Facebook Twitter

№ბს-786-770(კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 17 მარტს ა. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით დანიშნული სარჩოს გადახდის დაკისრება მოითხოვა: 2001 წლიდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული დავალიანების - 1006.25 ლარის, 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე – 33072 ლარის, 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის მაისის ჩათვლით - 9360 ლარის და 2012 წლის ივნისიდან ყოველთვიურად სამისდღემშიოდ – 624 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელე ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2001-2006 წლებში არსებული ძველი დავალიანების (1006, 25ლარის) და 2006 წლის 1 ოქტომბრიდან - 2007 წლის 17 აგვისტომდე არსებული ყოველთვიური სარჩოს დავალიანების გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, სამისდემშიოდ სარჩოს გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სარჩოს გადახდის დაკისრება სამისდღემშიოდ 2007 წლის 17 აგვისტოდან ყოველთვიურად – 624 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩვარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. მ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (10.04.09წ. განჩინება საქმე №ბს-943-907(კ-08); 11.03.10წ. განჩინება საქმე №ბს-55-54(კ-10).

ამასთან, ა. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე