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენის (ყალბად აღიარების) შესახებ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავას, რის გამოც სარჩელი დაუშვებელია და განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს უფლების პროცესუალური დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, აღიძვრება აქტის არარად აღიარების, ან უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობას, კერძოდ, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ა. მ-ის მიწის მიღება-ჩაბარების ¹910 აქტის, აღნიშნული აქტის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის_0,12 ჰა-ის შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული მართვის ორგანოს 2010 წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს გ. მ-ის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი დასაშვებია, თუ აქტის საფუძველზე წარმოშობილი რაიმე უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობით მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიადგება ზიანი და ამ უფლების დაცვა შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის აღძვრით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უფლების ამ გზით და არა სხვა სახის სარჩელის აღძვრით დაცვის აუცილებლობის მტკიცება, რომ მისი ინტერესის დაცვისათვის განმსაზღვრელი იყო მხოლოდ აღიარებითი და არა სხვა სახის სარჩელის აღძვრა.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლზე (მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე პროცესის დაჩქარების მიზნით), რომლის მიხედვით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, ხოლო პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. მ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენს არა ზემოაღნიშნული დოკუმენტების ბათილად ცნობა, არამედ მათი ყალბად აღიარება, სიყალბის დადგენა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, მხარის უფლებების დაცვის მიზნით, სრულად მოახდინა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული საშუალებების გამოყენება, რაც გამორიცხავს კერძო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლო, იმავდროულად დაუსაბუთებელია, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე