საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-813-797(k-12) 11 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.12წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.12.11წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. განჩინებით კასატორს – მ. მ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. მ. მ-მა 04.12.12წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენისათვის 21.11.12წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი 7 დღიანი ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2011 წ. განჩინებით კასატორის – მ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით. დადგენილ ვადაში მ.მატევოსიანმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2012წ. განჩინებით კასატორს – მ. მ-ს გაუგრძელდა რა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადა, დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას დროის სიმცირისა და მცირე განათლების გამო დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარმოდგენის შეუძლებლობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. მ-ს ჰყავს ადვოკატი - მ. მ-ი, რომელიც მას წარმოადგენდა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ამასთან, მ. მ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.12წ. განჩინების გასაჩივრებისთვის ჰქონდა 21 დღე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. განჩინებით დამატებით განესაზღვრა 7 დღე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად. ამასთან, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.12.2012 წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც კასატორმა არც საპროცესო კანონმდებლობით და არც საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არ წარმოადგინა სსსკ-ის 396.1. მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე