Facebook Twitter

ბს-433-428(კ-12) 23 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა - სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

06.01.2012 წ. ნ. გ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ, მოპასუხის 05.12.2011წ. #1515181 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს შსს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მოსარჩელე 2009 წლის 13 ნოემბრიდან დასაქმებულია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებაში უბნის ინსპოქტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, საიდანაც განთავისუფლებულ იქნა სამმართველოს უფროსის 05.12.2011წ. #1515181 ბრძანებით. ნ. გ-ი ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სადავო აქტს საფუძვლად დაედო სამხედრო სამედიცინო კომისიის #3534 ცნობა, რომელიც სუბიექტური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ჯანმრთელია, კომისიამ დასკვნაში მიუთითა, რომ იგი დაავადებულია გუნება-განწყობის აფექტური აშლილობა F38-ით და საჭიროებს ამბულატორიულ მკურნალობას, რის გამოც არ არის ვარგისი ოპერატიული საგუშაგო სამსახურისთვის. მოსარჩელე თვლის, რომ მისი ავადმყოფობა რომც ყოფილიყო დადგენილი, მოპასუხეს მაინც არ უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, რადგან ჯერ უნდა მომხდარიყო მოსარჩელის ბიულეტინზე გაშვება, მკურნალობა და უკვე შემდგომში, გადაწყვეტილების მიღება.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო სამხედრო სამედიცინო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე დაავადებულია გუნება-განწყობის აფექტური აშლილობა F38-ით და რეკომენდირებულია ამბულატორიული მკურნალობა. დასკვნის მიხედვით, იგი არ არის ვარგისი ოპერატიული საგუშაგო სამსახურისთვის, ხოლო ის თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა ნ. გ-ი წარმოადგენს ოპერატიულ სამსახურს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.02.2012წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება კომისიის #3534 ცნობის არაობიექტურობის შესახებ და აღნიშნა, რომ პირის პოლიციის ორგანოში სამსახურისათვის ვარგისიანობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი ჯანმრთელობაა, რომლის მდგომარეობასაც მოპასუხე სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო საექიმო კომისიის მეშვეობით ამოწმებს. კომისიამ შეამოწმა მოსარჩელის ჯანმრთელობა და დაადგინა, რომ იგი არ არის ვარგისი ოპერატიული საგუშაგო სამსახურისთვის. მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება ეჭვი შეეტანა სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის ნამდვილობაში. ნ. გ-ს ჰქონდა შესაძლებლობა სადავო გაეხადა და ემტკიცებინა კომისიის დასკვნის უსწორობა, მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ თავისი ოპერატიული საგუშაგო სამსახურისთვის ვარგისიანობა რაიმე მტკიცებულებით ვერ გაამყარა და მხოლოდ ზეპირი განმარტებებით შემოიფარგლა, შესაბამისად, ვერ შეძლო კომისიის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრების დამტკიცება. მოპასუხე, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საჯარო უფლებამოსილებების ეფექტური განხორციელებისა და სწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით, ვალდებული იყო ემსჯელა მოსარჩელესთან სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტაზე და მიეღო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე მოსარჩელის მოსაზრება მისი სხვა სამსახურში გადაყვანის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ისე, რომ ის აღარ არის ვარგისი დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის გასაგრძელებლად, პოლიციის ორგანო არ არის ვალდებული იმსჯელოს მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესაძლებლობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილია სხვა სამსახურში გადაყვანის შეთავაზების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან პირის გათავისუფლების შესახებ, თუმცა ორგანო შეზღუდული არ არის მოახდინოს პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანაც, აღნიშნული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა კანონიერად, საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი, რაც სასამართლოს აზრით, თავისმხრივ განაპირობებს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების დაუსაბუთებლობას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.02.2012წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2012წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.02.2012წ. გადაწყვეტილება ნ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან 100 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში და ნ. გ-ს დაუბრუნდა მის მიერ სს ,,ბანკ რესპუბლიკის” ქუთაისის ფილიალში 06.01.2012 წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან – 200 ლარიდან 100 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ საკითხის სწორი გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმ საქმიანობის ფუნქციური განსაზღვრა, რასაც ნ. გ-ი ახორციელებდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. ნ. გ-ზე, როგორც შს სამინისტროს ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლის საქმიანობაზე, ვრცელდებოდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. აღნიშნული კანონებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სახელმწიფო ორგანოების სპეციალურ სამსახურებში მომუშავე პირებისაგან კანონმდებელი მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას, შესაბამის ჯანმრთელობას, მაღალ შრომისუნარიანობას, დავალების შესრულების სიზუსტეს და მდგრად ემოციურ-ნებით რეგულაციას. აღნიშნული გარემოებების გარკვევა მნიშვნელოვანია, როგორც ასეთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატის, ასევე უკვე მომუშავე მუშაკის შესაფასებლად, რათა ამ უფლებამოსილების განხორციელების პირობებში სამსახურებივ საქმიანობასთან პირის შეუსაბამობამ არ გამოიწვიოს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი ხელყოფა. პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური და ამ სამსახურის შემადგენლობაში არსებული ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისია.

სააპელაციო პალატამ ნ. გ-ის ოპერატიული საგუშაგო სამსახურისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია აპელანტის – ნ. გ-ის მიერ წარდგენილი შპს ,,...” დასკვნა და აღნიშნა, რომ ცენტრის დასკვნა ემყარება არასწორ ინფორმაციას აპელანტის მშობლის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნა მიუთითებს აფექტური და არა პათოლოგიური აშლილობის არსებობაზე. პალატამ განმარტა, რომ გუნება-განწყობის აფექტური აშლილობის დროს სწორი თერაპიული და სხვა შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია პირის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და შრომითი ადაპტაცია, რაც უფრო გართულებულია ფსიქიკურ ფუნქციებში პათოლოგიური გადახრისას. გუნება-განწყობის აფექტური აშლილობის შემთხვევაში პირის სულიერი მღელვარების, ძლიერი განცდის ფონზე და ამ მდგომარეობის შებრუნებითი ხასიათის გათვალისწინებითაც არსებობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უუნარობის რისკიც, რაზეც ჩატარებულ კვლევაში შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიის ექსპერტებიც უთითებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, რა ნაწილშიც შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2012 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფიება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა ნ. გ-ის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და არც თვითონ ის დასკვნა იქნა გამოკვლეული, რომლის საფუძველზეც კასატორი გათავისუფლდა სამსახურიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ კომისიის დასკვნა არასრული, არაზუსტი და არასარწმუნოა: კასატორმა სამედიცინო შემოწმებისას არაერთი ტესტი ჩააბარა წარმატებით, რაზეც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა. ამასთან, ექსპერტიზის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნის არსებობის პირობებში, მოსამართლეს თავად უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, რათა უზრუნველეყო კომისიის სადავოდ გამხდარი დასკვნის ნამდვილობის შემოწმება. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმას, რომ შემოწმების აქტი იყო ხელმოუწერელი და დაუმოწმებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამედიცინო შემოწმების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, იგი გახდა მისდამი დაუსაბუთებელი ნეგატიური დამოკიდებულების მსხვერპლი.

საკასაცო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 05.12.2011 წ. №1515181 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სადავო აქტით დგინდება, რომ კასატორის სამსახურიდან განთავისუფლება განხორციელდა ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ ავადმყოფობის გამო, თუ პირს აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება. ამდენად, სადავო ბრძანების მართლზომიერების დასადგენად, უპირველესად უნდა დადგინდეს ნ. გ-ის ავადმყოფობის ფაქტი, რომლის გამო შეუძლებელია სამსახურის გაგრძელება. ადმინისტრაციული ორგანო და ქვედა ინსტანციების სასამართლოები ავადმყოფობის ფაქტის დადგენისას დაეყრდნენ სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის 18.11.2011 წ. შემოწმების აქტის ამონაწერს, რომლის მიხედვითაც, ნ. გ-ს ახასიათებს რეალობიდან მოწყვეტა, ზოგადი პროდუქტიულობის დაქვეითება, აღქმის დარღვევები, აქვს მიდრეკილება მოვლენათა გადაჭარბებული დეტალიზაციისკენ, ახასიათებს აზროვნების არათანმიმდევრულობა, დაუსაბუთებელი დასკვნები და მტკიცებები, რომლებიც მოკლებულები არიან ლოგიკურ ხაზს, აზროვნებას აკლია სიმკვეთრე, აღენიშნება გადაჭარბებული ემოციურობა, არაგულახდილია, ცდილობს დამალოს თავისი ხასიათის დეფექტები და კონფლიქტები. შემოწმების აქტის თანახმად, ნ. გ-ს აქვს გუნება-განწყობის აფექტური აშლილობა F38, რის გამოც არ არის ვარგისი ოპერატიული საგუშაგო სამსახურისთვის და რეკომენდირებულია მისი ამბულატორიული მკურნალობა.

ხსენებული შემოწმების აქტის პარალელურად ქვედა ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვისას ნ. გ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „...“ 24.02.2012წ. ამბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის №5 დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნ. გ-ი ცხოვრების მნიშნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ათარიღებს სწორად, აღქმის პათოლოგია ობიექტურად არ აღენიშნება, ბოდვით აზრებს არ გამოთქვამს, ყურადღება მობილიზებული აქვს, ძალუძს სააზროვნო ამოცანების არსებითი წვდომა და ლოგიკური განზოგადება, ასოციაციები თანმიმდევრული და შინაარსობრივად გასაგებია, ინტელექტი შეესაბამება მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, ახასიათებს შინაგანი შფოთვის ელემენტები, თუმცა ემოციურად სტაბილურია. ამასთან, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ნ. გ-ი ფსიქიკური ავადმყოფობით დაავადებული არ არის, ფსიქიკურ ფუნქციებში რაიმე პათოლოგიური გადახრა არ აღენიშნება. ჩატარებული გამოკვლევით დადასტურებულ იქნა აგრეთვე, რომ ფსიქიკის მხრივ რაიმე დარღვევა არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თაანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება ხდება მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, რაც მტკიცებულებათა სწორი შეფასების აუცილებელი წინაპირობათაგანია. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი კრიტერიუმით: მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და, იმის მიხედვით, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ერთობლივ შეფასებას, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ექსპერტის დასკვნის, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულების, შემოწმება და სათანადოდ შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ექსპერტიზის კვალიფიციური, ობიექტური დასკვნა სასამართლოს მიერ დასაბუთებული და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა, რაც თავის მხრივ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა.

სამხედრო საექიმო კომისიის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ რეკომენდირებულია პაციენტის ამბულატორული მკურნალობა, თავის მხრივ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გუნება-განწყობის აფექტური აშლილობის დროს სწორი თერაპიული და სხვა შესაბამისი მკურნალობის პირობებში შესაძლებელია პირის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ნ. გ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 17.03.1997წ. №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 52-ე მუხლის შესაბამისად, ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებამდე მას უნდა მისცემოდა ავადმყოფობის გამო შვებულება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში შვებულებაში გაშვება ხდება სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომლის არარსებობის გამოც, ნ. გ-ს სამსახურიდან განთავისუფლებამდე შვებულება არ მიეცემა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული მოსაზრება დაუსაბუთებელია, რადგან კომისიის დასკვნა შეიცავს რეკომენდაციას ამბულატორიული მკურნალობის საჭიროების შესახებ, ამასთანავე, საქართველოს შს მინისტრის 05.03.2005წ. №192 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების პირველი მუხლის მიხედვით შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ახორციელებს მიმაგრებული კონტინგენტის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, თადარიგში დათხოვნილ პირთა, მათი ოჯახის წევრთა და სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას. ამდენად, სამხედრო-სამედიცინო კომისია, რომელიც შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შემადგენელი ნაწილია (შს მინისტრის 05.03.2005წ. №192 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 3.1 მუხ.), ახდენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ავადმყოფობის დადგენას და არა ავადმყოფობის გამო შვებულების მიცემის საჭიროების განსაზღვრას.

სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი უარყოფა ხდება სასამართლოს დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე. სააპელაციო პალატის მიერ შპს ,,...“ დასკვნის უარყოფის საფუძვლები არ არის დამაჯერებელი. სააპელაციო პალატამ შპს ,,...“ დასკვნა უარყო იმის გამო, რომ მასში გარკვეული სახის უზუსტობაა დაშვებული კასატორის მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ცენტრის დასკვნა უარყოფს ნ. გ-ის ფსიქიკურ ფუნქციებში პათოლოგიური გადახრის არსებობას, რომელსაც არც სამხედრო-საექიმო კომისიის შემოწმების აქტი ადასტურებს, ამ უკანასკნელით დადგენილია მხოლოდ გუნება-განწყობის აფექტური აშლილობა F38, რაც პათოლოგიური გადახრისაგან არსებითად განსხვავდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული ,,...“ დასკვნა არამარტო ფსიქიკურ ფუნქციებში პათოლოგიურ გადახრას უარყოფს, არამედ ერთმნიშვნელოვნად უთითებს, რომ გამოკვლევით არ დასტურდება ფსიქიკის მხრივ რაიმე დარღვევის არსებობა. რაც შეეხება ცენტრის მითითებას მემკვიდრეობითი დატვირთვის არარსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიურ დასკვნას შეიცავს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნაც (ტ.1, ს.ფ.169). ამასთან, დაუშვებელია ნ. გ-ის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული უზუსტობის გამო ექსპერტიზის დასკვნის უარყოფა, რადგან მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ,,ფსიქატრიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, არ არის ნ. გ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი კრიტერიუმი.

საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ სამხედრო-საექიმო კომისიის გამოკვლევაზე ნ. გ-ი წარდგენილი იყო ფსიქიატრიული შემოწმების მიზნით (ტ.1.ს.ფ. 22-24, 53). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჩატარებული შემოწმება არ პასუხობს ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარების დადგენილ სტანდარტს, კერძოდ, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და ,,პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.09.2007 წ. №285/ნ ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახად, პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა ტარდება შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ნ. გ-ისთვის ფსიქიატრიული კვლევის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩატარების ფაქტი.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ კომისიის დასკვნა არ ესადაგება საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ ნ. გ-ი 1998 წლიდან მსახურობდა შსს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2009 წლის 13 ნოემბრიდან 2011 წლის 05 დეკემბრამდე კასატორი დასაქმებული იყო უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებაში. დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებამდე (05.12.11წ.) მცირე ხნით ადრე ნ. გ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.03.2011 წ. ბრძანებით მიენიჭა პოლიციის მაიორის სპეციალური წოდება. საქართველოს პრეზიდენტის 17.03.1997 წ. №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების (ძალადაკარგულად არის გამოცხადებული 2013 წლის 01 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის 28.12.12 წ. №1141 ბრძანებულებით) 31-ე მუხლის მიხედვით, ოფიცერი მორიგი წოდების მისანიჭებლად უნდა წარადგინოს მისმა უშუალო უფროსმა, ამასთან, მორიგი სპეციალური წოდება ოფიცრებს მიენიჭებათ დადებითი ატესტაციის, წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. ამდენად, დასტურდება, რომ ნ. გ-ი წოდების მინიჭების დროისთვის პასუხობდა სამსახურებრივ მოხოვნებს, შესაბამისად, მას არ ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა გარშემომყოფებთან და მოქალაქეებთან, არ იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში, ჰქონდა დადებითი სამსახურებრივი მაჩვენებლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ დასკვნებს შორის სახეზეა არსებითი ხასიათის ურთიერთწინააღმდეგობა. ნ. გ-ის შუამდგომლობის მიუხედავად არ იქნა დაკითხული კომისიის დასკვნის მომზადებაში მონაწილე პირები, დასკვნების ურთიერთწინააღმდეგობის და საკითხის გარკვევისთვის სპეციალური ცოდნის საჭიროების მიუხედავად სასამართლოს მიერ არ დანიშნულა განმეორებითი ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის დაუსაბუთებლობის, წინააღმდეგობრიობის, არასარწმუნოობის ან მისი პროცედურული წესების დარღვევით ჩატარების შემთხვევაში ინიშნება განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც ატარებს მაკონტროლებელ ხასიათს და ემსახურება იმ საფუძვლიანი ეჭვების აღმოფხვრას, რომლებიც უკვე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით ჩნდება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განმეორებითი ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო პროფესიულ თვისებებთან შესაბამისობის დადგენაა. ამდენად, განმეორებითმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნ. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გაემოებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახალი განხილვისათვის უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად არის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.12წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.02.12წ. გადაწყვეტილება. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე