Facebook Twitter

#ბს-742-726(კს-12) 24 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 27 აპრილს გ. კ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №001512 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 20 მარტის №638 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადაუხდელობის გამო აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი.

2012 წლის 16 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. კ-ემ, რომელმაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ან ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა და არ გააჩნია ფინანსური სახსრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აპელანტ გ. კ-ის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

2012 წლის 14 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. კ-ემ, რომელმაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განჩინებით აპელანტ გ. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით გ. კ-ეს გაუგრძელდა 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა 3 დღით.

2012 წლის 23 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს კვლავ შუამდგომლობით მიმართა გ. კ-ემ, რომელმაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის 3 ნაწილად განaწილვადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებებით აპელანტს არაერთხელ ეთქვა უარის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე და სასამართლოს მითითების მიუხედავად, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და არ აქვს ფინანსური სახსრები. სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 150 ლარი მისი ყოველთვიური შემოსავლის ტოლფასია და მის ფინანსურ სახსრებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველობა უარყოფითად აისახება მის მდგომარეობაზე, რამდენადაც დაკისრებული ჯარიმის – 3000 ლარის გადახდა მას არ შეუძლია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ეს კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე და წარმოდგენილი კერძო საჩივარი მიებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით აპელანტს – გ. კ-ეს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აპელანტმა 16.07.12წ. 14.08.12წ. 23.08.12წ. განცხადებებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, განაწილვადების ან შემცირების თხოვნით. შუამდგომლობის დასასაბუთებლად აპელანტმა მხოლოდ ზოგადად მიუთითა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულების წარდგენის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს ან შეუმციროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა. გ. კ-ის შუამდგომლობისა და საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან წარდგენილი არ იყო უტყუარი, უფრო მეტიც, აპელანტს საერთოდ არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მართებულად დარჩა განუხილველად გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადან არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების პროცესუალური წინაპირობა, ხოლო სახელმწიფო ბაჟი აპელანტს არ გადაუხდია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ-ემ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. კ-ეს მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება;

3. გ. კ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე