#ბს-718-703(კ-12) 17 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 20 იანვარს რ. ფ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ამავე დეაპრტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების 2010 წლის 14 ნოემბრის დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ასევე სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით რ. ფ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით რ. ფ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულების ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხეები – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და ამავე დეაპრტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილება შეიცვალნენ სათანადო მოპასუხით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი და საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ-ემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების 2010 წლის 14 ნოემბრის დადგენილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე