ბს-576-566(კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ფ-ე, წარმომადგენლები - ე. ბ-ი, მ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი – ს. შ-ა
მესამე პირები - 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - ე. ხ-ე; 2. ც. ჟ-ე; 3. ზ. გ-ი; 4. ა. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 18 ივლისს მ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მამას - გ. ფ-ეს ქ. თბილისში, დაბა ავჭალაში, ამჟამად ... ქ. ... №...-ში ჰქონდა 1924 წელს აშენებული საკუთარი საცხოვრებელი სახლი. 1957 წლის 20 სექტემბერს ავჭალის ... მმართველ გ. დ-ესა და გ. ფ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. ფ-ემ თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ქუჩის მხარეს მდებარე ოთახი მიაქირავა ... გ. დ-ეს. საცხოვრებელი სახლი გაქირავებულ ფართთან ერთად საინვენტარიზაციო ბიუროში აღირიცხა 1957 წლის 23 ნოემბერს, როგორც უპროექტო და უნებართვო ნაგებობა. ამავე თარიღით შედგა სააღრიცხვო ბარათი №010218. გ. ფ-ე გარდაიცვალა 1977 წელს, ხოლო გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებაზე 2009 წლის 25 მაისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. მ. ფ-ის მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისში, ... (ყოფილი ...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2011 წლის 3 თებერვალს მომზადდა ცნობა-დახასიათება, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით, არ შეესაბამებოდა არსებულ მონაცემებს. მ. ფ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2011 წლის 3 თებერვალს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში უსწორობის გასწორებისა და 1957 წლის 23 ნოემბრის №010218 სააღრიცხვო ბარათთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით. მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის 16 თებერვლის №22238 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ემ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 აპრილის №62673 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის საფუძველზეც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 3 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ხარვეზის შესწორების შესახებ. 2011 წლის 3 მაისს მომზადდა ცნობა-დახასიათება, სადაც ამოირიცხა №4 ოთახის სახელმწიფო საკუთრება და მის მოსარგებლედ კვლავ არარსებული აფთიაქი მიეთითა. მ. ფ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ნაცვლად გ. ფ-ის მითითების თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით ეფუძნება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებას.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქ. ... №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ 1957 წლის 23 ნოემბერს შედგენილი სააღრიცხვო ბარათი №010218, რომელიც მითითებული უნდა ყოფილიყო ყველა ცნობა-დახასიათების მომზადების საფუძვლად. აღნიშნული სააღრიცხვო ბარათით №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქი აღრიცხული არ არის და არც სააღრიცხვო ბარათში ინახება სარგებლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. სააღრიცხვო ბარათის მე-3 გრაფაში აღნიშნულია, რომ №4 ოთახი წარმოადგენს იჯარის საგანს, მე-4 გრაფაში კი მეიჯარედ მითითებულია აფთიაქი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ქონება 1989 წლის დეკემბრამდე წარმოადგენდა უკანონო და უპროექტო მშენებლობას. მასზე 1989 წლის დეკემბერში შედგა ტექნიკური პასპორტი, რომელშიც აფთიაქზე გაქირავეული ოთახის მოსარგებლედ გ. ფ-ის ნაცვლად მიეთითა აფთიაქი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის, ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული. ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით. დადგენილია, რომ 1957 წლის 23 ნოემბრის სააღრიცხვო ბარათზე სახელმწიფოს უფლება არ იყო აღრიცხული და არც სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც გახდა 2011 წლის 3 თებერვლის ცნობა-დახასიათებიდან №4 ოთახის მესაკუთრედ სახელმწიფოს ამორიცხვის საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, 1957 წლის 23 ნოემბრის სააღრიცხვო ბარათში აღრიცხული, №4 ოთახზე აფთიაქის იჯარით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულია, რაც დასტურდება 1957 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით, რის გამოც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოსარგებლედ აფთიაქი არ უნდა იქნეს მითითებული.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №95670 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №ტტ2011029795-04 გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წელს 3 მაისს მომზადებული ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, ცნობა-დახასიათებაში №4 ოთახის მოსარგელბედ აფთიაქის ამორიცხვა და მის ნაცვლად გ. ფ-ის მითითება.
თბილისის საქალაქო სასამართლოა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირებად ჩაებნენ ზ. გ-ი, ც. ჟ-ე და ა. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონიომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №95670 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №ტტ2011029795-04 გადაწყვეტილება, რომლითაც მომზადდა ცნობა-დახასიათება და №4 ოთახის მოსარგებლე/თანამოსარგებლედ მიეთითა აფთიაქი; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ცნობა-დახასიათების მომზადება ქ. თბილისში, ... ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის მითითების გარეშე; მ. ფ-ის მოთხოვნა ცნობა-დახასიათებაში №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ნაცვლად გ. ფ-ის მითითების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 2011 წლის 4 თებერვლის ამონაწერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... (...)... №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (მესაკუთრეები: ზ. გ-ი - შენობა №I -ის მე-2 სართულიდან 78.90 კვ.მ. ფართი; ც. ჟ-ე -საერთო ფართი 29.09 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი ფართი 20.79 კვ.მ.; სახელმწიფო; ა. გ-ი – 64.41 კვ.მ., მ. ფ-ე - წილი გაურკვეველია). საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... (...) ქ. ..., №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2011 წლის 3 თებერვალს მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში №3 და №4 ოთახების მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად 1957 წლის 23 ივნისს გაცემული №010218 სააღრიცხვო ბარათი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 აპრილის №62673 გადაწვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სამსახურში არსებული საარქივო მასალების საფუძველზე ... (...) ქ. ... №...-შიმდებარე უძრავი ნივთის შესახებ ცნობა-დახასიათების მომზადება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №ტტ2011029795-04 გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2011 წლის 3 მაისს მომზადდა ცნობა-დახასიათება, რომელშიც №4 ოთახის მოსარგებლედ კვლავ აფთიაქი მიეთითა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და ცნობა-დახასიათებაში №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ნაცვლად გ. ფ-ის მითითების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო 1957 წლის №010218 სააღრიცხვო ბარათში №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის მითითების საფუძველი. ამასთან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის 2010 წლის 8 დეკემბრის №5/1-06/25 წერილისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... (...) ... №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის №4 ოთახში, რამდენიმე ათეული წელიწადია არ არის განთავსებული ,აფთიაქი.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის მითითება არ ასახავს რეალურ ვითარებას, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფცლებას და ინტერესს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა №4 ოთახზე მოსარგებლედ აფთიაქის ნაცვლად გ. ფ-ის მითითების ნაწილში და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციას სცილდება აღნიშნული საკითხი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ და ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და აფთიაქის მითითების გარეშე ცნობა-დახასიათების მომზადების დავალების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქაო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება მ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით სსიპ ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური ლიკვიდირებულ იქნა და სამსახურში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი არქივის სახით გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რის შესაბამისად, სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება გასცეს ინფორმაცია მხოლოდ სამსახურში არსებული საარქივო მასალების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით. 1957 წლის 23 ნოემბრის №010218 სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ნივთის მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ: გ. ფ-ე, გ. გ-ი, ვ. ს-ე, ... ქარხანა და აფთიაქი. ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ ინახება №010218 სააღრიცხვო ბარათისაგან განსხვავებული დოკუმენტაცია, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას გასცემს მხოლოდ სამსახურში არსებული საარქივო მასალების საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 მაისს მომზადებული ცნობა-დახასიათება სრულად ასახავდა ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე სამსახურში დაცულ დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედდა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
კასატორის განმარტებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება არ შეესაბამებოდა ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეალურად არსებულ 1957 წლის 23 ნოემბერს შედგენილ №010218 სააღრიცხვო ბარათის მონაცემებს. კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, დედნის სახით არსებული დოკუმენტაციის გაცნობისა და შესწავლის შედეგად, ცხადი გახდა, რომ 2011 წლის 3 თებერვალს მომზადებული ცნობა-დახასიათება არ იყო მომზადებული სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეალურად არსებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და იგი არ გამოხატავდა ქ. თბილისში, ... ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების რეალურ მონაცემებს.
კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ ... გ. დ-ე იყო სადავო ოთახის დამქირავებელი და არა მესაკუთრე, დასტურდებოდა საქმეში არსებული მასალებით. სადავო ოთახი ეკუთვნოდა აწ. გარდაცვლილ გ. ფ-ეს, რომელმაც 1957 წლის 20 სექტემბერს გააქირავა ... გ. დ-ეზე.
კასატორმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა საკასაციო განაცხადი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №95670, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და 2011 წლის 3 მაისის ცნობა-დახასიათებიდან ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ამორიცხვის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 24 იანვარს მოსარჩელე მ. ფ-ის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 3 თებერვალს მომზადდა ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების შესახებ ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, მითითებულ მისამართზე მდებარე, 485კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ: მოსარჩელის მამა - გ. ფ-ე, გ. გ-ი, ვ. ს-ე, ხოლო №3 და №4 ოთახები აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებად, ამასთან, №3 ოთახის მოსარგებლედ მითითებული იყო ... ქარხანა, ხოლო №4 ოთახის მოსარგებლედ - აფთიაქი. ცნობა-დახასიათებაში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო 1957 წლის 23 ივნისის №010218 სააღრიცხვო ბარათი. გარდა აღნიშნულისა, მ. ფ-ის მიმართვების საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს გაცემული იყო ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელთა თანახმად, რიგ შემთხვევაში №4 ოთახის მოსარგებლედ მხოლოდ აფთიაქი იყო მითითებული, ხოლო რიგ შემთხვევებში მესაკუთრედ - სახელმწიფო, მოსარგებლედ კი - აფთიაქი. 2011 წლის 4 თებერვალს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ქონება მ. ფ-ის, ზ. გ-ის, ც. ჟ-ისა და სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა. მ. ფ-ემ არასწორად მიიჩნია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია, რამდენადაც ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ 1924 წელს აშენებული იყო მისი მამის - გ. ფ-ის მიერ, მამის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო მემკვიდრეობა, №4 ოთახი მხოლოდ 1957 წლის 20 სექტემბრის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით ჰქონდა გადაცემული ... გ. დ-ეს, რომელიც სულ რამოდენიმე წელი ფუნქციონირებდა მითითებულ მისამართზე. დღეის მდგომარეობით კი №4 ოთახი მ. ფ-ესა და მის ოჯახს ჰქონდა დაკავებული. შესაბამისად, მ. ფ-ემ მიიჩნია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს საარქივო მასალების საფუძველზე გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არ უნდა მიეთითებინა №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქი, ხოლო მესაკუთრედ სახელმწიფო და განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2011 წლის 3 თებერვალს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში დაშვებული შეცდომის გასწორებისა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში დაცული 1957 წლის 23 ნოემბრის №010218 სააღრიცხვო ბარათთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რამდენადაც სახლის აღრიცხვა მოხდა 1957 წლის 23 ნოემბერს, როდესაც შედგა №010218 სააღრიცხვო ბარათი, ხოლო 1957 წლის 23 ივნისის თარიღით სააღრიცხვო ბარათი არ შემდგარა და ასეთი არც საარქივო მასალებში იყო დაცული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 თებერვლის №22238 გადაწყვეტილებით მ. ფ-ის განცხადება 2011 წლის 3 თებერვლის ცნობა-დახასიათებაში არსებული უზუსტობის შესწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ცნობა-დახასიათება ზუსტად შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტებს. მითითებული გადაწყვეტილება მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 აპრილის №62673 გადაწყვეტილებით და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სამსახურში არსებული საარქივო მასალების საფუძველზე ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ ცნობა-დახასიათების მომზადება, რამდენადაც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ №3 და №4 ოთახების მესაკუთრედ სახელმწიფოს მითითება უძრავ ნივთთან დაკავშირებით ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის მოტივით კანონსაწინააღმდეგო იყო. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადდა ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, ამოირიცხა №4 ოთახზე სახელმწიფო საკუთრება, ხოლო მის მოსარგებლედ კვლავ მიეთითა აფთიაქი. მ. ფ-ემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობა-დახასიათება კვლავ შეიცავდა არასწორ მონაცემებს, რის გამოც ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა ხავეზის გასწორების შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა და 2011 წლის 3 მაისის ცნობა-დახასიათებაში შესწორების იმგვარად შეტანა, რომ №4 ოთახის მოსარგებლედ ნაცვლად აფთიაქისა მითითებული იქნებოდა გ. ფ-ე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ. ფ-ე სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №95670, ცნობა-დახასიათებაში უსწორობის ნაწილობრივ გასწორების შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და 2011 წლის 3 მაისის ცნობა-დახასიათებიდან ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ამორიცხვის და გ. ფ-ის მითითების სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალებას ითხოვდა.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სადავოდ არ გაუხდია მ. ფ-ეს და სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრდა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში და სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მოთხოვნების ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №95670, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და 2011 წლის 3 მაისის ცნობა-დახასიათებიდან ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ამორიცხვის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალდებას ითხოვდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ავჭალის სადაბო საბჭოს თავმჯდომარის 1960 წლის 5 მარტის ცნობის თანახმად, გ. ფ-ეს დაბა ავჭალაში ჰქონდა 1924 წელს აშენებული საკუთარი საცოხვრებელი სახლი. 1957 წლის 20 სექტემბერს გ. ფ-ესა და მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ავჭალის აფთიაქის მმართველს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გ. ფ-ემ მიაქირავა მისი კუთვნილი, დაბა ავჭალაში, ... №...-ში მდენარე, ქუჩის პირას, სახლის პირველ სართულზე არსებული 35კვ.მ ოთახი. დამქირავებელმა იკისრა ვალდებულება შესაფერის ფართში აფთიაქის გადასვლისას გაეთავისუფლებინა აღნიშნული ოთახი. დაბა ავჭალაში, ... №...-ში მდენარე უძრავი ქონების ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვა მოხდა 1957 წლის 23 ნოემბერს როგორც უპროექტო და უნებართვო სახლი და გაიხსნა სააღრიცხვო ბარათი №010218, რომლის მიხედვით, სახლის მფლობელებად მითითებული იყვნენ გ. ფ-ე, გ. გ-ი, ვ. ს-ე, ხოლო №3 და №4 ოთახების მოსარგებლეებად - ... ქარხანა და აფთიაქი.
გ. ფ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა – მ. ფ-ემ მიიღო მემკვიდრეობა, მათ შორის ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...ში მდებარე უძრავი ქონების კუთვნილი წილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო №4 ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის ნაცვლად გ. ფ-ის მითითების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტექბიუროში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი გადაეცა არქივის სახით, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო ინფორმაცია გაეცა მხოლოდ სამსახურში არსებული საარქივო მასალების საფუძველზე. ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ ინახებოდა სააღრიცხვო ბარათისაგან განსხვავებული დოკუმენტაცია, მათ შორის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად წარადგინა მ. ფ-ემ, ხოლო სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ გ. ფ-ე, გ. გ-ი, ვ. ს-ე, ... ქარხანა და აფთიაქი. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 მაისს გაცემული ცნობა-დახასიათება სრულად ასახავდა მითითებულ უძრავ ნივთზე სამსახურში დაცულ დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ცნობა-დახასიათებაში უსწორობის გასწორებისა და ინფორმაციის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენდა სარეგისტრაციო ფურცელს, რომელიც დგებოდა თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავდა ინფორმაციას ამ ნაკვეთისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები წარმოადგენდა ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახური ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით და ამ სამსახურში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში აღრიცხული უძრავი ნივთების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯარო რეესტრის სამსახურების მიერ ინფორმაციის გაცემისას მხოლოდ არქივში არსებული მონაცემების ტექნიკურ გადმოტანას, არსებული მასალების ურთიერთშესაბამისობისა და მონაცემების დამუშავების გარეშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ინფორმაციის მომზადებისას თავად დაადგინოს გარკვეული მონაცემები, კერძოდ, თუ ტექნიკური აღირცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, იგი თავად ადგენს ფართობს და საზღვარს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით; მას შეუძლია დაამოწმოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სათანადო წესით, თუ ისინი ინახება დაუმოწმებელი სახით; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე სააღრიცხვო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ის სააღრიცხვო გეგმა, რომელიც შეესაბამება ამ უძრავ ნივთზე არქივში დაცულ ბოლო მდგომარეობას; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე, ასეთ შემთხვევაში ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონშეუსაბამოა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება არსებული მდგომარეობისა და მონაცემების გაუთვალისწინებლობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის ხელახლა განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, სადავო საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის გარემოებებისა და არსებული მასალების სათანადო გამოკვლევის შედეგად და იმსჯელოს არსებობდა თუ არა სადავო ფართის მოსარგებლედ აფთიაქის მითითების საფუძველი, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი 1957 წლის 20 სექტემბრის ქირავნობის ხელშეკრულებით ფართი დროებით ჰქონდა გადაცემული ... გ. დ-ეს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ 2010 წლის 2 და 8 დეკემბრის №5/1-06/25 და 5/1-06/24 წერილების თანახმად, საქართველოს საწარმოეთა და ორგანიზაციათა ერთიან სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში სააფთიაქო სამმართველოს ავჭალის სახელმწიფო აფთიაქის შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ ყველა დოკუმენტისა და მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და განახორციელოს ცვლილება 2011 წლის 3 მაისს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში, მით უფრო იმ პირობებში, რომდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამოირიცხა სადავო №4 ოთახზე სახელმწიფო საკუთრება, რამდენადაც არ არსებობდა სახელმწიფოს საკუთრებად ფართის აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ასევე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა აფთიაქის სადავო ფართის მოსარგებლედ მითითების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემებით უძრავ ნივთზე აღრიცხული სარგებლობის უფლება ძალადაკარგულია, მაშინ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ ინფორმაციის გაცემისას აღნიშნული უფელბა არ მიეთითება, ხოლო მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ტექნიკური აღირცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ ქირავნობის ხელშეკრულების, 1957 წლის 23 ნოემბრის №010218 სააღრიცხვო ბარათისა და სხვა მასალების სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება, რაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი ინფორმაციას გასცემდა არქივში დაცული დოკუმენტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს სადავო საკითხი, ვინაიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, აღნიშნული ინფორმაციის გაცემა გულისხმობს საარქივო მასალების დამუშავებას, ურთიერთშეჯერებას არსებულ დოკუმენტებთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №ტტ2011029795-04 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №95670 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მიიღოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ... (...) ქ. ... №...-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ ცნობა-დახასიათებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ლ. მურუსიძე