საქმე #ბს-805-789(კ-12) 29 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე რ. კ-ისა და გ. ტ-ის სარჩელისა გამო საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. კ-ემ და გ. ტ-ემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების რ. კ-ის სასარგებლოდ - 874,55 ლარის, ხოლო გ. ტ-ის სასარგებლოდ - 807,74 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-11).
მოპასუხე საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ (ბათუმი) შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 21-28).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით რ. კ-ისა და გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვს დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით (თანამდებობრივი სარგო, წოდებაზე დანამატი) - 463.65 ლარის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გათვალისიწინებით, ხოლო გ. ტ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის სახით (თანამდებობრივი სარგო, წოდებაზე დანამატი და სპეცდანამატი მაღალმთიანი ზონისთვის) - 512,82 ლარის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გათვალისიწინებით ანაზღაურება, მოსარჩელეებს კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ეთქვათ უარი (იხ. ს.ფ. 48-54).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ (ბათუმი) და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 60-69).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 94-102).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 (ბათუმის) სამმართველომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის კვების კომპენსაციის, წოდებრივი სარგოსა და სპეც. დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით, ხოლო შემდეგ დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 107-114; 125-133).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 (ბათუმი) სამმართველოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 135-136).
მხარეებს მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-347-344(კ-11) ვ.ჩ-ას, გ. პ-ასა და რ. ქ-ის საკასაციო საჩივრისა გამო საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე