საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-37-ს-13 18 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ს. ყ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე.
ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. ყ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... ქ. №26-ში მდებარე საუწყებო ფონდის სახლში ს. ყ-ის ბინის ზემოთ განლაგებულ სხვენ-სართულს (მანსარდას), №2/425 საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 13 იანვარს, რომლითაც ს. ყ-ის სარჩელი მოპასუხეების – ა. შ-ის, მ. მ-ის და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, მესამე პირი – ნ. მ-ა, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინებით.
2012 წლის 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. შ-ა (ა. შ-ის მემკვიდრის – ე. კ-ის წარმომადგენელი) და ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის იმ მოტივით მოხსნა მოითხოვა, რომ დავა რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, საბოლოოდ დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ს. ყ-ის სარჩელის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული ღონისძიება: ყადაღისაგან განთავისუფლდა ქ. თბილისში, ... ქ. №26-ში მდებარე საუწყებო ფონდის სახლში ს. ყ-ის ბინის ზემოთ განლაგებული სხვენ-სართული (მანსარდა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ყადაღის ძალაში დატოვება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოში სადავო ფართზე ყადაღის მოხსნის თაობაზე განცხადება შეიტანა არასათანადო პირმა - ე. კ-მა გ. შ-ის მეშვეობით, რის გამოც მათ არ ჰქონდათ სადავო ფართზე ყადაღის მოხსნაზე მოთხოვნის დაყენების უფლება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მისი ბინის თავზე განლაგებული 38.94 კვ.მ. სხვენ-სართულის (მანსარდის) ფართი არ შედიოდა ა. შ-ის საკუთრებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ს. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ს. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. აღნიშნული საჩივარი განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ყ-ის საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ს. ყ-ის საჩივარი შეტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც ს. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ შედის ს. ყ-ის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ყ-ის საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს ს. ყ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე