საქმე #ბს-833-817(კ-12) 29 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ისა და ი.ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ისა და ი.ჩ-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. ყ-ის მიმართ, მესამე პირის - შპს ,,...“ მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ჩ-მა, დ. ჩ-მა, ა. ქ-მა და ი.ჩ-მა სარჩელი აღძრეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. ყ-ის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება და საკუთრების უფლების აღიარება (იხ. ს.ფ. 1-13. ტ.1).
შესაგებლით მოპასუხე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მესამე პირმა - შპს ,,...“ დირექტორმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ.102-112; 113-121.ტ.1).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 190-204. ტ.1).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მა, დ. ჩ-მა, ა. ქ-მა და ი.ჩ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 224-234. ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 13-21. ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 39-54. ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენელმა ა. ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 63-71.ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 103-104; ტ.2).
მხარეებს მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის - მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, კასატორებს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი; კერძოდ: ა. ქ-ს დაუბრუნდეს ი.ჩ-ის მიერ 2012 წლის 1 ნოემბრის საგადასახადო დავალებით №5050371008 გადახდილი 100 ლარის 70% - 70 ლარი, მის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს საგადასახადო დავალებით №129351 გადახდილი 200 ლარის 70% - 140 ლარი; მ. ჩ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 1 ნოემბრის საგადასახადო დავალებით №5050370288 გადახდილი 100 ლარის 70 % - 70 ლარი, მის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს საგადასახადო დავალებით №129237 გადახდილი 200 ლარის 70% - 140 ლარი; ი.ჩ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 1 ნოემბრის საგადასახადო დავალებით №5050370731 გადახდილი 100 ლარის 70 % - 70 ლარი, მის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს საგადასახადო დავალებით №129336 გადახდილი 200 ლარის 70% - 140 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორებს: ა. ქ-ს დაუბრუნდეს ი.ჩ-ის მიერ 2012 წლის 1 ნოემბრის საგადასახადო დავალებით №5050371008 გადახდილი 100 ლარის 70% - 70 ლარი, მის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს საგადასახადო დავალებით №129351 გადახდილი 200 ლარის 70% - 140 ლარი; მ. ჩ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 1 ნოემბრის საგადასახადო დავალებით №5050370288 გადახდილი 100 ლარის 70 % - 70 ლარი, მის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს საგადასახადო დავალებით №129237 გადახდილი 200 ლარის 70% - 140 ლარი; ი.ჩ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 1 ნოემბრის საგადასახადო დავალებით №5050370731 გადახდილი 100 ლარის 70 % - 70 ლარი, მის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს საგადასახადო დავალებით №129336 გადახდილი 200 ლარის 70% - 140 ლარი.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის ნათია წკეპლაძის
გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საკასაციო პალატამ, 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით განიხილა მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე და საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 247-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით - არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მიმაჩნია, რომ მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს არგუმენტაციას პროცესუალური კასაციის წინაპირობების თაობაზე.
მიმაჩნია, რომ მოცემული კასაციის დასაშვებობის შემთხვევაში მათი განხილვის პირობებში, შესაძლებელია საკასაციო სასამართლო მისულიყო სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებამდე და დასკვნამდე, რისი თეორიული შესაძლებლობა საკასაციო საჩივრის არდაშვების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშმულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მ. ჩ-ის, დ. ჩ-ის, ა. ქ-ის და ი.ჩ-ის წარმომადგენლის ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
მოსამართლე ნ. წკეპლაძე
29.01.13 წ.