Facebook Twitter

საქმე ¹ბს-745-729(კს-12) 23 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ დ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის კახეთის სამხარეო სამმართველო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

მესამე პირი - შ. ზ-ი.

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-მა 22.03.2012წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის კახეთის სამმართველოს მიმართ მოპასუხის 15.12.2011 წ. მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 17.02.2012წ. ბრძანების, ასევე შ.ზ-ის სახელზე 18.12.2006წ. გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №177 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თელავის რაიონული სასამართლოს 15.05.2012წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შ. ზ-ი.

ქ. თელავის რაიონული სასამართლოს 05.07.2012წ. გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც თელავის რაიონული სასამართლოს 05.07.2012წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.08.2012წ. განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 05.07.2012წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.08.12წ. განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაიგზავნა დ. გ-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე და ჩაბარდა მის მეუღლეს - ქ. დ-ს. სააპელაციო პალატის მითითებით სააპელაციო საჩივრის ავტორს 10.08.12წ. განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად, მაგრამ მის მიერ ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.08.2012წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-მა. საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეში არსებულ დოკუმენტზე გაკეთებული ხელმოწერა მის მეუღლეს - ქ. დ-ს არ ეკუთვნის. შესაბამისად, მას ხარვეზის განჩინება სასამართლოსგან არ მიუღია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ოჯახის ქმედუნარიანი წევრის მიერ სასამართლოს გზავნილის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. სააპელაციო სასამართლოს 10.08.12წ. განჩინება, ხარვეზის დადგენის შესახებ გაიგზავნა დ. გ-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე და ჩაბარდა მის მეუღლეს - ქ. დ-ს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ. შპს ,,....” 25.01.13წ. წერილით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.08.12წ. განჩინება ჩაბარდა ადრესატის – დ. გ-ის მეუღლეს – ქ. დ-ს, რომლის რეკვიზიტების შევსება მოხდა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,შპს ,,...“ მიერ საფოსტო ან საკურიერო მომსახურების განხორციელებისას ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 22.03.12წ. #234 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის თანახმად, შპს ,,...“ მიერ საფოსტო ან საკურიერო გზავნილის (წერილი, შეტყობინება, სასამართლო უწყება, ამანათი, ბანდეროლი, ფულადი გზავნილი და სხვ.) მიღების, გაგზავნის, ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თაობაზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული, ჩაბარებული ან/და შენახული ელექტრონული დოკუმენტი, ითვლება იურიდიული ძალის მქონედ, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ელექტრონული ხელმოწერა ან/და ჩანაწერი, ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ან/და ჩანაწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის საწინააღმდეგო მტკიცებულება, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ქ. დ-ის გზავნილზე ხელმოწერის ნამდვილობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. გ-მა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსო მისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთანავე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს მხარის მიერ უწყების ჩაბარების ფაქტს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.08.12წ. განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.08.12წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე