Facebook Twitter

ბს-587-577(კს-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ხ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ხ-ას მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისრტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების და საქართველოს იუსტიციის სამინისრტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წელს 19 აპრილს მ. ხ-ას სახელზე ... ქ. №1-ში მდებარე 2057 კვ,მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ განხორციელებული ჩანაწერის (განაცხადის რეგისტრაციის №16636/2005) ბათილად ცნობა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას, ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და საკითხის არსებითად გამოკვლელვის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ქ. თბილისში, ... ქ. №1-ში მდებარეშენობა-ნაგებობა 1,2,3,4, 5 და 6 დარეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო მითითებულ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთი აღირიცხება თანასაკუთრების უფლებით (საკადასტრო რუკის შესაბამისად).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით მ. ხ-ა ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმის განხილვაში ასკ-ს 16.2 მუხლით ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში ასკ-ს 16.2 მუხლით ჩაება გლდანი-ნაძლადევის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საქმის განხილვაში ასკ-ს 16.1 მუხლით ჩაებნენ ლ. ს-ი, რ. ბ-ი, მ. გ-ე, ტ. გ-ე, ნ. შ-ი და ლ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შეიცვლა მისი უფლებამონაცვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წლის 19 აპრილის სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგიტრაციის №16636/2005) მ. ხ-ას სახელზე ... ქ. №1-ში მდებარე 2057 კვ,მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში ... ქ. №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე მ. ხ-ას საკუთრების უფლების, ხოლო 1,2,3,4,5,6, შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა – თბილისი, კოდი -1-, სექტორი – ნაძალადევი, კოდი – 12, კვარტალი – 312, ნაკვეთის ¹34/1, ფართობი – 2057 მ. ხ-ას და სახელმწიფოს თანასაკუთრების უფლების რეგიტრაცია.

აღნიშნული გაადწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრს განჩინებით მ. ხ-ას უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.

2012 წლის 30 მარტს მ. ხ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთას პალატის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 მარტის განჩინებით მ. ხ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ამასთან, განმცხადებელი ადასტურებს, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოხდა მისი აღსრულება, თუმცა არ ეთანხმება აღსრულების ჯეროვანებას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მისი სარეზოლუციო ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა იქმნება იმ პირობებში, როცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. მოცემული ნორმა მიმართულია იმ სამართლებრივი მიზნისაკენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნას წინააღმდეგობა, ანუ მოხდეს მის აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია, თუმცა არ ეთანხმება აღსრულების სიზუსტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ვერ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტები მოცემულ ეტაპზე გადაწყვეტილების განმარტების მართებულობაზე და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების სიზუსტის სადავო შემთხვევას არ არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი. მით უფრო, რომ გადაწყვეტილება აღსრულდა, მისი ბუნდოვანება გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოს მხრიდან არ წარმოქმნილა, შესაბამისად, არ არსებობდა გადაწვეტილების განმარტების საჭიროება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მისი სარეზოლუციო ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ არის აღსრულებული და არ არის გასული ვადა, რომლის განმავლობაშიც იგი შეიძლება იყოს აღსრულებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ხ-ას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით მ. ხ-ას უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების განმარტებაზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 აპრილის სარეგისტრაციო ჩანაწერი (განცხადების რეგისტრაციის N16636/2005) მ. ხ-ას სახელზე ... ქ. N1-ში მდებარე 2057 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში ... ქ. N1-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობაზე მ. ხ-ას საკუთრების უფლების, ხოლო N1,2,3,4,5,6 შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ამავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა – თბილისი, კოდი -1, სექტორი – ნაძალადევი, კოდი - 12, კვარტალი - 312, ნაკვეთის N34\1, ფართობი – 2057 მ. ხ-ას და სახელმწიფოს თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მ. ხ-ას მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე. ვინაიდან სსკ-ის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე