Facebook Twitter

საქმე ¹ბს-547-538 (კ-12) 23 იანვარი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა ,,გ...” და სს ქარხანა ,,ელ...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2012 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამხანაგობა ,,გ...” და სს ქარხანა ,,ელ...” სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სს ,,ე...” მიმართ მოპასუხის 13.09.2011 წ. #138754 გადაწყეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.05.2011 წ. წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებისა და 14.06.2011 წ. წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ამასთან, მოითხოვეს საქმეში მოპასუხე სს ,,ე...” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მესამე პირებად ჩართვა, რაც დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2012 წ. გადაწყვეტილებით სს ქარხანა ,,ელ...” და ამხანაგობა ,,გ...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2012 წ. განჩინებით სს ქარხანა ,,ელ...” და ამხანაგობა ,,გ...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,გ...” და სს ქარხანა ,,ელ..” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ამხანაგობა ,,გ...” და სს ქარხანა ,,ელ...” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კასატორს - სს ქარხანა ,,ელ...” სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 17.08.2012 წ. #5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ამხანაგობა ,,გ...” და სს ქარხანა ,,ელ...” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18,04.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს სს ქარხანა ,,ელ...” (ს.კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 17.08.2012 წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ.სილაგაძე