ბს-1504-1466(კ-10) 29 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა სილაგაძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – გ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ შემოსავლების სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; ,,გ. ჯ-ის წარმომადგენლის გ. ბ-ის 2009 წლის 18 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 1 ივლისის №1848 ბრძანება; დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) გ. ჯ-ის წარმომადგენელს გ. ბ-ს გადასცეს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ შემდეგი დოკუმენტების დამოწმებული ასლები: ა) განცხადება სამეწარმეო რეესტრში შპს ,,...“ (ს/ნ...) სარეგისტრაციო მონაცემებში 2008 წლის 9 სექტემბერს შეტანილი ცვლილებების შესახებ (განცხადება ფორმა დანართი №6), რომლის შესაბამისად შპს ,, ...“ დირექტორის გ. ჯ-ის ნაცვლად შპს ,, ...“ დირექტორად დაინიშნა გ. კ-ა; ბ) პარტნიორთა გადაწყვეტილება შპს ,, ...“ (ს/ნ...) დირექტორის თანამდებობიდან გ. ჯ-ის გათავისუფლებისა და მის მაგივრად შპს ,, ...“ დირექტორად გ. კ-ას დანიშვნის შესახებ; გ) შპს ,, ...“ (ს/ნ...) დირექტორის გ. კ-ას ფაქსიმილიე; დ) საგადასახადო ორგანოს ბრძანება რომლის შესაბამისად 2008 წლის 9 სექტემბრისათვის სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება – შპს ,, ...“ (ს/ნ...) დირექტორად გ. კ-ას დანიშვნასთან დაკავშირებით; ე) შპს ,, ...“ (ს/ნ...) სარეგისტრაციო მონაცემებში 2008 წლის 9 სექტემბერს შესული (დირექტორის გათავისუფლება და დანიშვნა) ცვლილებების სარეგისტრაციოდ გადახდილი მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ჯ-ის წარმომადგენლის გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (,,ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ონფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია...) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ამასთან, ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტი იძლევა საიდუმლო ინფორმაციის განმარტებას, კერძოდ, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა: ა) დღგ-ის გადამხდელის დასახელებისა და მისამართისა; ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ ინფორმაციისა; გ) ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა (სამეწარმეო რეესტრით) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრით) გათვალიწინებული საჯარო ინფორმაციისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც მათთვის ნებადართულია ამ ინფორმაციის გაცემა. ხოლო მე-10 ნაწილით განისაზღვრა, რომ ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე დაცული ინფორმაცია არის ,,ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია”. საგადასახადო ორგანოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმხორციელებელი ორგანოებია და იქ თავმოყრილი ნებისმიერი ფორმის ინფორმაციის სრული სპექტრი შეიძლება იქნეს განხილული, როგორც ,,ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია”.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია. ხსნებული მუხლის პირველი პუნქტის ადგენს, რომ საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო (მარეგისტრირებელი ორგანო), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში მიიღოს ამონაწერი რეესტრიდან. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, პირის მოთხოვნისთანავე. საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო შპს ,, ...’’ სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, რაც დასტურდება სარჩელზე დართული შპს ,, ...’’ ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ: განცხადება სამეწარმეო რეესტრში შპს ,, ...’’ სარეგისტრაციო მონაცემებში 2008 წლის 9 სექტემბრს შეტანილი ცვლილებების შესახებ (განცხადების ფორმა დანართი ¹6), რომლის შესაბამისად შპს ,, ...’’ დირექტორის გ. ჯ-ის ნაცვლად შპს ,, ...’’ დირექტორად დაინიშნა გ. კ-ა, პარტნიორთა გადაწყვეტილება შპს ,,...’’ დირექტორის თანამდებობიდან გ. ჯ-ის გათავისუფლებისა და მის მაგივრად შპს ,, ...’’ დირექტორად გ. კ-ას დანიშვნის შესახებ, გ. კ-ას ფაქსიმილიე; საგადასახადო ორგანოს ბრძანება, რომლის შესაბამისად 2008 წლის 9 სექტემბრისათვის სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება _ შპს ,, ...’’ დირექტორად გ. კ-ას დანიშვნათან დაკავშირებით, შპს ,, ...’’ სარეგისტრაციო მონაცემებში 2008 წლის 9 სექტემბერს შესული (დირექტორის გათავისუფლება და დანიშვნა) ცვლილებების სარეგისტრაციოდ გადახდილი მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, წარმოდგენს საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას და ექვემდებარება დაცვას საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უარი მოთხოვილი ინფორმაციის გაცემაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გაცემის დავალებულების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 1 ივლისის №1848 ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ქმედების განხორციელების დავალდებულების ნაწილში მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით აპელანტ გ. ჯ-ის წარმომადგენლის გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტობრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტის _ გ. ჯ-ის წარმომადგენლის _ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა შემდეგი: რამდენადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, მეწარმეთა რეგისტარციას 2010 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და მოსარეჩელეს აღნიშნული მოთხოვნით ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის’’ არ მიუმართავს, ამდენად, სასრჩელო მოთხოვნა მოპასუხე – სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის’’ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს გაუმართლებელი უარი უკანონოდ ზღუდავს მის კანონიერ მოთხოვნებს და მას არ ეძლევა საშუალება გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ეხება კასატორს, როგორც შპს ,, ...“ აწ უკვე ყოფილ დირექტორს და ამით მას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ თვლის თავს ვალდებულად მიუთითოს ის მოტივი, თუ რატომ ითხოვს იგი ამა თუ იმ საჯარო ინფორმაციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემობებს: 2009 წლის 28 აპრილს გ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) და ითხოვა მისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ: ა) განცხადება შპს ,, ...’’ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ (დირექტორის გათავისუფლება და დანიშვნა); ბ) პარტნიორთა გადაწყვეტილება შპს ,, ...’’ დირექტორის თანამდებობიდან გ. ჯ-ის გათავისუფლებისა და მის მაგივრად გ. კ-ას დანიშვნის შესახებ. გ) გ. კ-ას ფაქსიმილიე; დ) სახ. ბაჟის გადახდის ქვითარი; ე) საგადასახადო ორგანოს ბრძანება ცვლილებების შეტანის შესახებ. 2009 წლის 18 მაისს გ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის ხსენებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 1 ივლისის ¹№1848 ბრძანებით გ. ჯ-ის წარმომადგენლის გ. ბ-ის 2009 წლის 18 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა იხელმძღვანელეს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით და აღნიშნეს, რომ ამ მუხლით რეგლამენტირებული იყო საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია. ამავე მუხლის პირველი ნაწილით საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებდა რეგისტრაციაზე უფლაბამოსილი საგადასახადო ორგანო (მარეგისტრირებელი ორგანო). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122.1-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა: ა) დღგ-ის გადამხდელის დასახელებისა და მისამართისა; ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ ინფორმაციისა; გ) ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა (სამეწარმეო რეესტრით) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრით) გათვალიწინებული საჯარო ინფორმაციისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც მათთვის ნებადართულია ამ ინფორმაციის გაცემა. ხოლო მე-10 ნაწილით განისაზღვრა, რომ ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, რომლის ბათილობასაც ითხოვს კასატორი საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით კანონის სრული დაცვით იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ვითარებაში როცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის წესი, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა სახის გადაწყვეტილების მიღება, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 25 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამის გამო საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემთა ბაზა, სადაც ინახებოდა ინფორმაცია მეწარმეთა რეგისტრაციის შესახებ, და შესაბამისად ყველა ის მასალა რაც დაკავშირებულია ამა თუ იმ საწარმოს რეგისტრაციასთან, მასში განხორციელებულ ცვლილებებთან და ა.შ გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში დადგინდა უფლებამონაცვლეობა და საგადასახადო ორგანო, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შეიცვალა სათანადო მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი, რომელიც გახდა იმ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ითხოვდა კასატორი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 6 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა და კასატორს გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი, კერძოდ: 1) განცხადება სამეწარმეო რეესტრში შპს ,, ...“ (ს/ნ...) სარეგისტრაციო მონაცემებში 2008 წლის 9 სექტემბერს შეტანილი ცვლილებების შესახებ (განცხადება ფორმა დანართი №6), რომლის შესაბამისად შპს ,, ...“ დირექტორის გ. ჯ-ის ნაცვლად შპს ,, ...“ დირექტორად დაინიშნა გ. კ-ა; 2) შპს ,, ...“ (ს/ნ...) დირექტორის გ. კ-ას ფაქსიმილიე და 3) საგადასახადო ორგანოს ბრძანება რომლის შესაბამისად 2008 წლის 9 სექტემბრისათვის სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება – შპს ,, ...“ (ს/ნ...) დირექტორად გ. კ-ას დანიშვნასთან დაკავშირებით;
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი და მხარეს არ გადასცემია 1) პარტნიორთა გადაწყვეტილება შპს ,, ...“ (ს/ნ...) დირექტორის თანამდებობიდან გ. ჯ-ის გათავისუფლებისა და მის მაგივრად შპს ,, ...“ დირექტორად გ. კ-ას დანიშვნის შესახებ და 2) შპს ,, ...“ (ს/ნ...) სარეგისტრაციო მონაცემებში 2008 წლის 9 სექტემბერს შესული (დირექტორის გათავისუფლება და დანიშვნა) ცვლილებების სარეგისტრაციოდ გადახდილი მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ როგორც ირკვევა საგადასახადო ორგანოს (მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ) საინფორმაციო ბაზა გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამიტომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გახდა ვალდებული კასატორისათვის გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად, მან კი როგორც ავღნიშნეთ კასატორს გადასცა მხოლოდ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი. საკასაციო სასამართლოში პროცესზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამუშავებული მონაცემთა ბაზა, მათ შორის შპს ,, ...“ დაკავშირებული დოკუმენტაცია კანონმდებლობის შესაბამისად სრულად გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ მან კასატორს გადასცა ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია, რაც მას საგადასახადო ორგანოსაგან გადაეცა და შესაბამისად რაც მას ჰქონდა, ამიტომ მან განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მისთვის შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელიც მას ფიზიკურად არ მოეპოვებოდა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და შემდგომ ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი მოთხოვილი ინფორმაციის გაცემაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს გ. ჯ-ის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გაცემის დავალებულების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე