საქმე ბს-568-558 (კ-12) 16 იანვარი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ.ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
22.09.11 წ. კ. ჯ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზემის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს და მესამე პირის შპს ,, ..." მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს უფროს დ. მ-ესა და შპს ,, ..." შორის, 07.07.2011 წ. გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის N44 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 08.11.2011 წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2012 წ. გადაწყვეტილებით კ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ჯ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2012 წ. განჩინებით კ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც კ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორს _ კ.ჯ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 31.07.2012 წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ კ.ჯ-ს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 31.07.2012 წ. სალაროს შემოსავლის #1 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ლ. მურუსიძე