Facebook Twitter

საქმე #ბს-410-405(კ-12) 29 იანვარი , 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ტ. მ-ა; წარმომადგენელი - ს. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი - ნ. ხ-ი; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - ნ. ა-ე; 3. ი. პ-ე, წარმომადგენელი - რ. პ-ე

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: ტ. მ-ა

მოპასუხეები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური; ი. პ-ე

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

სარჩელის საგანი:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №912 ბრძანების ბათილად ცნობა;

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული №236 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა;

3. 1996 წლის 15 აპრილის ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ რ. პ-ის სახელზე გაცემული №59 ორდერის არარად ცნობა;

3. საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) ი. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა;

4. დაბა ..., მდებარე ბინა №20-ში (ამჟამინდელი ... ქ. №41) პირველ სართულზე არსებულ 79,06 კვ.მ. საერთო ფართსა და ამავე ბინის მეორე სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ. საერთო ფართზე ტ. მ-ას კანონიერ მოსარგებლედ ცნობა /იხ. ს.ფ. 2-12, ტ.1/.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: ტ. მ-ა 1957 წლიდან ცხოვრობდა და სარგებლობდა ოზურგეთის რაიონის დაბა ..., მდებარე ბინა №20-ში (ამჟამინდელი ... ქ. №41) მეორე სართულზე არსებული 78,68 კვ.მ. ფართით, ხოლო 1987 წლიდან კი, ამავე ბინის პირველ სართულზე არსებულ 79,06 კვ.მ. ფართით.

2011 წლის 8 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის №912 ბრძანებით ი. პ-ეს კანონიერ სარგებლობაში გადაეცა დაბა ..., ... ქ. №9-ში პირველ სართულზე მდებარე სამი ოთახი, საერთო ფართით - 65,45 კვ.მ, რაზედაც გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №236. აღნიშნული ბრძანებისა და შესაბამისად საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 1996 წლის 15 აპრილის ... აგროსამრეწველო კომბინატის №59 ორდერი. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ორდერი თავისი შინაარსით, ასევე გამოცემის წესით არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ (დირექტორის ნაცვლად ხელს აწერს დირექტორის მოადგილე), გაურკვეველია და გადასწორებულია ორდერის გამოცემის თარიღი, არ არსებობდა ორდერის გამოცემის საფუძველი, ასევე გაურკვეველია ჰქონდა თუ არა ... აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორს ან მის მოადგილეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს №574 დადგენილებით ორდერის გამოცემის უფლება.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ოზურგეთში, დაბა ..., ... ქ.№9-ში, პირველ სართულზე მდებარე 65.45 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №...) მესაკუთრეა ი. პ-ე. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია ოზურგეთის რაიონის გამგებლის ბრძანება №912 და საკუთრების უფლების მოწმობა №236, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული რეგისტრაციაც უნდა გაუქმდეს და ტ. მ-ა ცნობილ უნდა იქნეს დაბა ..., ... ქ. №20-ში პირველ სართულზე მდებარე - 79,06 კვ.მ-ისა და ამავე ბინის მეორე სართულზე არსებული - 78,68 კვ.მ. საერთო ფართის კანონიერ მოსარგებლედ, ვინაიდან, სს ,,...“ მიერ დამოწმებული აქტებითა და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მოწმეების ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ ტ. მ-ა 1957 წლიდან ცხოვრობდა და სარგებლობდა სადავო ფართით.

სამართლებრივი: მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, მე-601 მუხლების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 1-16; ტ.1).

მოპასუხის - ი. პ-ის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს 1982 წლამდე დაკავებული ჰქონდა დაბა ... ... ქ. №9-ში და არა ბინა№20-ში, მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლის მე-2 სართული, ხოლო შემდეგ დაიკავა იმავე ბინაში სამი ოთახი, აღნიშნული ფართი მას კანონიერ სარგებლობაში არ გადასცემია და იგი უკანონოდ ჰქონდა დაკავებული. მოპასუხის განმარტებით, ტ. მ-ა არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს და მას არ აქვს უფლება იდავოს სადავო აქტის კანონიერებაზე.

რ. პ-ის სახელზე 1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორის მოადგილის სამეურნეო დარგში ვ. დ-ის მიერ გაცემული საცხოვრებელი ბინის ორდერი №59 არის კანონიერი და მისი არარა აქტად აღიარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის, 218.2 მუხლების შესაბამისად არ არსებობს 1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორის მოადგილის სამეურნეო დარგში ვ. დ-ის მიერ გაცემული საცხოვრებელი ბინის ორდერის №59 არარა აქტად ცნობისა და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ.ს.ფ. 46-56; ტ.1).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც /იხ. ს.ფ. 104-110; ტ.1/.

საქმის გარემოებები: ტ. მ-ა 1957 წლიდან ცხოვრობს ოზურგეთში დაბა .... იმავე პერიოდიდან დაიწყო მუშაობა ... ჩაის საბჭოთა მეურნეობაში, IV რაიონში, პლანტაციის მუშად, სადაც მუშაობდა მის რეორგანიზაციამდე. მეურნეობის დირექციამ მას სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი ფართი, მეურნეობის საერთო საცხოვრებელში II რაიონში, ბინა №20-ში, II სართულზე, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

მოსარჩელის ოჯახი თანდათან იზრდებოდა და ამიტომ ესაჭიროებოდა მეტი ფართი, რის გამოც 1987 წელს მას მეურნეობის ხელმძღვანელობამ ნება დართო დაეკავებინა მისი ბინის I სართულზე არსებული 4 ოთახი, რომელიც იყო თავისუფალი და განლაგებული იყო ზუსტად იმ ოთახების ქვემოთ, რომელიც მეორე სართულზე სარგებლობაში ჰქონდა მოსარჩელის - ტ. მ-ას ოჯახს.

ამჟამად მოსარჩელე არის 80 წლის და მისი ოჯახი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაც სარგებლობაში აქვთ ორი ერთმანეთისგან იზოლირებული საცხოვრებელი ფართი I და II სართულზე.

მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 24 სექტემბერს მის ვაჟიშვილს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჩააბარა გაფრთხილება, დაბა ..., ... ქ. №20-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლის 1 სართულზე მათ სარგებლობაში არსებული ოთახების გამოთავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ი. პ-ეზე. ტ. მ-ას ოჯახმა ნებაყოფლობით გამოათავისუფლა აღნიშნული ოთახები.

2011 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის №912 ბრძანების საფუძველზე, ი. პ-ეს საკუთრების უფლების №236 მოწმობით საკუთრებაში გადაეცა ოზურგეთში, დაბა ..., ... ქ. №9-ში პირველ სართულზე მდებარე 3 ოთახი - 65,45 კვ.მ. და უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული აქტები დაფუძნებულია არარა აქტზე, კერძოდ, 1996 წლის 15 აპრილს რ. პ-ის სახელზე გაცემულ ორდერზე. ორდერში აღინიშნება ჩასწორებები თარიღთან მიმართებაში, გაურკვეველია რის საფუძველზეა გაცემული ორდერი, გადასწორებულია თარიღები, ასევე გაურკვეველია ვისი ხელწერაა დაწესებულების ხელმძღვანელის ადგილას, არ ირკვევა გვარი, ორდერზე არ არის გერბიანი ბეჭედი, გარდა ამისა ორდერი გაცემულია 48 კვ.მ. ფართზე, ხოლო ბრძანებით ი. პ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 65,45 კვ.მ ამასთან, მას ბრძანებით საკუთრებაში გადაეცა ფართი მდებარე №9-ში კორპუსში, ი. პ-ემ კი მოითხოვა ოთახების გათავისუფლებულ №20 კორპუსში.

მოსარჩელის განმარტებით, მას სურს აღნიშნული ფართების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაგრამ მას არც ერთ ფართზე არ გააჩნია კანონიერ მოსარგებლედ ცნობისათვის საჭირო დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №73 ბრძანებულებით (იხ. ს.ფ. 2-12; ტ.1).

რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა 1996 წლის 15 აპრილის ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ რ. პ-ის სახელზე გაცემული №59 ორდერის არარად ცნობის ნაცვლად ბათილად ცნობა და ასევე მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №912 ბრძანების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული №236 საკუთრების უფლების მოწმობისა და საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) ი. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და დაბა ..., მდებარე ბინა №20-ში (ამჟამინდელი ... ქ. №41) პირველ სართულზე არსებულ 79,06 კვ.მ. საერთო ფართსა და ამავე ბინის მეორე სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ. საერთო ფართზე ტ. მ-ას კანონიერ მოსარგებლედ ცნობა /იხ. ს.ფ. 153-157, ტ.1/.

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 230-235; ტ.1/.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

ოზურგეთის რაიონის დაბა ..., ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ფართით - 65.45 კვ.მ. საკუთრების უფლების მოწმობით დაკავებული აქვს ი. პ-ეს.

ამავე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული რამოდენიმე საცხოვრებელი ოთახი დაკავებული აქვს ტ. მ-ას ოჯახს.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატმა გასცა №59 ორდერი რ. პ-ისა და ი. პ-ის კომბინატის კუთვნილ საერთო საცხოვრებელში ჩასახლების უფლების თაობაზე. ორდერი გაიცა ... ქ. №9-ში პირველ სართულზე მდებარე ფართზე. აღნიშნული ორდერის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა №912 ბრძანება, რომლითაც ი. პ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ოზურგეთში, დაბა ..., ... ქ. №9-ში პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, სულ - 65,45 კვ.მ., შესაბამისად, 2011 წლის 8 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის გამგეობამ გამოსცა საკუთრების უფლების მოწმობა №236.

სადავოა აღნიშნული ორდერისა და მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.

სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. მ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

სასამართლოს განმარტებით, დაბა ... ტერიტორიაზე ორსართულიან საერთო საცხოვრებელ სახლებში არსებულ საცხოვრებელ ბინებს და შესაბამის ორდერებს გასცემდნენ ... აგროსამრეწველო კომბინატის ხელმძღვანელი პირები, კერძოდ, დირექტორი და მისი მოადგილე სამეურნეო დარგში. შესაბამისად, სადავო ორდერი გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საჯარო რეესტრის ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური) განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება ადგილი არ ჰქონია.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოსაზრებები ... აგროსამრეწველო კომბინატის №59 ორდერის გაყალბების თაობაზე შესაძლოა დადასტურდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართალწარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით და მისი დადასტურება არ შეიძლება მოხდეს ორდერის დედნის ვიზუალური დათვალიერებით.

,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქ. თბილისში - შესაბამისი რაიონის გამგებელი) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად“. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე“. ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, წარმოადგენს თუ არა პირი კანონიერ მოსარგებლეს, რა ოდენობის საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცეს მას საკუთრებაში, ასევე ბრძანებულებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 230-235; ტ.1).

აპელანტი: ტ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეეები): ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური; ი. პ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 244-255; ტ.1/.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ი. პ-ეს სადავო ფართი ფაქტობრივად დაკავებული აქვს, მას სადავო ფართით არასდროს უსარგებლია და არც უცხოვრია, არც ორდერის გაცემამდე და არც ორდერის გაცემის შემდეგ. მართალია, ი. პ-ის მამა - ნ. პ-ე ადრეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად სადავო ბინაში, მაგრამ მან 1980-წლებში ააგო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი და გადავიდა, მას და მის ოჯახს 1996 წლისათვის, ორდერის გაცემის დროისათვის კარგა ხნის მიტოვებული ჰქონდათ სადავო ბინით სარგებლობა.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოითხოვა მტკიცებულებები იმის შესახებ თუ ვის საკუთრებაში ან ვის ბალანსზე ირიცხებოდა და ამჟამადაც ირიცხება სადავო ფართი.

რაიონულმა სასამართლომ სადავო ორდერი ისე მიიჩნია კანონიერად, რომ საქმეში მესამე პირად არ ჩააბა ამ ორდერის გამცემი ორგანო - დაბა ... აგროსამრეწველო კომბინატი და საკმარისად მიიჩნია მოპასუხის მიერ მხოლოდ ორდერის ასლის წარმოდგენა და არ გამოუთხოვია მისი დედანი.

სამართლებრივი: სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების მე-3 მუხლი, რომლის შესაბამისად, არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა იყო არა მესაკუთრედ ცნობა, არამედ კანონიერ მოსარგებლედ ცნობა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ მიმართავდა შესაბამის ორგანოს კანონიერ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 10 აგვისტოს #574 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ საერთო საცხოვრებლის დებულება, საქართველს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 47-54; ტ.2/.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების პრეროგატივაა, ხოლო კონკრეტულ ფართზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის შემდეგ, ამ ფართს იგივე ადმინისტრაციული ორგანო პირს გადასცემს საკუთრებაში (გამოსცემს შესაბამის აქტს). ხოლო ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი მხოლოდ ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ტ. მ-ამ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს მიმართა სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტს არ წარუდგენია მის მიერ სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და არც სადავო ფართზე რაიმე უფლების წარმომშობი მტკიცებულება, მაშინ, როდესაც სადავო ფართის მესაკუთრე არის ი. პ-ე.

სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აპელანტმა კი ვერ წარადგინა მტკიცებულება, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, ასევე ვერ წარადგინა საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძვლის (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების) უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

გასაჩივრებული განჩინების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სამართლებრივი შეფასება ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა 1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ გაცემული #59 ორდერის სიყალბესთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დოკუმენტის სიყალბე შესაძლოა დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

კასატორი: ტ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური; ი. პ-ე.

კასაციის საგანი და მოცულობა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამრთლოში დაბრუნება.

კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:

პროცესუალური: კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე ,,გ~ და ,,ე~ პუნქტები, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის #107 დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 22 სექტემბრის #494 დადგენილება.

კასატორის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეფუძნება არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლებიც გამოცემისთანავე იყო ბათილი, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია, სასამართლოს არ გამოუთხოვია ბინის ორდერის დედანი, ისე მიიღო გადაწყვეტილება და ისე სცნო ბინის ორდერი კანონიერად.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ ტ. მ-ას სასამართლოსათვის არ წარუდგენია სადავო ფართზე უფლების წარმოშობის რაიმე მტკიცებულება, კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტ. მ-ა საცხოვრებელი სახლის არც პირველ სართულზე და არც მეორე სართულზე, თვითნებურად არ შეჭრილა იგი 1957 წლიდან მუშაობდა ... პლანტაციის მუშად და მას სადავო ფართი მეურნეობის ხელმძღვანელობამ გადასცა საგებლობის უფლებით პირველი სართული 1957 წლიდან, ხოლო მეორე სართული - 1987 წლიდან. საქმეში ასევე წარმოდგენილია ე.წ. საბიანო ფონდის აღრიცხვის ჟურნალი, რომლითაც დასტურდება, რომ მ-ას ოჯახი ფლობდა და სარგებლობდა სადავო ფართით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულება. კასატორის მითითებით, სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს პირის კანონიერ მოსარგებლედ ცნობა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების პრეროგატივაა, რის შემდეგაც ამ ფართს პირს გადასცემენ საკუთრებაში, არ გამომდინარეობს აღნიშნული ბრძანებულების დანაწესიდან, ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო წყვეტს საკითხს ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და არა კანონიერ მოსარგებლედ ცობის შესახებ, ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნისა და სხვა საფუძველზე სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართით. ვინაიდან, ტ. მ-ას ჯერ არ გააჩნია აღნიშნული დოკუმენტაცია მან ჯერ სასამართლოს მიმართა კანონიერ მოსარგებლედ ცნობის მოთხოვნით, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა იყო. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა ეთქვა უარი კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მან არ მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო მოსარჩელისათვის დაედგინა ხარვეზი და ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მოთხოვნა ამ ნაწილში დაეტოვებინა განუხილველად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არამართებულია სასამართლოს უარი ტ. მ-ასათვის მის მიერ დაკავებულ ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 63-72; 97-106; ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარემ - ი. პ-ის წარმომადგენელმა საკასაციო შესაგებლით მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ მოტივით, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სადავო ბინის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ვინაიდან, კასატორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია არც ერთი ნორმა რომელიც დაარღვია სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება. სადავო ორდერის დედანი წარდგენილია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, რომლის კანონიერება ასევე დადასტურდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ. დ-ის მიერ. რაც შეეხება ორდერში ნუმერაციის გადასწორებას, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს ორდერის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომით, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მას ამ ორდერის მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა და მის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები. ამასთან, ვ. დ-ე ასევე გახლდათ ბინის ორდერის გაცემზე უფლებამოსილი პირი (იხ. ს.ფ. 118-124; ტ.2).

კასატორმა - ტ. მ-ამ წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე, 186-ე და 187-ე მუხლები. სასამართლოს თუ მიაჩნდა, რომ საქმე არ უნდა განხილულიყო სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედიოდა, უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება და სარჩელი ამ ნაწილში დაეტოვებინა განუხლველად. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უარით მართლზომიერ მოსარგებელდ ცნობის თაობაზე ჩამოართვა უფლება მიმართოს მართლზომიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოს და მოიპოვოს უფლება იმ საცხოვრებელ ფართზე, რომლესაც ფლობს (იხ. ს.ფ. 125-126; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები (სასკ 34.3 მ.):

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (იხ. ს.ფ. 130-133; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 147-154; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამარლოს მიერ საქმე განხილული და გადაწყვეტილია საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით.

საქმის მასალების შესაბამისად, ტ. მ-ა 1957 წლიდან მუშაობდა დაბა ... ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. მეურნეობის დირექციამ მას სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი ფართი, მეურნეობის საერთო საცხოვრებელში მდებარე II რაიონში მდებარე №20 ბინაში, II სართულზე (ამჟამად, ... ქ. №41-ში), ხოლო 1987 წლიდან კი მეურნეობის ხელმძღვანელობამ ნება დართო დაეკავებინა მისი ბინის I სართულზე არსებული 4 ოთახი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია და ამას არც მოსარჩელე უარყოფს, რომ აღნიშნული ფართის ფლობის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი არ გააჩნია.

1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ გაიცა №59 ორდერი რ. პ-ისა და ი. პ-ის სახელზე, ... ქ. №9-ში მდებარე I სართულზე არსებულ 48 კვ.მ ფართზე (იხ. ს.ფ. 31; ტ.1).

აღნიშნული ორდერის საფუძველზე 2011 წლის 8 სექტემბრის №912 ბრძანების შესაბმისად, ი. პ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ოზურგეთში, დაბა ... ... ქ.№9-ში პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი - 65,45 კვ.მ. ფართი (იხ. ს.ფ. 33; ტ.1) რის საფუძველზეც გაიცა №236 საკუთრების უფლების მოწმობა (იხ. ს.ფ. 34; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 12 სექტემბერს ი. პ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული ფართი (იხ. ს.ფ. 34).

კონკრეტულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელის საგანს წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის №912 ბრძანებისა და ი. პ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №236 მოწმობის ბათილად ცნობა; რ. პ-ისა და ი. პ-ის სახელზე 1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ გაცემული №59 ორდერის ბათილად ცნობა (თავდაპირველი მოთხოვნა არარად ცნობა, დააზუსტა 2011 წლის 20 დეკემბრის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი; ს.ფ. 153-157; ტ.1) საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი (№...) ი. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და ტ. მ-ას დაბა ..., მდებარე №20 ბინაში (ამჟამინდელი ... ქ. №41) პირველ სართულზე არსებული 79.06 კვ.მ. საერთო ფართზე და ამავე ბინის მეორე სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ. საერთო ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობა.

საკასაციო სასამართლო ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ირგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებაზე მითითებით, განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხდება მხოლოდ ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის. ამასთან, ამავე ბრძანებულების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად. არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის 1 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნტის შესაბამისად, კი კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით ანუ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, იმისათვის რომ პირი მიჩნეულ იქნეს კანონიერ მოსარგებლედ მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი იმისა, რომ იგი მართლზომიერად ფლობს ფართს და წარმოადგენს კანონიერ მოსარგებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევიათ საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, რის საფუძველზე მოხდა მოსარჩელის სადავო ფართში შესახლება, არსებობდა თუ არა მმართველობითი აქტი მათი სადავო ფართში შესახლებისა ან სხვა რაიმე იურიდიული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადგენა დავის საგანთან მიმართებით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო რ. პ-ისა და ი. პ-ის სახელზე 1996 წლის 15 აპრილს ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ გაცემული №59 ორდერის დედანი, სასამართლოს არ გამოუკვლევია ასევე აღნიშნული ორდერი გაცემული იყო თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ, რაიონული და სააპელაციო სასამართლოები აღნიშნული ოდერის შეფასებისას აპელირებდნენ მხოლოდ მისი სიყალბის დაუდგენლობაზე, ისე რომ არ შეუფასებიათ მთელი რიგი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია ოზურგეთის გამგეობა იყო თუ არა უფლებამოსილი სადავო ფართზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე ანუ მათ ბალანსზე იყო თუ არა აღრიცხული სადავო ბინა. სასამართლოების მიერ არ არის შეფასებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... სს ,,...“ 2011 წლის 3 ნოემბრის №44 და 2011 წლის 11 ნოემბერის №49 წერილები. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, მოიპოვოს მტკიცებულებები და მათი შეფასების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისთავის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რამდენად წარმოადგენდა ტ. მ-ვა სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს და რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა მას სადავო აქტების ბათილად ცნობაზე და მათი ბათილად ცნობით რა შედეგები დადგება მოსარჩელისათვის. მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით დადასტურებულია და რასაც არც მოსარჩელე უარყოფს, რომ მას ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზლოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან - სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი, თავის მხრივ, ორი ელემენტისაგან შედგება, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, კერძოდ, სარჩელი ეფუძნება იმ გარემობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მოხდა ი. პ-ისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა დაბა ..., ... ქ. №9-ში პირველ სართულზე მდებარე სამ ოთახზე, საერთო ფართი 65,45 კვ.მ. და შემდეგ ამ მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დარეგისტრირება. ამასთან, მოსარჩელე ასევე ითხოვდა ადმინისტრაციული კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელებას, კერძოდ, დაბა ... მდებარე ... ქ. №20-ში (ამჟამად ... ქ. №41) I სართულზე არსებული 79,06 კვ.მ. საერთო ფართისა და ამავე ბინის II სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ. საერთო ფართის კანონიერ მოსარგებლედ აღიარებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსზაღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები. სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი და აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მოსარჩელის სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის მიმართ გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ ,,თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, თავად, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი ანუ სარჩელის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტობრივი მიზეზების არარსებობის გამო მის ბათილად ცნობას აქვს თუ არა მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის დანაწესისა, რომლის თანახმად საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად იმსჯელოს ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობის საფუძვლებზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ი. პ-ეზე საკუთრების უფლება გაცემულია და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება დარეგისტრირებული მხოლოდ სადავო ბინის პირველ სართულზე არსებულ სამ ოთახზე, საერთო ფართი - 65,45 კვ.მ., ხოლო მოსარჩელე კი სარჩელით ითხოვს როგორც ზემოაღნიშნულ ფართზე ასევე, ამავე ბინის II სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ - ფართზე საკუთრების უფლების აღიარებასაც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კი ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზლოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქ. თბილისში - შესაბამისი რაიონოს გამგებელი) განცხადების საფუძველზე, ტ. მ-ას კი, ოზურგეთის რაიონული მუნიციპალიტეტისათვის კანონიერ მოსარგებლედ ცნობისა და დაბა ..., II რაიონში, ... ქ. №20-ში (მაჟამად ... ქ. №41-ში) მდებარე ბინის II სართულზე არსებულ ფართზე - 78,68 კვ.მ-ზე საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით არ მიუმართვას, საქმეში ამგვარი მტკიცებულება არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი ფუნქციიდან გამომდინარე სსსკ-ის 404.3. მუხლის მიხედვით გააჩნია უფლებამოსილება სარჩელის დასაშვებობის თაობაზე უწყებრივი კომპეტენციის განსაზღვრის თვალსაზრისით, რაც სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხის შემოწმებისას სასამართლო სამართლებრივი შემოწმების ფარგლებს არ გასცდება. ადმინისტრაციული სარჩელის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმებისას საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება ამ ინსტიტუტის სამართლებრივ დანიშნულებას და ინსტიტუციონალური კომპეტენციის ფარგლებს ანუ მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელის დაუშვებლობის წინაპირობების გამოვლენის შემთხვევაშია შესაძლებელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის გამოყენება.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებთან შესაბამისობა საჭიროებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რაც მხოლოდ ქვემდგომი სასამართლოების პროცესუალურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელის სარჩელის დასაშვებობის თაობაზე სწორედ ზემომითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობების გათვალისწინებით და ამასთან, ასვე უნდა იმსჯელოს კანონიერი მოსარგებლედ აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში წარმოადგენას თუ არა სასამართლოს განხილვის კომპეტენციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/