Facebook Twitter

¹ბს-524-515(კს-12) 18 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

ამროლაურის მომსახურების ცენტრი

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 2 აპრილს მ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა უკანონოდ მიღებული საპენსიო თანხის – 3 631,74 ლარის უკან დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რასაც დღემდე იხდის.

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 241 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ლეგალიზაციას დაექვემდებარა 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსია და მასზე არ უნდა გავრცელდეს სააგენტოს ინიციატივით ბენეფიციარის ყოველთვიური გასაცემლიდან დავალიანების დასაფარავად 20 %-იანი დაქვითვის პირობა.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე მ. გ-ემ მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ლეგალიზებას დაქვემდებარებოდა 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსია, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნა აღსასრულებლად. სააღსრულებო ბიუროს მიმართვის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 მარტის წერილით ეცნობა, რომ თანხის დაკავება ხორციელდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კონკრეტული შემთხევევის მიმართ კი ვრცელდება საკანონმდებლო ნორმა, ვიდრე არ მოხდება გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

შესაბამისად, მ. გ-ემ მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ-ის განცხადება წარდგენილი იქნა ხარვეზით, ვინაიდან იგი არ შეიცავდა მითითებებს იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და განცხადებას არ ერთვოდა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მ. გ-ეს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად.

2012 წლის 26 აპრილს მ. გ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე და მიუთითა, რომ მისთვის 2012 წლის მარტის თვეში ცნობილი გახდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 241 მუხლში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, ლეგალიზაციას დაექვემდებარა 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსია და მასზე არ უნდა გავრცელდეს სააგენტოს ინიციატივით ბენეფიციარის ყოველთვიური გასაცემლიდან დავალიანების დასაფარად 20%-იანი დაქვითვის პირობა. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღსასრულებლად იყო მიქცეული, 2012 წლის მარტის თვეში მ. გ-ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ზედმეტად დარიცხული თანხების დაბრუნების შეწყვეტა. საღსრულებო ბიურომ წერილობით აცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 მარტის ¹04/14869 წერილით განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილება მ. გ-ეზე ვერ გავრცელდებოდა ვინაიდან ზედმეტად დარიცხული თანხის დაბრუნება მიმდინარეობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, გასაცემლიდან თანხის დაბრუნების შეწყვეტა კი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ მოხდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განხლება.

შესაბამისად, განმცხადებელი მ. გ-ე მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების მიმართვის ვადის ათვლა უნდა მოხდეს მის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 მარტის ¹04/14869 წერილის შინაარსის გაცნობიდან. ასევე, განმცხადებლის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.4 მუხლის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საერთო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 5 წელს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით მ. გ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მ. გ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 241 მუხლში განხორციელებული ცვლილება შესაბამისად, განცხადების შეტანის ვადა მისთვის უნდა აითვალოს ამ კანონის გამოქვეყნების დღიდან (2011 წლის 11 ნოემბრის კანონი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 11111608, 2011 წლის 16 ნოემბერს, სარეგისტრაციო კოდი: 28006000001016463), რადგან კანონის გამოქვეყნების დღიდან განმცხადებლისათვის უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის განახლების საფუძვლის თაობაზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 დადგენილი ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 16 დეკემბერს. განმცხადებლის მითითება, რომ მისთვის მხოლოდ 2012 წლის მარტის თვეში გახდა ცნობილი საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვერ გახდება განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოება – საკანონმდებლო აქტში განხორციელებული ცვლილება – ვერ გახდება განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო პალატის მითითებით, დასაშვებობის ასეთ პირობას კანონმდებლობა არ თვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მას არ დაურღვევია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან 2012 წლის მარტის თვეში მისთვის ცნობილი გახდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, ამავე კანონის 24I მუხლის საფუძველზე ლეგალიზებას დაექვემდებარა 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსია. ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიქცეული იქნა აღსასრულებლად მან მიმართა იმერეთის, რაჭა-მეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი ღონისძიების გასატარებლად ანუ შეეწყვიტათ აღსრულება. სააღსრულებო ბიურომ წერილობით აცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი მოთხოვნის შესახებ და ვრცელდებოდა თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა განმცხადებელზე. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, 2012 წლის 15 მარტის ¹04/14869 წერილის შესაბამისად, მისთვის ცნობილი გახდა რომ კანონის შესაბამისი ნორმის გავრცელება მის მიმართ ვერ განხორციელდებოდა იმ მოტივით, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა ზედმეტად დარიცხული თანხის დაბრუნება, გასაცემლიდან თანხის დაბრუნების შეწყვეტა კი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოხდებოდა სასამართლოს მიერ. სწორედ აღნიშნული წერილი გახდა საფუძველი მისთვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარედგინა საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინება და მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია განცხადების დასაშვებობის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები. 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას იმ მოტივით, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც ლეგალიზაციას დაექვემდებარა 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსია. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთვიანი ვადის ათვლის საფუძვლად უთითებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 მარტის №04/14869 წერილს, რომლის საფუძველზე განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლში განხორციელებული ცვლილები მასზე ვერ გავრცელდებოდა, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა ზედმეტად დარიცხული თანხის დაბრუნება, გასაცემლიდან თანხის დაბრუნების შეწყვეტა კი შესაძლებელი იქნებოდა მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ მოხდებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება მ. გ-ის განცხადების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც სასამართლომ ისე დატოვა განცხადება განუხილველად იმ მოტივით, რომ არ იყო განმცხადებლის მიერ დაცული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, არ უმსჯელია მხარის მიერ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლის საფუძვლად წარდგენილ მტკიცებულებაზე და იმ წერილის შინაარსზე, რომლითაც მ. გ-ეს განემარტა სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და რომლიდანაც ითვლის განმცხადებელი ვადას და არა იმ დღიდან, როდესაც თავად სააპელაციო სასამართლო მიუთუთებს - განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის LLII თავის – განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი, ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს:

1. განცხადების დასაშვებობა;

2. განცხადების საფუძვლიანობა.

განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427.1. მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მ. გ-ის განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 427.1. მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნას.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

სააპელაციო სასამართლომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა ფორმალურ სტანდარტებთან – ვადა და შინაარსი. ხოლო, საფუძვლიანობა მხოლოდ დასაშვებობის სტადიის წარმატებით დაძლევის შემდგომ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული მ. გ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 მარტის №04/14869 წერილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცულობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს განცხადების დასაშვებობაზე და შეაფასოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 მარტის №04/14869 წერილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება. შესაბამისად, მ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინება და განცხადება დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინება განცხადების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე განცხადების დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე