Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ბს-889-871(კ-12) 30 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს „…“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „…“ დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას და სათანადო წესით შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ დასტურებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იასნვრის ხარვეზის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე 2013 წლის 9 იანვარს გაეგზავნა შპს „…“ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ... ქ. #48), რომელიც ადრესატს 2013 წლის 11 იანვარს ჩაბარდა (ს.ფ. 159). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 12 იანვარს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 16 იანვარს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის შპს „…“ მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს „…“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე