საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹ბს-777-761(კ-12) 25 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ა. მ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 1052,45 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ა. მ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 1052,45 ლარის გადახდის ქვითარი, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა. მ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 2012 წლის 14 დეკემბერის განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხის ნაწილის გადახდის ვადის 2013 წლის 10 იანვრამდე გაგრძელება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, ა. მ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 952,45 (ცხრაასორმოცდათორმეტი ლარისა და ორმოცდახუთი თეთრის) ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში წარმოდგენილი კასატორის მიერ ხელმოწერილი გზავნილით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ა. მ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... მასივი, მე-... მ/რ, კორპ. 8, ბ. 67) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გაეგზავნა 2012 წლის 27 დეკემბერს, რომელიც აღნიშნული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2012 წლის 28 დეკემბერს ჩაბარდა პირადად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 29 დეკემბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 7 იანვარს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო კასატორ ა. მ-ს განუმარტავს, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2013 წლის 7 იანვარს ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უქმე დღე, შესაბამისად ხარვეზის გამოსწორების ვადამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაიწია 2013 წლის 8 იანვარს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის ა. მ-ის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ა. მ-ს 2012 წლის 13 დეკემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 100 (ასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებაზე;
2. ა. მ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 13 დეკემბერს #1 საგადახდო დავალებით (პირადი #...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე