Facebook Twitter

№ბს-647-634(კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. და ნ. ვ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 19 სექტემბერს თ. და ნ. ვ-ეებმა სარჩელი აღძრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის, თ. კ-ის, ასევე გ. და დ. ა-ეების მიმართ. მოსარჩელეებმა მესამე პირებად მიუთითეს ა. ჭ-ი, გ. გ-ა, პ. თ-ე, დ. ს-ე, ქ. მ-ი, ს. ს-ე, რ. ხ-ი და რ. გ-ი.

მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 22 აგვისტოს №325 ბრძანების, 2000 წლის 21 მაისის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისა და ქ. თბილისის არქმშენინსპექციის მიერ 2000 წლის 22 აგვისტოს გაცემული მშენებლობის №235 ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. და ნ. ვ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ. ვ-ეებმა, რომლებმაც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. და ნ. ვ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 22 აგვისტოს №325 ბრძანება, 2000 წლის 21 მაისის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და ქ. თბილისის არქმშენინსპექციის მიერ 2000 წლის 22 აგვისტოს გაცემული მშენებლობის №235 ნებართვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-ემ, გ. და დ. ა-ეებმა, რომლებმაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 მაისის განჩინებით გ. და დ. ა-ეების ნაწილში საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა მათ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ხოლო ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფლებამონაცვლედ - ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ჩ-ე, თ. ო-ა და ხ. გ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით მესამე პირის - ს. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი შვილი - გ. ს-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და შეწდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. და ნ. ვ-ეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი თ. ვ-ის ნაწილში დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისში, ... ქ. №4ა-ს მაცხოვრებლები: ნ. ხ-ი, ნ. ს-ე, ნ. ყ-ი, თ. გ-ა, მ. ზ-ი, ლ. ხ-ა, ა. თ-ი, ნ. ხ-ი, ნ. ჯ-ი, ლ. ყ-ი, სს „...“, ტ. ს-ე, მ. ს-ე, მ. ე-ე, მ. ა-ე, ო. ჯ-ი, ნ. გ-ი, ვ. ს-ე, ლ. ლ-ა, ვ. თ-ე, მ. ხ-ი, გ. მ-ა, ი. ო-ო, გ. ხ-ი, ა. მ-ი, დ. ღ-ი, გ. კ-ე, რ. კ-ი, მ. ქ-ი, კ. ს-ე და თ. ს-ე.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხე თ. კ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაებნენ თ. ჩ-ე და თ. ო-ა, რამდენადაც 2000 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, ამ უკანასკნელებმა ქ. თბილისში, ... ქ. №4ა-ში მდებარე ბინა №14, მშენებლობის პროცესში არსებული სართული და მანსარდაზე მშენებლობის ნებართვის უფლება შეიძინეს თ. კ-ისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ. ვ-ძის სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. და თ. ვ-ეების წარმომადგენელმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით ნ. და თ. ვ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ. ვ-ეებმა, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. და ნ. ვ-ეების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, თ. და ნ. ვ-ეების საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ თ. და ნ. ვ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოსარჩელეების – ქ. თბილისში, ... ქ. №4ა-ში მდებარე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრეთა სარჩელის მიზანს – ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ქ. თბილისში, ... ქ. №4ა-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე სართულისა და მანსარდის დაშენების პროექტის შეთანხმების თაობაზე, ასევე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და მშენებლობის ნებართვა, წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის მდგრადობისათვის შესაძლო ზიანის თავიდან აცილება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას უნდა შეფასდეს არა მარტო მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან ფორმალური თვალსაზრისით, არამედ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სწორედ აღმჭურველი აქტებით დაცული უფლებისა და ამ აქტების გაბათილებით მიყენებულ ზიანის შეპირისპირება. შესაბამისად, აქტების მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის ზედმიწევნით შემოწმებისა და მათი უკანონოდ მიჩნევის პირობებში არსებითია მიღწეულ იქნება თუ არა სარჩელის მიზანი – საცხოვრებელი სახლის მდგრადობა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნებში ექსპერტები უთითებენ დაშენებული ნაწილის დანგრევისა და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზანშეუწონლობაზე. საკასაციო სასამართლო თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს ამ მიმართებით საკასაციო პრეტენზიას, რომ დემონტაჟის მიზანშეწონილობის საკითხი გავლენას არ უნდა ახდენდეს 13 (ცამეტი) წლის წინ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე, მით უფრო, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს თუნდაც უკანონო აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობას, თუ არსებითად არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და არც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს თ. და ნ. ვ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. და ნ. ვ-ეების სახელით მათი წარმომადგენლის – მიხეილ სარჯველაძის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 3 ოქტომბერს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. და ნ. ვ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინება;

3. კასატორების - თ. და ნ. ვ-ეების წარმომადგენელს – მ. ს-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე