ბს-14-10(კ-13) 21 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. თ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო ნ. თ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურიდან ირკვევა, რომ ნ. თ-სა და გ. მ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდათ 2012 წლის 24 ნოემბერს (ტ. 5, ს.ფ. 117 და ს.ფ. 120), კასატორებმა კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2012 წლის 21 დეკემბერს (ტ. 5, ს.ფ. 124), ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ოცდაერთდღიანი ვადის გადაცილებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. თ-სა და გ. მ-ეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდათ 2012 წლის 15 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო კასატორებს ნ. თ-სა და გ. მ-ეს განუმარტავს, რომ, ვინაიდან, მათ საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა ჰქონდათ 2012 წლის 15 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2012 წლის 17 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორებმა ნ. თ-მა და გ. მ-ემ კი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2012 წლის 21 დეკემბერს (ტ. 5, ს.ფ. 124) ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ოცდაერთდღიანი ვადის გადაცილებით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. თ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. თ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე