№ბს-796-780(კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 16 აგვისტოს ს. ე-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 28 ივნისის №570 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებისათვის მისი კუთვნილი ქონებიდან გ. ა-ისა და ო. ბ-ის გამოსახლების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ა-ი და ო. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეზე – ქ. თბილისში, ... 39-ში მდებარე უძრავ ნივთზე გ. ა-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ს. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 28 ივნისის №570 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ 2010 წლის 4 ივნისს გაცემული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხეკლშეშლის აღკვეთის შესახებ“ №190818 და №190866 გაფრთხილებები ხელმყოფების - გ. ა-ის და ო. ბ-ის მიმართ, ქ. თბილისში, ... გამზ. №30-ში მდებარე, მასარჩელის საკუთრებაში არსებულ სარდაფზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მიზნით; ბათილად ცნობილი აქტების მოქმედება შეწყდა მისი ძალაში შესვლის დღიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას დაევალა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განეხორციელებინა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები გ. ა-ის და ო. ბ-ის მიმართ, ს. ე-ის საკუთრებაში არსებულ სარდაფზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მიზნით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იმყოფებოდა სამოქალაქო საქმე ქ. თბილისში, ... გამზ. №30-ში მდებარე სარდაფის ნაწილის გ. ა-ის სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა მიენიჭებოდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს საოქმო განჩინებით შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა. კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ა-ის საკასაციო საჩივარს, აღძრულ შუამდგომლობას საქმის წარმოებაში შეჩერების შესახებ, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ გ. ა-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სერვიტუტით უძრავი ქონების დატვირთვის შესახებ სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების პროცესუალური წინაპირობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს არ გადაწყვიტოს მის წარმოებაში არსებული დავა, თუ მისი გადაწყვეტა უშუალოდაა დაკავშირებული სხვა საქმის გადაწყვეტაზე და მის დასრულებამდე დავის გადაწყვეტა შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო წინაპირობა არ არსებობს, რამდენადაც ამ დავის ფარგლებში სასამართლოს განსჯის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის უფლების დაცვა, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება დავა სარდაფის ნაწილის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ და არა სარდაფზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული სამოქალაქო დავის გადაწყვეტა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას, მით უფრო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას დაევალა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება გ. ა-ისა და ო. ბ-ის მიმართ, ს. ე-ის საკუთრებაში არსებულ სარდაფზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მიზნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი _ გ. ა-ი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, გ. ა-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ა-ის სახელით მ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 5 ოქტომბერს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს - გ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინება;
4. კასატორს - გ. ა-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით მ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე