საქმე ¹ბს-542-533(კ-12) 16 იანვარი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2012 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,…“ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს და აღმასრულებელ დ.ბ-ის მიმართ აღმასრულებელ დ.ბ-ის მიერ შპს ,,ლ…“ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის მხოლოდ ერთი კრედიტორის სასარგებლოდ დანიშვნის თაობაზე განკარულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და იძულებითი აუქციონის ორივე კრედიტორის სასარგებლოდ ჩატარებულად ჩათვლის მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.11.2011 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ო. პ-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 28.12.2011წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2012წ. განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, „ა…“ (შპს ,,…“ საქართველოს ფილიალი) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.07.2012 წ. №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. „ა…“ (შპს ,,…“ საქართველოს ფილიალს ს.კ. …) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.07.2012 წ. №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე