Facebook Twitter

№ბს-535-526(კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ მ. მ-ი

წარმომადგენელი _ თ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია

წარმომადგენელი _ მ. ბ-ი

მესამე პირი – სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი _ ო. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 28 ნოემბერს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის #2479 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ობიექტურად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 13 ივნისს მან განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწმობის პროექტის განხილვა მოითხოვა. 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანებით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მოსარჩელეს უარი უთხრა ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის წარდგენილი ვარიანტის შეთანხმებაზე. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიაში გაასაჩივრა, რომლის 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისათვის წარდგენილ იქნა ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტი და აღნიშნულის მიღებას საფუძვლად დაედო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დადებითი შეფასება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პროექტის შეთანხმებაზე წარდგენილმა დოკუმენტაციამ სამჯერ გაიარა ძეგლთა დაცვის საბჭოს სხდომა. ყველა პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არქიტექტურის სამსახურმა უარი თქვა წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე. თავის მხრივ არქიტექტურის სამსახური დაეყრდნო გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დასკვნას, რომლითაც ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოსარჩელეს უარი ეთქვა ორანჟერეის მოწყობის პროექტის შეთანხმებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან ზედმიწევნით გათვალისწინებულ იქნა და შესრულდა საბჭოს მიერ გამოთქმული ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია. 2009 წლის 16 აპრილის საბჭოს სხდომაზე დადებითი შეფასება მიეცა ორანჟერეის მოწყობის მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებს და ამის შემდეგ კი მოსარჩელემ უარყოფითი დასკვნა მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 13 ივნისს მ. მ-მა №12/71708-13 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის განხილვა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 2011 წლის 14 ივნისის №24 სხდომის დღის წესრიგის 39-ე საკითხს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის განხილვა. განხილვის შედეგით მ. მ-ს უარი ეთქვა (უარი ეთქვა -5, დადებითი შეფასება -2) ორანჟერეას პროექტის შეთანხმებას. ხოლო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანებით მ. მ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე, (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის წარდგენილი ვარიანტის შეთანხმების თაობაზე.

2011 წლის 1 აგვისტოს მ. მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერს, რომლითაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანების ბათილად ცნობა და არქიტექტურის სამსახურისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ობიექტურად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 2009 წლის 16 აპრილის №14 სხდომის ოქმით დადებითი შეფასება მიეცა ქ. თბილისში, ... მოედანზე ორანჟერეის მოწყობას. ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულებით მოსარჩელე მ. მ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე ორანჟერეის მოწყობის პროექტი ხელახლა განხილულ იქნა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებულ სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე, რომლის 2011 წლის 14 ივნისის №24 სხდომის ოქმით უარყოფითი შეფასება მიეცა წარდგენილი პროექტის შეთანხმებას. აღნიშნულ ოქმზე დაყრდნობით, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანებით განმცხადებელს უარი ეთქვა მიწისქვეშა გადასასვლელზე ორანჟერეის მოწყობის პროექტის წარდგენილი ვარიანტის შეთანხმებაზე, რაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ აქტებში არ იყო დასაბუთებული უარის მიზეზი და საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 213-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს და მშენებლობის ნებართვას (გარდა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვისა, საკულტო ნაგებობებზე სამუშაოების ნებართვისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვისა) გასცემს ქალაქ თბილისის მერია ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე. ხოლო „საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვისა და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების“ პირველი მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო - გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო (შემდგომში: „საბჭო“) წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის სათათბირო ორგანოს. ამავე დებულების მე-3 მუხლი განსაზღვრავს საბჭოს კომპეტენციას. კერძოდ, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: დედაქალაქის ტერიტორიაზე, ისტორიულ ნაწილში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ორგანიზებულად წარმართვისათვის მოსაზრებების მომზადება, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და ახალმშენებლობის პროექტების, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; დეტალური დაგეგმარების პროექტები; განაშენიანების პროექტები; უფლებრივი ზონირების რუკები; ისტორიულ-კულტურულ საყრდენი გეგმა და სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია) განხილვა და ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონების საზღვრებში ცალკეული შენობების რესტავრაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, ადაპტაციისა და ახალი შენობა-ნაგებობების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო - გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ახალი შენობა-ნაგებობების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვას, ხოლო ვინაიდან სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე უარყოფითი შეფასება მიეცა წარდგენილ პროექტის შეთანხმებას, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას საბჭოს დასკვნის გარეშე მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, რადგან იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას ეხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ქ. თბილისის მერიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ქ. თბილისის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება აღნიშნული მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და მიუთითა, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მერიის მხრიდან კანონშესაბამისად იქნა მიღებული განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მერიისათვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ობიექტურად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა ისეთი დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა გამხდარიყო მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის არ უმსჯელია და არ შეუფასებია საქმეში არსებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს ურთიერთსაწინააღმდეგო ოქმები – 2009 წლის 16 აპრილის №14 სხდომის ოქმი (დადებითი შეფასება) და 2011 წლის 14 ივნისის №24 სხდომის ოქმი (უარყოფითი შეფასება).

კასატორი მიუთითებს, რომ არ დასახელებულა არც ერთი გარემოება, რომელიც გამოიკვლია და შეაფასა საბჭომ და ქ. თბილისის მერიამ და არ მიუთითებიათ რომელიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რის გამოც უარი ეთქვა მას პროექტის შეთანხმებაზე.

კასატორის მითითებით, სასამართლო განამტკიცებს მოსაზრებას თითქოს საბჭოს გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება და იგი სავალდებულოა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. კასატორის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, რადგან წინასწარ ცნობილი იქნებოდა, რომ საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ იგი არ ითხოვს საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილების გაუქმებას. იგი ითხოვს პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის დასაბუთებას და იმ კონკრეტულ მიზეზებზე მითითებას, რის გამოც ეთქვა მას უარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მისცემდა მას დაშვებული უსწორობების გამოსწორების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 13 დეკემბერს 13:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 13 ივნისს მ. მ-მა №12/71708-13 განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის განხილვა მოითხოვა (ს.ფ. 84). საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 2011 წლის 14 ივნისის №24 სხდომის დღის წესრიგის 39-ე საკითხს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის განხილვა. განხილვის შედეგით მ. მ-ს უარი ეთქვა (უარი ეთქვა -5, დადებითი შეფასება -2) ორანჟერეის პროექტის შეთანხმებას (ს.ფ. 92-116). ხოლო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანებით მ. მ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშ გადასასვლელზე, (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის წარდგენილი ვარიანტის შეთანხმებაზე (ს.ფ. 16).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს მ. მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას, რომლითაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანების ბათილად ცნობა და არქიტექტურის სამსახურისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ობიექტურად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 2009 წლის 16 აპრილის №14 სხდომის ოქმით დადებითი შეფასება მიეცა ქ. თბილისში, ... მოედანზე ორანჟერეის მოწყობას (ს.ფ. 19-20). ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულებით კი მოსარჩელე მ. მ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანება (ს.ფ. 21-24), ისე, რომ მას არ მისცემია განმარტება, თუ რა ხარვეზები იყო დაშვებული პროექტში და როგორ უნდა გამოესწორებინა იგი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე და ვერ დაასაბუთეს მ. მ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება წარმოადგენდა; ხოლო საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიისათვის სათანადო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება წარმოადგენს. მოსარჩელე სადავოდ ხდის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და როგორც საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე, ასევე, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მიუთითებს, რომ მან ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი უარი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, სადაც არ იყო აღნიშნული კონკრეტული მიზეზი და გარემოება, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოესწორებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული უსწორობები, ის შენიშვნები, რაც წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არც საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილების გაუქმებასა და არც ქ. თბილისის მერიისათვის მის სასარგებლოდ კონკრეტული აქტის მიღების დავალდებულებას ითხოვს. მოსარჩელის მოთხოვნას ქ. თბილისის მერიის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს, მოსარჩელე პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის დასაბუთებას და იმ კონკრეტულ მიზეზებზე მითითებას ითხოვს, რის გამოც უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კასატორის მითითებით, აღნიშნული მისცემდა მას წარდგენილ პროექტში დაშვებული უსწორობების გამოსწორების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 2011 წლის 14 ივნისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ივნისის №2421 ბრძანებით მ. მ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე, (სავაჭრო პავილიონი) ორანჟერეის მოწყობის პროექტის წარდგენილი ვარიანტის შეთანხმებაზე. აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით მ. მ-მა ქ. თბილისის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც მიუთითებდა, რომ მან არქიტექტურის სამსახურიდან მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სადაც არ იყო აღნიშნული მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სწორედ დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვდა ქ. თბილისის მერიისგან არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას. აღნიშნულის მიუხედავად ქ. თბილისის მერიამ სადავოდ ქცეული 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულებით ისე უთხრა უარი მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ არ უმსჯელია ადმინისტრაციული საჩივრის მოტივებზე. ქ. თბილისის მერიას მოსარჩელისათვის არ განუმარტავს, რა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა მის მიერ წარდგენილი პროექტი (იმ პირობებში, როდესაც დადებითი შეფასება მიეცა ... მოედანზე სავაჭრო პავილიონი-ორანჟერეის დასაპროექტებლად მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადებას).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №2479 განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის დასაბუთებას, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქ. თბილისის მერიამ საქმის გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტებს და განმარტავს, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით იმსჯელოს და შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტის როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ კანონიერებას და წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად, მხოლოდ კანონის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართალია ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო – გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ახალი შენობა-ნაგებობების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვას, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს ქ. თბილისის მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერიის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით შუალედურ აქტს წარმოადგენს და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტლების მიღებისას, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კითხვაზე „რატომ“.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს სწორედ საბჭოს მიერ გაცემული დაუსაბუთებელი უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს, სადაც ასევე არ არის მითითებული რა გახდა უარყოფითი დასკვნის გაცემის საფუძველი, რისი გამოსწორების შესაძლებლობაც შეიძლება მისცემოდა მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს უნდა სცოდნობა რა მოტივით, რა მიზეზით ეთქვა უარი მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბჭოს დაუსაბუთებელი უარყოფითი დასკვნა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების საგანი შეიძლება ყოფილიყო და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრი დაკარგა მ. მ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამ, ისევე როგორც ფორმალური ხასიათი შეიძინა ქ. თბილისის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერია და ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და შემოიფარგლნენ მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო საბჭოს დასკვნის საფუძველზე. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ქ. თბილისის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურა, გასაჩივრებული აქტის კანონიერება და ის, რომ სრულიად დაუსაბუთებელი იყო ქ. თბილისის მერიის გასაჩივრებული განკარგულება და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიამ ვერ დაასაბუთა სადავო აქტის კანონიერება, ხოლო კასატორმა - მ. მ-მა შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ქ. თბილისის მერიის გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის #2479 განკარგულება და ქ. თბილისის მერიას უნდა დაევალოს მ. მ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა შეამოწმოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიამ ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება მ. მ-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც იგი უფლებამოსილია გამოითხოვოს საბჭოს განმეორებითი დასაბუთებული დასკვნა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმებისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თ. რ-ის მიერ მ. მ-ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს - ქ. თბილისის მერიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 28 ოქტომბრის #2479 განკარგულება და ქ. თბილისის მერიას დაევალოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. ქ. თბილისის მერიას თ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ მ. მ-ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე