საქმე#ბს-871-853(2კ-12) 29 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. კ-ისა და ნ. რ-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. კ-ემ და ნ. რ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ტ.1 ს.ფ. 2-3).
მოპასუხეებმა ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1 ს.ფ. 229-236).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. კ-ის და ნ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2012 წლის 6 აპრილის №12/49275-24 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 21 ივნისის №1610 განკარგულება (იხ. ტ.1 ს.ფ. 327-336).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ და ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ტ.1 ს.ფ. 155-365).
სააპელაციო შესაგებლით ზ. კ-ემ და ნ. რ-მა - ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ტ.2 ს.ფ. 21-35).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ტ.2 ს.ფ. 54-64).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერიამ და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 69-87).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 90-91; ტ.2).
მოწინააღმედე მხარემ - ზ. კ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 96-97; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ არაერთგზის არის გამოყენებული ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-680-674(კ-11) ლ. ა-ის საკასაციო საჩივრისა გამო მოწინააღმდეგე მხარეების - ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია მითითებულ გადაწყვეტილებაში სადავო საკითხზე ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში განმარტებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე მართებულობის სამართლებრივი შეფასებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის
გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე