საქმე #ბს-875-857(კ-12) 29 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ქალაქ თბილისის მერიის სარჩელისა გამო მოპასუხეების - მ. ც-ისა და შპს „...“ მიმართ)
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების შპს „...“ და მ. ც-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს „...“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაკისრებოდა - 38784,42 ლარის, ხოლო მ. ც-ს - 6927,78 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1).
მოპასუხე - მ. ც-მა შესაგებლით ქ. თბილისის მერიის სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 78-86; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა - 38784,42 ლარის, ხოლო მ. ც-ს - 6927,78 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 114-120; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ - 6927,78 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 130-139; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით ქალაქ თბილისის მერიამ - სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 18-24; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 37-44; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 49-56; ტ.2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით მ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოსა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 111-118; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მერიის სარჩელი მ. ც-ისათვის 6927,78 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 24-32; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ის წარმომადგენლის ს. ლ-ის განცხადება წარმომადგენლის სასარგებლოდ გაწეული ხარჯების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 აპრილის №3/1237-11 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებქა და ყადაღა მოეხსნა მოპასუხე მ. ც-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, კერძოდ: მშენებარე ბინას, მდებარე: თბილისი, ქუჩა ..., მე-2 შესახვევი №5 საკადასტრო კოდი:01.15.03.10.075.02.552 (იხ. ს.ფ. 34-37; ტ.3)
სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ.ს.ფ. 49-56; ტ.3).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 60-61; ტ.3).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მ. ც-მა მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 65-67; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: ო
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის მერიის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე