ბს-200-198(კ-12) 16 იანვარი ,2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – ე. ა-ი, წარმომადგენელი თ. ჭ-ი, ა. ბ-ა (რწმუნებულება 19.10.11წ., N111144289)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზ. გ-ე, წარმომადგენელი ო. კ-ი (რწმუნებულება 12.12.12წ., N121318324), დ. მ-ე (რწმუნებულება 25.12.12წ., N111292689); ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი თ. ხ-ე (მინდობილობა 11.12.12წ. N1778/3)
მესამე პირი – ე. ც-ი (ა-ი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2012 წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
04.08.2011წ. ზ. გ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ 04.12.1998წ. მიღება-ჩაბარების N281 აქტის არარად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წელს გარდაიცვალა მისი მამა - ი. ა. ძე ა-ი, რომლის სამკვიდრო ქონებაც მოიცავდა საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული ქონება, ყალბი მიღება-ჩაბარების N281 აქტის საფუძველზე, აღმოჩნდა მოსარჩელის ძმის – ი. ა-ის საკუთრებაში. მოსარჩელის ძმის გარდაცვალების შემდეგ ქონება თავის სახელზე გადაიფორმა გარდაცვლილის მეუღლემ - ე. ა-მა ისე, რომ მოსარჩელის ძმას არ ჰქოდა მიღებული მამის მემკვიდრეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა პოლიციას, რომლის მიერაც დადგინდა, რომ N281 მიღება-ჩაბარების აქტი ყალბია, შესაბამისად, იგი არარად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სადავო აქტის არარად აღიარების ნაცვლად, ითხოვა მისი ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 14.09.2011 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ა-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.09.2011 წ. გადაწყვეტილებით ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 04.12.1998წ. N281 მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ N281 მიღება-ჩაბარების აქტი ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულია არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, არამედ იმ პირთა მიერ, რომელთაც უფლება არ ჰქონდათ ემოქმედათ ადმინისტრაციული ორგანოს სახელით. ახალციხის რაიონული პროკურატურის გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტი გაყალბებულია. ამასთანავე, N281 აქტი გაცემულია ი. ა-ის სახელზე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც წესით მას მემკვიდრეობით უნდა მიეღო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.09.2011წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.2011წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ც-ი (ამჟამად ა-ი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2012წ. განჩინებით ე.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტის – ე. ა-ის მიერ ვერ იქნა გაბათილებული რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2012 წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა ე. ა-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში მესამე პირად ე. ც-ის ჩართვით დაადასტურა, რომ ამ პირის გარეშე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა საქმის განხილვის უფლება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მართალია სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტი ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა და მასზე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება, თუმცა არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ N281 მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 04.12.1998 წ., თუმცა მოსარჩელემ აქტის ბათილობის მოთხოვნით მხოლოდ 2010 წელს მიმართა სასამართლოს, რითაც დაარღვია ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა. კასატორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეშვა სარჩელი განსახილველად, რადგან არ იკვეთებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენდა მამის სამკვიდრო ქონების მიღება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნით მას მიმართული არ ჰქონდა ნოტარიუსისთვის და არც ფაქტობრივად დაუფლებია ქონებას. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მოსარჩელე ვერ შეძლებს სამკვიდროს მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს სააპელაციო სასამრთლოს 18.01.12 წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი თვლის, რომ 04.12.98წ. მიღება–ჩაბარების N281 აქტი არის ნამდვილი, რამდენადაც ი. ა-ი რეალურად ფლობდა და სარგებლობდა მამის მემკვიდრეობით და ეს საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მასთან გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს 04.12.98წ. სადავო მიღება – ჩაბარების N281 აქტის ბათილობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიღება- ჩაბარების აქტი თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონმდებლობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების N281 აქტი დადებულია არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ, არამედ იმ პირთა მიერ, რომელთაც უფლება არ ქონდათ ემოქმედათ ადმინისტრაციუილი ორგანოს სახელით. საქმეზე დადგენილია, რომ N281 მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია არა აქტში მითითებული პირების, არამედ სხვა პირების მიერ, აქტზე დასმულია ხელმოწერები გაყალბებულია. 04.07.11წ. ახალციხის რიონული პროკურორის დადგენილებით გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილია, რომ 04.12.98წ. მიღება-ჩაბარების N281 აქტი არის ყალბი. ამავე დადგენილებით მიღება- ჩაბარების N281 აქტი, გაცემული ი. ი. ძე ა-ის სახელზე, მოიცავს იმ უძრავ ქონებას, რომელიც შედიოდა მამკვიდრებლის ი. ა. ძე ა-ის სამკვიდროში და მემკვიდრეებს უნდა მიეღოთ, როგორც სამკვიდრო ქონება. გამოძიებით დადგენილია, რომ სოფ. … 1997-2001წწ. საკომლო ჩანაწერების მიხედვით ი. ა. ძე ა-ი ირიცხებოდა კომლის უფროსად, ხოლო მისი შვილი - ი. ი. ძე ა-ი ცალკე კომლად ირიცხებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 04.07.11წ. პროკურორის დადგენილება არ გასაჩივრებულა და იგი განსახილველ საქმეში მტკიცებულებას წარმოადგენს. ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამდენად, სახეზეა კანონმდებლობის მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც იწვევს მის ბათილობას. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ადმინისტარციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 54-ე მუხლი ადგენს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მიღება-ჩაბარების N281 აქტი ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ზნეობის ნორმებს და შესაბამისად ბათილია.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის საერთო ვადას განსაზღვრავს ათი წლით. საერთო ვადის გარდა, კანონი ზოგიერთი მოთხოვნის მიმართ ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს, რომლებიც შეიძლება იყოს საერთო ვადაზე ნაკლები ან მეტი. ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დროიდან როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო დარღვეული უფლების შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. გ-ემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 04.12.98წ.მიღება-ჩაბარების N281 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით 04.08.2011წ. აღძრა. საქმის მასალებში არ მოიპოვება მიღება-ჩაბარების აქტის მოსარჩელისათვის გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ სადავო აქტის ბათილობის საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა გამოძიების შეწყვეტის შესახებ 04.07.11 წ. პროკურატურის დადგენილებით, მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე დადგინდა გამოძიების მიერ შესაბამისად, ზ. გ-ემ უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო მხოლოდ ამ დოკუმენტის შედეგად. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწო სწორედ პროკურატურის 04.07.11 წ. დადგენილების გაცნობიდან და არა მიღება - ჩაბარების N281 აქტის შედგენიდან, მით უფრო, რომ ხსენებული აქტის შედგენისას ადგილი ჰქონდა დოკუმენტის გაყალბებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საჯარო რეესტრის 21.07.2000წ. ამონაწერის მიხედვით ი. ა-ის ოჯახის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 573,91 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობით. ნაკვეთი, რომელზედაც სახლი მდებარეობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. რეგისტრაციაში 21.07.2000წ. გატარებული მიწის ნაკვეთისა და მიღება-ჩაბარების აქტით ი. ა-ისთვის გადაცემული ხუთი ნაკვეთის მონაცემების შედარებით ვერ ხერხდება მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულიდან იმ ნაკვეთის დადგენა, რომელიც გატარდა საჯარო რეესტრში. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნაკვეთის საჯარო რეესტრში გატარება არ ადასტურებს სადავო მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებას და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლას.
საფუძველს არის მოკლებული კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან მესამე პირს ე. ც-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუხდენია კანონით დაცული თავისი უფლებების რეალიზაცია. 18.01.12წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ე. ც-ი პრეტენზიას აღნიშნულთან დაკავშირებით არ აცხადებს და იგი ეთანხმება და მხარს უჭერს მიღება- ჩაბარების N281 აქტის ბათილად ცნობას. აღნიშნული მესამე პირმა საკასაციო პალატის სხდომაზეც დაადასტურა. ამასთანავე კასატორი არაა უფლებამოსილი მოითხოვოს სხვისი უფლებების დაცვა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა დაეშვა ზ. გ-ის სარჩელი განსახილველად, რადგან მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად და არც ფაქტობრივად დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს მიღება- ჩაბარების N281 აქტის ბათილად ცნობა და არა სამკვიდროს მიღება, დავის საგნის მიმართ მოსარჩელის ინტერესი ცხადად არის გამოკვეთილი, არ არსებობს დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს სსკ-ის 410-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს 18.01.12 წ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.12წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე